პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საარსებო შემწეობა: რას ამბობს უზენაესი სასამართლო?
სექტემბერი 23, 2024

ამ სტატიით ვაგრძელებთ სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განმარტებების მიმოხილვას. ამჯერად, საარსებო შემწეობის ირგვლივ განვითარებულ პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 18%-ზე მეტი (680 833 ადამიანი) საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 11.8% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა, უმუშევრობის მაჩვენებელი კი 16.4%-ია. ეს მონაცემები ცხადად აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის მთავარი გამოწვევა სოციალური მოწყვლადობის დაძლევაა.

 

ჩვენი კომენტარი

უზენაესი სასამართლოს საარსებო შემწეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში ხშირად შევხვდებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიკეთო სამართლებრივ განმარტებებს, მაგრამ სასამართლო, მათ შორის, ქვედა ინსტანციებში, იშვიათად იყენებს შესაძლებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს ნაცვლად, თავად გადაწყვიტოს სადავო საკითხი, მაშინ როცა ამის შესაძლებლობა აქვს. შემწეობის გამცემი ორგანო კი შემწეობის შეწყვეტის თუ შეჩერების კანონიერების მტკიცებას ბოლო ინსტანციამდე ცდილობს, რაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვება და სახელმწიფო ორგანოს საქმიანობასაც უკეთესობისკენ ვერ ცვლის.

 

რა სახის დავებს განიხილავს სასამართლო?

სახელმწიფო ოჯახის სოციალურ მდგომარეობას სარეიტინგო ქულით აფასებს. შემწეობის გაცემის საკითხი სწორედ სარეიტინგო ქულის ოდენობით წყდება. ოჯახს უფლება აქვს მის სისწორეზე სასამართლოში იდავოს. ასეთ დროს, მისი მონაცემები დამატებით, ინდივიდუალურად გადამოწმდება.

ამდენად, სასამართლოში განსახილველად შეიძლება მოხვდეს ყველა ისეთი დავა, რომელიც ოჯახისთვის არასწორი სარეიტინგო ქულის მინიჭებამ წარმოშვა: საარსებო შემწეობის შეწყვეტა, საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსის შეჩერება, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება და სხვა.

 

რაზე ამახვილებს სასამართლო ყურადღებას?

 

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლო ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ (შემწეობის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო) სარეიტინგო ქულით ოჯახის კეთილდღეობის შეფასება, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების არსებობის საკითხის გადაწყვეტას ნიშნავს. შემწეობის გაცემა კი მათთვის, ვისაც შესაბამისი სარეიტინგო ქულა ენიჭება, სწორედ ამ ვალდებულების შესრულების შედეგია. იმისთვის, რომ კანონიერად და სამართლიანად გადაწყდეს სოციალურად მოწყვლადი ოჯახისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ინდივიდუალური მოცემულობები (ოჯახის წევრის ავადმყოფობა, კომუნალური ხარჯი და სხვ.) ზედმიწევნით გაითვალისწინოს. რაც მთავარია, სასამართლო განსაკუთრებულ წონას ანიჭებს სააგენტოს უარის შესახებ გადაწყვეტილების, როგორც საარსებო შემწეობის მიღების უფლების შემზღუდველი აქტის დასაბუთებას.  განმარტების თანახმად, ფიზიკურმა პირებმა უნდა იცოდნენ და მათთვის გასაგებად უნდა აეხსნათ, ის ლოგიკა/კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც დამუშავდა მათი ოჯახის მონაცემები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.

აგრეთვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგიერთი საკითხის შეფასება, მაგალითად, ელექტროენერგიის მოხმარების მიზნობრიობა, სიხშირე, სცდება სააგენტოს ვალდებულებას და გავლენას არ უნდა ახდენდეს საარსებო შემწეობის გაცემის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე.

 

რა გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი სასამართლო?

 

გასულ წელს, „კომენტარმა“ საარსებო შემწეობასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა შეისწავლა. ხშირად სასამართლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასარგებლო განმარტებებს აკეთებს, თუმცა სააგენტოს საქმიანობაში ხარვეზების აღმოჩენისას, სააგენტოსთვის კონკრეტული მითითების (მაგ.: შემწეობის დანიშვნა) ნაცვლად, მას საკითხის განმეორებით შესწავლას ავალებს. ასევე, სასამართლო თავს არიდებს, რომ სადავო საკითხი თავად გადაწყვიტოს, რის საშუალებასაც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ინკვიზიციურობის პრინციპი აძლევს. სააგენტოსა და ოჯახს შორის დავები სწორედ ადმინისტრაციული კატეგორიისაა. დავების შინაარსი მოწმობს, რომ სასამართლოს მიერ სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილების მხოლოდ ბათილობა და ზუსტი მითითების გარეშე, მისთვის საკითხის განმეორებით შესწავლის დავალება, სააგენტოს არ აბრკოლებს, რომ გადაწყვეტილებები მუდმივად გაასაჩივროს და საკუთარი ქმედების კანონიერებაზე ბოლო ინსტანციამდე იდავოს. მაშინ როდესაც საკითხი საარსებო შემწეობას და ოჯახების ყოველდღიურ საჭიროებებს უკავშირდება, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა სრულიად გაუმართლებელია.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი