ეკომიგრანტების განსახლების საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს. მაგალითად, სახელმწიფოს უარი განსახლებაზე სასამართლოში საჩივრდება და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ამ სტატიაში სწორედ სასამართლოს პრაქტიკაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ბოლო 5 წლის სასამართლო პრაქტიკის ანალიზით იკვეთება, რომ ეკომიგრანტთა განსახლების შესახებ სააგენტო ხშირად იღებს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი კომენტარი
პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი გაბათილებული გადაწყვეტილებისა, სააგენტო მუშაობის სპეციფიკას არსებითად არ ცვლის. ეკომიგრანტების უფლებების რეალურ გაუმჯობესებაში სასამართლოს მიერ შესრულებული როლიც არასაკმარისია.
რა უნდა ვიცოდეთ?
სასამართლოს შეუძლია ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე სააგენტოს უარი ძალაში დატოვოს ან ბათილად ცნოს და მიიღოს რომელიმე შემდეგი გადაწყვეტილება:
- დაავალოს სააგენტოს, თავიდან იმსჯელოს ოჯახის განსახლების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ;
- დაავალოს სააგენტოს, გამოსცეს აქტი ოჯახის განსახლების შესახებ;
- თავად გადაწყვიტოს ოჯახის განსახლების საკითხი.
როგორია პრაქტიკა?
ჩვენ უზენაესი სასამართლოს 2019-2023 წლების 20 განჩინება შევისწავლეთ, რომელთაგან 18 შემთხვევაში განსახლებაზე სააგენტოს უარი ბათილად იქნა ცნობილი. გადაწყვეტილების ბათილობის მიზეზი ხდება:
- ალტერნატიულ საცხოვრებელზე არასწორი მითითება
კანონით, ალტერნატიული საცხოვრებლის მქონე ოჯახის განსახლების საკითხი ბოლო ეტაპზე განიხილება, თუ მისით სარგებლობა შესაძლებელია შეუზღუდავად და მოცულობაც ოჯახის წევრთა სულადობის შესაბამისია. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ ამ საფუძვლით განსახლებაზე უარისას:
- სააგენტოს არ გამოუკვლევია, სახლის მოცულობა შეესაბამებოდა თუ არა ოჯახის წევრთა სულადობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას ან შეუზღუდავად სარგებლობისთვის სხვა ობიექტურ გარემოებას;
- სააგენტო ვერ ადასტურებდა ასეთი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობას;
- უარი დაუსაბუთებელი იყო მაშინაც, როცა ოჯახი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაში თვითნებურად შესახლდა და მაშინაც, როცა სტიქიის ადგილზე დროებით მოწყობილ შენობაში აფარებდა თავს.
- ქულათა დაკლება ოჯახების განმეორებითი შეფასების დროს
განსახლების პროცესის წლობით გაგრძელების გამო, ოჯახების საცხოვრებელი მდგომარეობა შეიძლება რამდენჯერმე შემოწმდეს. არსებობს შემთხვევები, როცა განმეორებითი მონიტორინგისას მათ არასწორად და დაუსაბუთებლად შეეცვალათ სახლის დაზიანების კატეგორია, შემცირდა საერთო ქულა და, შესაბამისად, განსახლებაზე ეთქვათ უარი.
- სასამართლო ერთ-ერთ საქმეში უთითებს, რომ დაზიანების კატეგორიის ცვლილება მოხდა საქმეში არსებული გეოლოგიური დასკვნის მიუხედავად, რომელიც სახლის საცხოვრებლად უვარგისობასა და დემონტაჟის საჭიროებაზე მიუთითებდა;
- სააგენტომ კიდევ ერთ შემთხვევაში უგულებელყო საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ოჯახი ნგრევის პირას მისულ სახლში სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრებას და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის არაექსპერტულ შეხედულებებს დაეყრდნო.
რა არის პრობლემა?
ჩამოთვლილი საფუძვლებით ეკომიგრანტების განსახლებაზე უარის გაბათილება სასამართლოს მხრიდან, ბუნებრივია, დადებითი მოვლენაა, მაგრამ ეკომიგრანტი ოჯახის პრობლემის მოსაგვარებლად ეს საკმარისი არ არის. სააგენტომ საკითხის განმეორებით შესწავლისას, როგორც ამას ხშირად ავალებს მას სასამართლო, შეიძლება ოჯახს საცხოვრებლით პრიორიტეტულ დაკმაყოფილებაზე კვლავ უარი უთხრას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სასამართლო მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილების გაბათილებით არ შემოიფარგლოს, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება. სასამართლომ უნდა დაიწყოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების უფრო აქტიური გამოყენება, რათა თავად იკვლევდეს/აფასებდეს ფაქტობრივ გარემოებებს და უშუალოდ ავალებდეს სააგენტოს ეკომიგრანტის განსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს