პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სამართალი სოციალური სამართლიანობისთვის: კონსტიტუციური ბარიერები და შესაძლებლობები
ნოემბერი 13, 2023

სოციალური სახელმწიფოს შესახებ კონსტიტუციაში გაცხადებული მიზნის მიუხედავად, დღეს სოციალური პოლიტიკის სიმყიფე და ქვეყანაში არსებული სიღარიბე სრულიად თვალსაჩინოა. არაერთი ადამიანი ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას ემიგრაციითაც ცდილობს. სოციალური უფლებებით სათანადო სარგებლობისთვის საკვანძოა სასამართლოს როლი, რომელსაც კონსტიტუცია აძლევს შესაძლებლობას, ჩაერიოს მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარ როლს არ ასრულებენ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მოსახლეობის მთავარი პრობლემა სიღარიბე, ფასების ზრდა და უმუშევრობაა. ამავე კვლევების თანახმად, საზოგადოებისთვის ნაკლებად თვალსაჩინოა სასამართლოში არსებული გამოწვევები და მათი კავშირი სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან. დაბალია სასამართლოსადმი ნდობაც და მართლმსაჯულების დახმარებით პრობლემის გადაჭრის შესახებ ცოდნაც. ეს მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზით აიხსნება. ნათელია, რომ სასამართლო საზოგადოების წარმოდგენაში პროგრესულ, სოციალური მგრძნობელობის მქონე და ადამიანების საჭიროებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტად არ აღიქმება.  სასამართლოს გამოწვევების მიმართ საზოგადოების გაუცხოების ხარისხიც მოწმობს, რომ მოქალაქე საკუთარი პრობლემის მოგვარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას სასამართლოში ნაკლებად ხედავს.

ჩვენი კომენტარი

კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლა სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია, თუმცა ამ გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ზოგიერთი სოციალური უფლება კონსტიტუციით არის აღიარებული, ყველა მათგანი ერთნაირად და მარტივად აღსრულებადი არ არის. ადამიანების ინტერესების დაცვა და მათ სოციალურ უსაფრთხოებაზე რეალური გავლენა საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების პროგრესულ და გაბედულ განმარტებებზეა დამოკიდებული.

რა უნდა ვიცოდეთ სოციალური უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით?

სოციალური უფლებების სასამართლოს გზით აღსრულება და დაცვა გულისხმობს: ზედამხედველობას სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე, სახელმწიფო ორგანოებისთვის კონკრეტული ვალდებულებების შესრულების დავალებას, კომპენსაციის დადგენას, კონსტიტუციით აღიარებულ სოციალურ  უფლებებთან შეუსაბამო პოლიტიკისა და წესების გაუქმებას, პროგრესული და თამამი განმარტებების გაკეთებას.

სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ასახვას ამ მიზნის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, უფლებების კონსტიტუციონალიზებას აქვს პოლიტიკური და პრაქტიკული დანიშნულება, რაც, ერთი მხრივ, მისი დაცვის აუცილებლობაზე საყოველთაო შეთანხმებას ნიშნავს, მეორე მხრივ, ამ უფლებებით პრაქტიკული სარგებლობის შესაძლებლობას ქმნის.

უფლებების აღსრულების შესაძლებლობას კონსტიტუციაში მათი ადგილი განსაზღვრავს. მაგალითად, სოციალური უფლებების სასამართლოს გზით დასაცავად მათი კონსტიტუციის ზოგად დებულებებში ჩაწერა მნიშვნელოვან, თუმცა არა ყველაზე ხელსაყრელ, გზად მიიჩნევა.

სოციალური უფლებების ადგილი საქართველოს კონსტიტუციაში

საქართველოს კონსტიტუციის ზოგად დებულებებში გაცხადებულია, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა. ასევე ჩამოთვლილია კონსტიტუციური დაცვისთვის აღიარებული შემდეგი სფეროები: სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ზოგადი დებულებებისგან განსხვავებით, კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულია აღსრულებადი სოციალური უფლებები, მაგალითად: შრომის, გაფიცვის, განათლების, ჯანმრთელობის, ჯანსაღი გარემოს უფლებებთან დაკავშირებული დებულებები. 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმამდე კონსტიტუციის მეორე თავში გვხვდებოდა სხვა ჩანაწერებიც, რომლებიც ახლა ზოგად დებულებებშია გადატანილი. უნდა ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია სოციალური უფლებებით მდიდარი არც 2018 წლამდე ყოფილა. ამ დანაკლისის შევსებას წლების განმავლობაში კონსტიტუციურ რეფორმებამდე არსებული კიდევ ერთი, ე.წ. „ინსტრუმენტული“, მუხლით ცდილობდნენ. ეს მუხლი კონსტიტუციური პრინციპების ფართოდ განმარტებისა და იმ უფლებების დაცვის შესაძლებლობას ქმნიდა, რომლებიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ მოიხსენიებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ზოგად დებულებებში სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული მიზნების გაცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა მათი სრულფასოვანი დაცვისთვის საკმარისი არ არის.

საქართველოში კონსტიტუციურ კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს. მას შეუძლია, გააუქმოს ყველა წესი/ნორმა, რომლებიც კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ეწინააღმდეგება. ის თუ რომელ თავში იქნება ნახსენები სახელმწიფოს პასუხისმგებლობები სოციალური დაცვის მიმართულებით, სწორედ ამას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში იგი აყალიბებს ერთიან სტანდარტს, მიდგომას, რომელიც სახელმძღვანელოა როგორც პარლამენტისთვის, ასევე საერთო სასამართლოებისთვისაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში სოციალური უფლების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე და განმარტებაა თავმოყრილი, მაგალითად: დასაქმებულის უსამართლო, თვითნებური და უსაფუძვლო გათავისუფლების დაუშვებლობა; უფასო დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რეზიდენტი მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის; სამსახურის მოძიება და საარსებო მინიმუმით სახელმწიფოს მიერ დახმარების ვალდებულება და სხვა.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცალსახა და ერთგვაროვანი არ არის. მაგალითად, მან თავი შეიკავა სოციალური უზრუნველყოფის უფლებასთან მიმართებით ისეთი საქმის გადაწყვეტისგან, რომელიც სოციალური უფლებების აღსრულებისთვის სახელმწიფოს რესურსების, ბიუჯეტის განკარგვას უკავშირდებოდა. ეს ფუნქცია სასამართლომ აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციად მიიჩნია. თუმცა ამავე საქმეში თანასწორობისა და ღირსების უფლებაზე იმსჯელა, რაც ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველიც გახდა. მოქმედი წესი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში პირების სოციალურად დაუცველ ოჯახად რეგისტრაციის შესაძლებლობას გამორიცხავდა.

ეს საქმე სოციალური საკითხების თანასწორობის უფლების კომპონენტში განხილვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სასამართლოს ახლაც შეუძლია ასეთი მიდგომის გამოყენება და სოციალური უსაფრთხოების საკითხების განხილვა ღირსების აბსოლუტურ უფლებასთან კავშირში. სოციალური საჭიროებები მჭირდროდ არის დაკავშირბეული ღირსების უფლებასთან და მას, როგორც სოციალური უფლებების მინიმალურ შინაარსს, არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში შევხვდებით. ღირსებას, როგორც ადამიანის უფლებების ფუნდამენტს, აღიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებიც.

შეჯამება

კომენტარის მომზადებული მასალები თვალნათლივ აჩვენებს სამართლის სისტემის როლს, შესაძლებლობებს და ბარიერებს მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვის სფეროში. სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს ხშირად სრულიად უთანასწორო გარემოში უწევთ საკუთარი სიღარიბის, უსახლკარობისა თუ სოციალური დაუცველობის აღიარებისთვის ბრძოლა. ეს ხდება სათანადო იურიდიული დახმარების არქონის, სასამართლოების ვიწრო მანდატისა და თვითშეზღუდვით მოქმედების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოები ხშირად აუქმებენ ადმინისტრაციული ორგანოების მანკიერ გადაწყვეტილებებს სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ეს სოციალურ პოლიტიკას და ერთიან სურათს მაინც ვერ ცვლის. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოების დამკვიდრებული მიდგომაა დავის გაგრძელება ბოლო ინსტანციამდე და, მიუხედავად საქმეთა უმრავლესობის წაგებისა, მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნება.

ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების სისტემის, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ პროგრესული, სისტემური და თანმიმდევრული პრაქტიკის განვითარებას. ეს სისტემური საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველიც შეიძლება გახდეს. მიუხედავად იმ კონსტიტუციური ბარიერებისა, რომლებიც განხილულია სტატიაში, სასამართლოებს რჩებათ შესაძლებლობა, სოციალური უფლებების და სახელმწიფოს ვალდებულებების საკითხი კონსტიტუციის ზოგადი პრინციპების, თანასწორობისა და ღირსების უფლებების, საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით განიხილონ.


სტატია მომზადდა ,,კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზერულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

 

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი