პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოციალური დახმარების სისტემების გადახედვა ინკლუზიური კეთილდღეობისთვის
ივლისი 22, 2024

სოციალური დახმარების სისტემები ქმნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომლითაც სახელმწიფოები ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. თუმცა, თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ცვლილებები საჭიროებს არსებული სისტემების გადახედვას და გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინკლუზიური კეთილდღეობა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სხვადასხვა ქვეყნის კონტექსტში სოციალური დახმარების სისტემები განსხვავებულ გავლენას ახდენს სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე.

ჩვენი კომენტარი

სოციალური დახმარების სისტემების გადახედვა და გაუმჯობესება აუცილებელია ინკლუზიური კეთილდღეობის მისაღწევად. საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებები გვთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური დაცვის სისტემების ეფექტურობის და სამართლიანობის გაუმჯობესებას. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი კი იძლევა უფრო ღრმა წარმოდგენას არსებული პრობლემების შესახებ და საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომები?

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, გაერო და ევროკავშირი, წამოიწყეს სხვადასხვა ინიციატივა და პროგრამა სოციალური დახმარების სისტემების გაუმჯობესების მიზნით. მაგალითად, მსოფლიო ბანკი აქტიურად მუშაობს „გლობალური სოციალური დაცვის სისტემების პროგრამაზე“ (Global Social Protection Systems Program), რომელიც მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას და მათ მდგრადობას.

ევროკავშირმა შექმნა „ევროპული სოციალური ფონდი“ (European Social Fund), რომელიც ეხმარება წევრ ქვეყნებს სიღარიბესთან და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლაში. ეს ფონდი დაფინანსებას აძლევს სხვადასხვა პროექტს, რომლებიც მიმართულია დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე, განათლების და ტრენინგების ორგანიზებაზე, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.

აღსანიშნავია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემუშავებული  “სოციალური დაცვის პაკეტის” (Social Protection Floor) კონცეფციაც. ეს მიდგომა ითვალისწინებს მინიმალური სტანდარტების დაწესებას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური დახმარების სისტემებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები.

ასევე,  გვხვდება „უნივერსალური ბაზისური/საბაზისო შემოსავალი“ (Universal Basic Income), რომელიც გულისხმობს ყველა მოქალაქისთვის გარკვეული ფულადი დახმარების გადახდას, მიუხედავად მათი შემოსავლებისა. ამ მიდგომას აქვს პოტენციალი შეამციროს სიღარიბე და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, თუმცა, მისი კრიტიკოსები აღნიშნავენ ფინანსური მდგრადობის პრობლემებს.

როგორია თანამედროვე კრიტიკა?

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების დაცვის საქმეში, არსებობს ბევრი კრიტიკა მათი ეფექტურობისა და სამართლიანობის მიმართ. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა არის სისტემების ბიუროკრატიულობა და სირთულეები, რომლებიც ხელს უშლის დახმარების მისაღებად საჭირო პროცედურების გაიოლებას.

ასევე, ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ არსებული სოციალური დახმარების სისტემები ხშირად არ არის საკმარისად მოქნილი, რომ მოერგოს თანამედროვე სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას, როგორიცაა გლობალიზაცია, ციფრული ეკონომიკა და შრომის ბაზრის ცვლილებები. ეს ფაქტორები ზრდის საზოგადოების უთანასწორობას და აუარესებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ:

სოციალური დახმარების სისტემების ეფექტურობის შეფასებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტატისტიკური მონაცემები. ეს მონაცემები იძლევა საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად ეფექტურად ფუნქციონირებს ეს სისტემები და რამდენად ეხმარება მოსახლეობას სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირებაში. სხვადასხვა შედეგები ცხადყოფს ცვლილებების საჭიროებას:

მსოფლიო ბანკის, გაეროს, შრომის საერთაშორისო  ორგანიზაციისა და ევროკავშირის მონაცემებით, COVID-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას და სიღარიბის დონეს. 2021 წელს პანდემიამ 97 მილიონი ადამიანი დაამატა გლობალურ სიღარიბეს, გაეროს მონაცემებით კი ეს რიცხვი 150 მილიონი იყო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, პანდემიამ შრომის ბაზარზე უდიდესი კრიზისი გამოიწვია დიდი დეპრესიის შემდეგ. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2020 წელს სიღარიბის და სოციალური გამორიცხვის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა და 2021 წელს 96.5 მილიონს მიაღწია, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 21.9%-ს შეადგენს.

რეკომენდაციები

სოციალური დახმარების სისტემების ინკლუზიური კეთილდღეობისთვის საჭიროა:

  • მინიმალური სტანდარტების დაწესება − სოციალური დაცვის პაკეტის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას.
  • ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა − სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია და გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიების შემუშავება.
  • მოქნილობა და ადაპტაცია − სისტემების მოქნილობა, რათა სწრაფად მოერგოს სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს.
  • ბიუროკრატიის შემცირება − ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

ინკლუზიურობის გაძლიერება − განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და მათ მონაწილეობას პროგრამების შემუშავებაში.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი