მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც უკრაინაში რუსეთის იმპერიალისტურ შეჭრამდე იყო და კრიტიკული თეორიაც ვეღარ იაზროვნებს იმ კატეგორიებით, იმ თეორიული ჩარჩოთი, რომლითაც იქამდე აზროვნებდა.
რატომ განვიხილავთ ამ თემას?
ეს უსამართლო ომი, რომელიც რუსეთმა, ჩვენს სამეზობლოში და ჩვენს წინააღმდეგ, გააჩაღა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებულ თეორიულ დებატებს ანალიზისთვის ჩაგვრის კონკრეტულ, თანამედროვე მაგალითებს აძლევს. სიბრმავეა მისი ვერ დანახვა და სიჯიუტე უგულებელყოფა, თუმცა კრიტიკული სკოლის ზოგიერთი წარომადგენელი ამ ხაფანგში გაება.
ქართული მეინსტრიმული წყაროები სიამოვნებით ავრცელებენ იმ თეორიულ შეცდომებს, რასაც კრიტიკული სკოლის წარმომადგენელთა ნაწილი უშვებს. ასე განზრახ მოქმედებენ. საკუთარი ნეოლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დაუხატონ სურათი, რომელშიც კრიტიკულ აზრს არსებულ ვითარებაში გარკვევის არ შეუძლია, სადაც ის ძველი, გამოუსადეგარი ინსტრუმენტების მორგებას ცდილობს ახალი სიტუაციისთვის, და რა გასაკვირია, რომ მარცხდება.
სინამდვილეში კი ვითარება ასეთია: კრიტიკული თეორიის მიმდევრებს შორის ორი პოზიცია გამოიკვეთა. პირველი უთანაგრძნობს უკრაინას, მაგრამ წირავს მას, მეორე კი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
ჩვენი კომენტარი:
მემარცხენე ინტელექტუალების პირველმა ნაწილმა საკუთარი იდეოლოგიური სიხისტის, რეგიონის შესახებ მწირი ცოდნის, რიტორიკაში მემარჯვენე კატეგორიების შემოტანის, უკრაინელი ხალხის უგულებელყოფის შედეგად, დაკარგა რეალობის გაგების შესაძლებლობა. მათი ანალიზი უკრაინის ომის შესახებ არასანდო და ზედაპირულია. შესაბამისად, არსებული კონტექსტისთვის გამოსადეგი კრიტიკული ანალიზი უმთავრესად იმ ანალიტიკოსებთან უნდა ვეძებოთ, რომლებიც თავად არიან ამ სივრცის ნაწილი, საკუთარ თავზე გამოუცდიათ რუსეთის მცდელობები, მათი ქვეყნებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ძალაუფლება.
სად არის პრობლემა?
კრიტიკული სკოლის წარმომადგენელთა პირველი ნაწილი, რუსეთის აგრესიის ახსნას „ამერიკულ იმპერიალიზმსა” და „ექსპანსიონიზმზე“ რუსეთის „ლოგიკური“ რეაქციით ხსნის. ამ ხედვის შესაბამისად არსებობს „გავლენის სფეროები“ და სამწუხაროდ უკრაინა იმ ნიშნულს მიღმაა, საიდანაც რუსეთის ინტერესები იწყება.
რა განაპირობებს ამ პოზიციას? რატომ არ უჭერენ მხარს კრიტიკული თეორიის ეს წარმომადგენლები უკრაინელების ბრძოლას დამპყრობელი იმპერიალისტის წინააღმდეგ, ისინი ხომ ახლაც დაჟინებით ადასტურებენ საკუთარ თეორიულ სოლიდარობას ყველა ჩაგრული ხალხის მიმართ ჩილედან ინდოეთამდე?
ასეთ ინდიფერენტულობას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
- იდეოლოგიური დოგმატიზმი: ამ პოზიციის მომხრე აზროვნებს კარგად დაცდილი თეორიული სქემებით, რომელსაც ყველა მოვლენას არგებენ. „ამერიკული იმპერიალიზმი” მათთვის უნივერსალური კატეგორიაა, რომელიც ყოველთვის და ყველგან პირდაპირ ან ირიბად განმსაზღვრელ როლს ასრულებს;
- რეგიონის შესახებ მწირი ცოდნა: პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესები კრიტიკული აზრის მიერ არასაკმარისად არის დამუშავებული, განსხვავებით პოსტკოლონიური რეალობისა, რომლის სააზროვნო ჩარჩოც სწორედ ამ თეორიის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ისინი ვერ იაზრებენ, ან არ იციან ამ ქვეყნების ისტორიული რეალობა, უკრაინასა და საქართველოში მცხოვრები ხალხის რუსეთთან ურთიერთობის ტრავმული გამოცდილება; იმპერიალისტური მიზნების მქონე სახელმწიფოს მეზობლად ცხოვრებისგან გამოწვეული მუდმივი არასტაბილურობა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე.
ამის საპირისპიროდ აღმოსავლეთის მემარცხენე სუბიექტების აზრები უკრაინის ომზე, იდეოლოგიური თვალსაზრისით უფრო თანმიმდევრულია და გამოხატავს რეგიონული პოლიტიკის სიღრმისეულ ცოდნას.
სად ვხედავთ შესაძლებლობას?
რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკაში სადავო საკითხების მილიტარისტული გზებით გადაწყვეტის კრიტიკა სამართლიანი და გასაგებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კრიტიკულმა სკოლამ მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების ანალიზის მიმართულებით. მან უნდა დაინახოს რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები ამ რეგიონში და აღიაროს აქაური ქვეყნების უფლება, თავად მიიღონ გადაწვეტილება საკუთარი საგარეო პოლიტიკის, მისწრაფებების, ინტეგრაციის მიმართულების შესახებ.
კრიტიკული თეორიის ავტორიტეტული სახელები, ჩვენი რეგიონის ანალიზისას, არსებული კონტექსტის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე, იყენებენ პოსტკოლონიურ თეორიას. ეს თეორია დასავლეთის არსებითად სამართლიანი კრიტიკის პირობებში ჩამოყალიბდა, მაგრამ ადაპტირების გარეშე არ ერგება ჩვენს რეალობას. ამდენად, საჭიროა საგარეო პოლიტიკის იმ თეორიული პოსტულატების ხელახლა გააზრება, რასაც დღეს კრიტიკული აზრი ეყრდნობა, მისი გადატვირთვა.
დისკუსიის მონაწილეთა არგუმენტები:
"ვგმობთ რუსეთს, მაგრამ ყველაფერი ამერიკის ბრალია"
დღევანდელობის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მემარცხენე მოაზროვნემ, ნოამ ჩომსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უცვლელად გაიმეორა საკუთარი ხედვა. მისი აზრით მსოფლიოში არსებული ფაქტობრივად ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი ამერიკის, როგორც „გლობალური კაპიტალისტური იმპერიის”, ჩართულობით აიხსნება. ჩომსკი მიიჩნევს, რომ ეს ინტერვენცია პროვოცირებული იყო ნატოს გაფართოების პოლიტიკით, რამაც რუსეთი, არსებობის საფრთხის წინაშე დააყენა. გამოსავლად მას უკრაინის ნეიტრალიტეტი ესახება.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს საბერძნეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, იანის ვარუფაკისს. ის გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა ლოგიკურ ახსნას უძებნის ამას და არსებითად იზიარებს ზემოთ მოყვანილ ხედვას ომის მიზეზების შესახებ. ამ აზრს მიყვებიან ბრიტანელი ანთროპოლოგი დევიდ ჰარვი და პაკისტანელ-ბრიტანელი ინტელექტუალი თარიქ ალი. ჰარვის აზრით, როგორც მოკავშირეთა ძალებმა დაამცირეს გერმანია ვერსალის ხელშეკრულებით, ასევე დაამცირა დასავლეთმა რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჰარვი მიიჩნევს, რომ დღეს ამ დამცირების კატასტროფულ შედეგებს ვიმკით.
„ახალი მემარცხენე მიმოხილვის“ სარედაქციო კომიტეტის წევრმა, სიუზან ვოტკინსმაც, პასუხისმგებლობა ნატოსა და აშშ-ს დააკისრა. ამავე გამოცემაში გამოაქვეყნა წერილი გერმანელმა ეკონომისტმა ვოლფგანგ შტრეეკმა. შტრეეკიც ომის მიზეზებზე იგივე ლოგიკას ავითარებს. ამასთან, არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს გერმანიის მხრიდან სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივას.
ეს ხედვა პოპულარულია ზოგიერთ მემარცხენე პოლიტიკოსშიც. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ჯერემი კორბინმა, დასავლურ მთავრობებს მოუწოდა, შეწყვიტონ უკრაინის შეიარაღება. ომის გახანგრძლივებაში კორბინი სწორედ მათ ადანაშაულებს. ამერიკული პროგრესული მოძრაობის ლიდერმა, ბერნი სანდერსმა, დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და პუტინის რეჟიმს „ოლიგარქიული ბანდა” უწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ უკრაინის ომს „ღრმა და კომპლექსური ფესვები” აქვს და რომ დასავლეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები.
"უპირობო მხარდაჭერა უკრაინას"
ზემოაღწერილ პოზიციას მწვავე კრიტიკა შეხვდა სხვა, უმთავრესად აღმოსავლელი მემარცხენეებისგან. სლოვენიელმა ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და ჩაგრული ხალხისათვის დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღის მიწოდება ლეგიტიმურ ქმედებად ჩათვალა.
„პერსპექტივის შეზღუდულობაზე” საუბრობს უკრაინელი მკვლევარი ვოლოდიმირ არტიუხი. უკრაინის მემარცხენე ფემინისტური ინიციატივის ჯგუფმა გამოაქვეყნა მანიფესტი „წინააღმდეგობის უფლება”. ეს იყო პასუხი დასავლელი ფემინისტი აქტივისტების მიერ შედგენილ აბსტრაქტულ და წინააღმდეგობის უფლების წინააღმდეგ მიმართულ მანიფესტზე, რომელიც ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთთან ერთად ნატოს აკისრებდა და უკრაინას ფაქტობრივად უბრძოლველად დანებებისკენ მოუწოდებდა. უკრაინელმა ფემინისტებმა განაცხადეს, რომ მათ, როგორც ჩაგრულებს, აქვთ მჩაგვრელის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება.
ზემოთ განხილულ არასოლიდარულობას თან ახლავს კრიტიკული აზრისთვის უცხო და პრინციპულად მიუღებელი კატეგორიებით მსჯელობა. ის უკრაინის ომის ასახსნელად იყენებს ნეორეალისტურ, მემარჯვენე თეორიულ ჩარჩოს, მსჯელობენ ისეთი კატეგორიებით, როგორებიცაა „გავლენის სფეროები” და „ეროვნული ინტერესები”, იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ თვითგამორკვევის უფლების, სუვერენიტეტისა და ჩაგრულების დაცვის შესახებ. ამ მხრივ საინტერესოა უკრაინელი ავტორის, ტარას ბილოუსის წერილი. ის მიუთითებს დასავლელი მემარცხენე ინტელექტუალების რიტორიკისა და რადიკალი მემარჯვენე მოაზროვნეების არგუმენტაციას შორის არსებულ ანომალიურ მსგავსებაზე. მისი თქმით, ორივე მათგანი არგუმენტაციას საერთო კატეგორიებზე აფუძნებს, საუბრობს უკრაინის „სტრატეგიულ ღირებულებაზე“ ამერიკისა და რუსეთისთვის. ასეთი გზით არგუმენტაციის ჩამოყალიბებას ისინი მიჰყავს ჩაგრული ხალხის პოლიტიკური აგენტობის უარყოფამდე. კრიტიკულ აზრში ნეორეალიზმის ჭარბი შემოდინება ბუნებრივად იწვევს პოლიტიკური ანალიზის ერთეულის ცვლილებას, რის შედეგიცაა ფოკუსირება „რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებზე“ და არა უკრაინელი ჩაგრული ხალხის სუვერენიტეტსა და თვითგამორკვევაზე.
იმავეს ამბობს სირიელი აქტივისტი, ლეილა ალ შამი თავის წერილში „იდიოტების ანტი-იმპერიალიზი”. მისი აზრით, დასავლელი ინტელექტუალები პოლიტიკური ანალიზის ცენტრში აყენებენ სახელმწიფოს. მაშინ, როდესაც კრიტიკული აზრი ისტორიულად კონცენტრირებულია ხალხზე, კლასზე, ჩაგრულებზე.
პოლონელი მკვლევრები იან დუტკიევიჩი და იან სმოლენსკი თავიანთ კრიტიკულ წერილში სწორედ იმ ქედმაღლობასა და გაუთვიცნობიერებლობაზე საუბრობენ, რომელიც დასავლურმა აკადემიამ გამოავლინა უკრაინის ომის დროს. სტატიაში წერია, რომ ეს ინტელექტუალები უკრაინელებს აღიქვამენ არა პოლიტიკისა სუბიექტად, არამედ ობიექტად, რომელზეც დაპირისპირებული ზესახელმწიფოები ზემოქმედებენ. ისინი ვერ იაზრებენ, რომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები თავისი ნებით შევიდნენ ნატოში, რათა თავი დაეცვათ რუსული იმპერიალიზმისგან.
პოლონურმა პარტიამ „მემარცხენეობა ერთად” გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის იმპერიალისტური ექსპანსია და მოითხოვა რუსეთზე სანქციების დაწესება. ლიეტუვის მემარცხენე ალიანსმა თავის განცხადებაში დასავლელ მემარცხენეებს უკრაინის მიმართ უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა მათი მიდგომა, რომელიც უკრაინელი ხალხის სუბიექტობას უგულებელყოფს.