პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
თანასწორობა: კრიტიკული თეორია

კლასიკური ლიბერალური თეორიის თანახმად, თანასწორობის უფლება რეალიზებული იქნება, თუ სახელმწიფო ნეგატიურ ვალდებულებებს შეასრულებს. ესე იგი, თავს შეიკავებს ნებისმიერი ჩარევისგან, რამაც, შესაძლოა, ადამიანების ერთმანეთისგან რაიმე ნიშნით განსხვავება გამოიწვიოს. ეს თეორია არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ანდა სხვა აქტორების მიერ რესურსის გაღების საჭიროებას. ამ მიდგომის თანახმად,  ადამიანების განსხვავებულობას რაც ნაკლებად „შევიმჩნევთ“, მით უფრო მარტივად მიაღწევენ თანასწორობას. არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ ამგვარმა გაგებამ თანასწორობის პრინციპის ტექნიკურ, შინაარსისგან დაცლილ აღქმამდე მიგვიყვანოს. ეს მიდგომა, რომელიც სამომავლო პროგრესის მხრივ, ნაკლებად პერსპექტიულია, თანამედროვე იურისდიქციებშიც აქტიურად და მეინსტრიმულად გამოიყენება.

ამის საპირისპიროდ, თანასწორობის კრიტიკული თეორია გულისხმობს, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორმა, ისევე როგორც საზოგადოებამ ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ სხვადახვა სოციალურმა ჯგუფმა მისთვის საჭირო სარგებელი მიიღოს. რაც არსებითი და ტრანსფორმაციული თანასწორობის საწინდარი გახდება. სამწუხაროდ, ფორმალური მხარე - კანონის ენა ასეთი შორი წიაღსვლების შესაძლებლობას, ხშირად, არ იძლევა. მაგალითად, თუკი ქალების პოლიტიკურ ჩართულობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარემოსთან ადაპტაციას ან ქვიარ ადამიანების საზოგადოებაში მიმღებლობას ხელს პროაქტიული ნაბიჯებით არ შეუწყობენ, რთული წარმოსადგენია, ამ ჯგუფებმა, ამ მიმართულებით მხოლოდ „ხელის არ შეშლით“ მიაღწიონ თანასწორობას.

კრიტიკული თეორია უფრო შორს მიდის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების სისტემას, როგორც თანასწორობის მიღწევის და დაცვის ეფექტიან საშუალებას. ამ თეორიის თანახმად, თანასწორობის მხოლოდ როგორც უფლების და, ესე იგი, სამართლებრივ ჭრილში განხილვა, უფრო მეტად ინდივიდუალისტური, ნაკლები პროგრესის მომტანია და საერთოდაც, სოციალური ეფექტი ნაკლებად აქვს.

ამ თეორიის თანახმად, თანასწორობის ფენომენის უფლების ფორმალისტურ კონტექსტში მოქცევა მის არსს ავიწროებს და ართულებს იმ დაუცველი ადამიანების ან ჯგუფების მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებას, რომლებიც საკუთარი თანასწორობის უფლების დასაცავად სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას გადაწყვეტენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად, კანონი არ ტოვებს საკითხის იდეოლოგიური, პოლიტიკური არგუმენტების, არსებული თუ ისტორიული კონტექსტის გავლენით გადაწყვეტის შესაძლებლობას, ანდა „სხვათა უფლებების“ ხარჯზე მათი თანასწორობის დათმობას ითხოვს.

დღეს არსებული მეინსტრიმული მიდგომები, ხშირად, ჯგუფების ინდივიდუალური ინტერესების აღმოსაჩენად არ ტოვებს სივრცეს, მათ იძულებულს ხდის, მხოლოდ სხვების, უმეტეს შემთხვევაში, უმრავლესობის მდგომარეობა შეაფასონ და, ამ მდგომარეობის მისაღწევად შეჯიბრში ჩართულობას სთავაზობს. არსებითი და ტრანსფორმაციული თანასწორობის მისაღწევად კი, აუცილებელია კონკრეტული ჯგუფების საჭიროებების გააზრება და უშუალოდ მასზე მორგებული გარემოს შექმნისთვის ძალისხმევის გაწევა პოზიტიური ვალდებულებების, დროებითი და სპეციალური ღონისძიებების შესრულების გზით.

მიმოხილვის ავტორი

ქეთევან შუბაშვილი


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს