პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიზისი უნგრეთში
ივნისი 2, 2023

უნგრეთში სასამართლოზე შეტევა 2010 წელს ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მოსვლას უკავშირდება. ამ სტატიაში უნგრეთის სასამართლოს მდგომარეობასა და საერთაშორისო ინსტიტუტების რეაქციაზე მოგიყვებით.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ეს სტატია აგრძელებს საერთაშორისო კონტექსტის მიმოხილვას და ამჯერად უნგრეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით აჩვენებს, როგორ იმორჩილებს ვიქტორ ორბანის ხელისუფლება სასამართლოს. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ევროკავშირის, პასუხი მართლმსაჯულების დასაცავად. 

ჩვენი კომენტარი

უნგრეთის ხელისუფლებამ, ძალაუფლების კონსოლიდაციის მაღალი ხარისხის გამო, კონსტიტუციის დონეზე მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ყველა საკვანძო რგოლზე პოლიტიკური კონტროლის მოპოვება. თუმცა, ძლიერი საერთაშორისო წნეხის გამო და ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მისაღებად, პოლონეთის მსგავსად, უნგრეთის ხელისუფლებასაც მოუწია გარკვეულწილად უკან დახევა. 

როდის და როგორ დაიწყო სასამართლოზე შეტევა?

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებიდან მალევე, 2012 წელს, უნგრეთმა შეცვალა კონსტიტუცია. შეიქმნა ახალი ორგანო - მართლმსაჯულების ეროვნული სამსახური, რომლის თავმჯდომარესაც სასამართლოს ადმინისტრირება დაევალა.

  • თავმჯდომარეს, რომელიც ცენტრალურ და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფიგურად იქცა, პარლამენტი ირჩევს;
  • შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო სასამართლო სისტემაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესს აკონტროლებს.

გარდა ამისა, ახალმა უზენაესმა სასამართლომ (Kúria) მოქმედი სასამართლო ჩაანაცვლა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ნიშნავს. მიღებული ცვლილელებით:

  • შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის წაყენებული მოთხოვნებიც, ამან კი გზა გაუხსნა არასაკმარისი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • უფლებამოსილება შეუწყდა უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს, რომელიც ცვლილებებს აკრიტიკებდა;
  • ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, კონკურსის გარეშე,  დაეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, რამაც არაპირდაპირი გზითაც გაზარდა საკანონმდებლო ხელისუფლების გავლენა სასამართლოს დაკომპლექტების პროცესზე.

აყურადღებოა, რომ ამ წლების განმავლობაში მმართველი პარტია, ასევე მისდამი ლოიალურად განწყობილი მედია და  მართლმსაჯულების ეროვნული სამსახური მუდმივად ესხმოდნენ თავს მოსამართლეებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. 

როგორი იყო საერთაშორისო ინსტიტუტების რეაქცია?

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ნაადრევად შეწყვეტის საქმეზე დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული ცვლილებების კრიტიკას უკავშირდებოდა;
  • ვენეციის კომისიამ და ევროკომისიამ გააკრიტიკეს მართლმსაჯულების ეროვნული სამსახურის შექმნის პოლიტიზებული პროცესი, თავმჯდომარის განუსაზღვრელი უფლებამოსილებები და დაუბალანსებელი ძალაუფლებ;
  • ევროკავშირმა, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმისთვის, უნგრეთს დაახლოებით 22 მილიარდი ევროს დახმარება შეჩერა. 

რა ხდება დღეს?

ევროკავშირიდან ფინანსური დახმარების მისაღებად და ამისათვის განსაზღვრული წინაპირობების შესასრულებლდ, 2023 წლის მაისში უნგრეთის პარლამენტმა ცვლილების პაკეტი დიდი უმრავლესობით დაამტკიცა. ცვლილებები მიხედვით

  • სუსტდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ეროვნული სამსახურის (NOJ) თავმჯდომარის როლ
  • ძლიერდება მართლმსაჯულების ეროვნული საბჭო (NJC);
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, კონკურსის გარეშე უზენაეს სასამართლოში ვეღარ დაინიშნებიან.

თუმცა, ცვლილებები ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობას არ პასუხობს. მაგალითად, სრულად არ აღმოფხვრილა უნგრელი მოსამართლეების ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსთვის მიმართვის სირთულეები. შესაბამისად, საეჭვოა, რამდენად საკმარისი იქნება ეს ცვლილებები ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მისაღებად. ამ ეჭვების რეალურობაზე მიუთითებს ევროპარლამენტის წარმომადგენელთა განცხადება უნგრეთში ვიზიტის შემდეგ.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი