პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოციალური დიალოგი – საერთაშორისო სტანდარტები
ოქტომბერი 25, 2022

შესავალი

სოციალური დიალოგი შრომის ბაზრის რეგულირების ეფექტიანი იარაღია, რომელიც ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის გარანტს ქმნის. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • კოლექტიური მოლაპარაკებები და სოციალური დიალოგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შრომითი პირობების გაუმჯობესებას; 
  • ინდივიდუალური მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, კოლექტიური მოლაპარაკებებისას პროფესიულ კავშირს უფრო ძლიერი ბერკეტი აქვს, მიაღწიოს დადებით შედეგს, რადგან მოლაპარაკებებისას მხარეთა შორის ძალთა ბალანსი შედარებით დაცულია.

ჩვენი კომენტარი

სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად აუცილებელია ეფექტიანი სოციალური დიალოგი პროფკავშირებსა და დამსაქმებელს შორის და სამმხრივ ფორმატში, პროფკავშირებს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს შორის.

რა პრობლემებია?

საქართველოში შრომითი ურთიერთობები უმეტესად ინდივიდუალურია და კოლექტიური ხელშეკრულებებით ნაკლებად წესრიგდება. ქვეყანაში ორმხრივი დიალოგის პრაქტიკა არ არის სათანადოდ განვითარებული.

ამავე დროს, საქართველოში სამმხრივი სოციალური კომისია სათანადოდ არ ფუნქციონირებს. არ არის დანერგილი კომისიის საქმიანობის მიმართ სისტემური მიდგომა, შრომის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად ან ქვეყანაში შრომითი პირობების გაუმჯობესების სტრატეგიის შესამუშავებლად.

რა არის სოციალური დიალოგი?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სოციალურ დიალოგს განმარტავს, როგორც ყველა ტიპის მოლაპარაკების, კონსულტაციისა და ინფორმაციის გაცვლის ერთობლიობას სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების წარმომადგენლებს შორის მათი საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე. ის სხვადასხვა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემასთან გამკლავების ეფექტიანი მექანიზმია.

სოციალური დიალოგი ევროპული სოციალური მოდელის ფუნდამენტური ნაწილია. ევროკავშირისთვის ეს მექანიზმი იძლევა საშუალებას, რომ სოციალურმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ევროპული სოციალური სტანდარტების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად

სოციალური დიალოგი წარიმართება საწარმოო და სამთავრობო დონეზე:

  • საწარმოო დონეზე სოციალური დიალოგის მონაწილეები არიან დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანებები და დამსაქმებელი. ასეთ დროს მიმდინარეობს კოლექტიური მოლაპარაკება დამსაქმებელთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით.
  • სამთავრობო დონეზე სოციალური დიალოგის ძირითადი მექანიზმი სამმხრივი კონსულტაციების პლატფორმაა, რომლის მონაწილე მხარეები არიან მთავრობა, პროფესიული გაერთიანებები და დამსაქმებელთა გაერთიანებები. ასეთი მოლაპარაკებების ძირითადი საგანი არის შრომის პირობების და საკანონმდებლო რეგულირების საკითხები.

ILO მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ სამმხრივ ფორმატს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ეს უკანასკნელი არ არსებობს ან არაეფექტიანად ფუნქციონირებს. სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და უნდა იყოს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ერთგვარი მედიატორი და გარანტორიც, რომ კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმები პრაქტიკაში აღსრულდება.

საქართველომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი კონსულტაციების შესახებ კონვენციის (No144) რატიფიცირება 2018 წელს მოახდინა. მნიშვნელოვანია კონვენციის ეფექტიანად დანერგვა, ვინაიდან ის არსებითად გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას და სოციალური დაცვის სტანდარტებს.

შესაძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის სოციალურმა დიალოგმა ხელი შეუწყოს მდგრადი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებას, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობას შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებისა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები სოციალური დიალოგის განვითარებისთვის და ეფექტიანობის გაზრდისთვის, სახელმწიფოს ამ მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი