სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ორგანოს საქმიანობის უკეთესობისკენ შეცვლა და საარსებო შემწეობით სარგებლობაზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოცემულ ჭრილში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
კომენტარმა შეისწავლა უზენაესი სასამართლოს 2019-2023 წლების პრაქტიკა საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკა სოციალური სააგენტოს საქმიანობას უკეთესობისკენ ვერ ცვლის.
ჩვენი კომენტარი
შესამჩნევი პოზიტიური ცვლილების მისაღებად უზენაესმა სასამართლომ, საქმის დასაშვებობაზე მსჯელობისას, ნათლად უნდა მიუთითოს რომელ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, დაუშვებლობის გადაწყვეტილების მიღებისას. ამგვარი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში კი უნდა შექმნას პრეცედენტი, რომელსაც სახელმძღვანელო მნიშვნელობა ექნება საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით უკეთესი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის.
რა უნდა ვიცოდეთ?
სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით სააგენტომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები: შემწეობის დანიშვნა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება. სააგენტოს ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრდეს.
კომენტარმა, საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს საჯაროდ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებებიდან, 42 საქმე მოიძია. კომენტარმა თითოეულ საქმეზე მოიკვლია დასაშვებობის საკითხი, შინაარსობრივად კი 10 საქმე განიხილა. შინაარსობრივად განხილული საქმეების უმრავლესობა სარეიტინგო ქულის მინიჭებასა და სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. უმრავლეს შემთხვევაში სადავოა ხელახალი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობა, კერძოდ:
- ხშირად, ხელახალი გადამოწმებისას, ოჯახის დეკლარაციაში მონაცემები არასწორად, გარემოებების დეტალური გამოკვლევის გარეშეა შეტანილი;
- შეუსაბამობებია არსებითად უცვლელ სოციალურ-ეკონომიკური პირობებში შედგენილ დეკლარაციებს შორის;
- ხშირია „კეთილდღეობის დონის“ - ანუ შემწეობის მიმღები პირის სოციალური მდგომარეობის უსაფუძვლოდ განსაზღვრა და სარეიტინგო ქულის ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ცვლილების შემთხვევები.
სააგენტოს ამგვარი პრაქტიკით ადამიანებს უკანონოდ ეზღუდებათ საარსებო შემწეობის მიღების უფლება.
რა ტენდენციებია სასამართლო დავებში?
სასამართლოში დავების უმრავლესობა იმ პირის მიერ იწყება, ვისაც გადამოწმების შემდეგ საარსებო შემწეობის მიღების უფლება შეეზღუდა. ხშირად პირველი ინსტანციის სასამართლო ნაწილობრივ ან სრულად აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში ის ავალებს სააგენტოს ახალი აქტის გამოცემას და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე აკისრებს მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას. ზოგიერთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი რჩება აპელაციის ეტაპზე. საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ საკითხების ერთფეროვნების მიუხედავად, სააგენტო მაინც აგრძელებს დავას საბოლოო ინსტანციამდე. კომენტარის მიერ შესწავლილი საქმეების უმეტესობაში, უზენაეს სასამართლოში დავის ინიციატორი სწორედ სააგენტოა.
რა საქმეებს იხილავს უზენაესი სასამართლო?
ზოგადად, უზენაესი სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებს იხილავს, რომლებიც დასაშვებობის ეტაპს გადალახავს. საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, 2019-2023 წლებში საარსებო შემწეობასთან დაკავშირებული 42 საქმიდან, სასამართლომ:
- დაუშვებლად ცნო 34 საქმე;
- არსებითად განიხილა მხოლოდ 8 საქმე.
რაზე მსჯელობს საკასაციო სასამართლო?
საქმის დასაშვებობაზე მსჯელობა სასამართლო გადაწყვეტილებებში როგორც წესი სტანდარტულია. სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლო ყველა შემთხვევაში არ უთითებს კონკრეტულ საქმეს, რომელშიც სტანდარტი საარსებო შემწეობასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა და რომლის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ არ არსებობს მსგავს საკითხზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლო მსჯელობისას იშველიებს სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპსა და ფუძემდებლურ საერთაშორისო აქტებს. სასამართლო მიუთითებს სააგენტოს ვალდებულებაზე ოჯახის როგორც პირველადი შეფასება, ისევე შემდგომი გადამოწმება თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვით განახორციელოს. სასამართლო მსჯელობს არასწორი და დაუსაბუთებელი მონაცემების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერების და მის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზეც.
რა გავლენა აქვს უზენაეს სასამართლოს შემწეობის გაცემის პრაქტიკაზე?
2019-2023 წლებში უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ტენდენციები მსგავსია. თუმცა, დავის შინაარსი სასამართლოში უმეტესად მაინც მეორდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სასამართლოს პრაქტიკას არ აქვს სათანადო გავლენა სახელმწიფო პოლიტიკასა და სააგენტოს მუშაობაზე.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს