პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
თარჯიმანი და ეთნიკური უმცირესობების წვდომა მართლმსაჯულებაზე

სასამართლოში სამართალწარმოებ ქართულად მიმდინარეობს, ხოლო მას, ვინც სახელმწიფო ენას ვერ ფლობს, სახელმწიფოს ხარჯზე ენიშნება თარჯიმანი. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა სირთულეები ექმნებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თარჯიმნის სერვისით სარგებლობისას.  

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

  • სასამართლოსთვის მიმართვისას ქართული ენის არცოდნა ბარიერს უქმნის მოსახლეობის 33%-ს; 
  • საქართველოს რეგიონებში მაღალია  ეთნიკურ უმცირესობათა ენების მცოდნე თარჯიმნების მონაწილეობით გამართული პროცესების მაჩვენებელი; 
  • თარჯიმნების რაოდენობა, კვალიფიკაცია და პრაქტიკაში გამოვლენილი სხვა ხარვეზები ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე სრულფასოვანი წვდომის ხელშემშლელი ფაქტორებია. 

ჩვენი კომენტარი 

ქართული ენის არმცოდნე პირები სასამართლოში თარჯიმნის სერვისით სარგებლობენ. თუმცა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პრობლემას სასამართლოსთვის მიმართვამდე აწყდებიან, რადგან  სახელმწიფო არ სთავაზობს მხარდაჭერას სამართლებრივი დავის მოსამზადებელ ეტაპზე.  

რა უნდა ვიცოდეთ? 

საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანასწორი წვდომის საფუძველს კონსტიტუცია ჰქმნის, რომლის მიხედვითაც, სამართალწარმოება სახელმწიფო ენაზე ხორციელდება, ენის არმცოდნეს კი თარჯიმანი ენიშნება. სამართალწარმოებისას ენის არმცოდნე პირებისთვის სახელმწიფოს ხარჯზე თარჯიმნის სერვისით სარგებლობა საერთაშორისო აქტებით აღიარებული უფლებაცაა.  

უფრო ზუსტად, საქართველოში მოსამართლე ვალდებულია ენის არმცოდნე პირს დაუნიშნოს თარჯიმანი. თარჯიმანი ასევე ენიშნება პირს სასამართლო პროცესამდეც სისხლის სამართლის საქმეში, მაგალითად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს. თაჯიმნების გაწეული სამუშაო სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ პროცესებში, აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება. 

თარჯიმნებს ევალებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უთარგმნონ განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, დოკუმენტების შინაარსი თუ სასამართლოს გადაწყვეტილებები. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტებით, თარჯიმნის სერვისით უფასო სარგებლობა მხოლოდ სასამართლო პროცესზე ზეპირ განცხადებების თარგმნას არ გულისხმობს, ის დოკუმენტების თარგმანზეც ვრცელდება. 

რა პრობლემაა? 

  • პირს თარჯიმნის ხარჯების გაღება თავად მოუწევს სარჩელის/საჩივრის ან განცხადების სასამართლოში თუ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენისას. სახელმწიფო არ ანაზღაურებს არც იმ წერილობითი მტკიცებულების თარგმნის ხარჯს, რომელიც უცხო ენაზეა შესრულებული და რომლის თარგმანიც სავალდებულოა 
  • ხშირად თარგმნა ფორმალურია და არა შინაარსობრივი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო (მათ შორის, სპეციფიკური სამართლებრივი ტერმინოლოგიის გამოც), თარჯიმნები სრულყოფილად ვერ თარგმნიან ან მათი თარგმანი ფრაგმენტულია; 
  • თარჯიმნის კვალიფიკაციის ან თარგმნის ხარისხის შემოწმების მექანიზმი განსაზღვრული არ არის; 
  • ხშირია ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი პირებისთვის თურქულისა და რუსული ენის თარჯიმნის შეთავაზების შემთხვევებიც, რაც მათი საჭიროებებისთვის შეუსაბამოა.  

თარჯიმნებს ლინგვისტურ, ენობრივ მედიატორებსაც უწოდებენ. ისინი ინფორმაციის ერთგვარი გამტარები არიან ენის არმცოდნე პირსა და პროცესის სხვა მონაწილეებს, მოსამართლეებს შორის. ამდენად, კვალიფიციური თარგმანი გადამწყვეტია ამ პროცესის შინაარსის სრულყოფილი აღქმისა და ადეკვატური მონაწილეობისთვის. ნაკლოვანი თარგმნისას კიდევ უფრო მწვავედ დგება ეთნიკური უმცირესობებისთვის იურიდიული მხარდაჭერის აუცილებლობა და ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.  


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.  

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი