რა მოხდა და როგორი იყო მასზე მერიის რეაქცია?
14 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ბეტონის გარე ფასადი ქუჩის მხარეს ჩამოინგრა, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება, ერთი ადამიანის დაშავება და რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოიწვია.
ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ავარიულის სტატუსი გააჩნია. შენობის ავარიულობა თვალსაჩინოა სატრანსპორტო გზის მხრიდანაც, შეუიარაღებელი თვალით. კორპუსის მობინადრეებმა არაერთხელ მიმართეს მერიას რეაგირებისთვის; დაზიანებული შენობის კადრები რამდენჯერმე გავრცელდა საჯაროდაც.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მათ მართლაც ჰქონდათ ინფორმაცია ამ კორპუსის ავარიულობის თაობაზე, რის გამოც გეგმავდნენ მის დემონტაჟს და ჩანაცვლებას ახალი საცხოვრებლით. თუმცა (მისივე თქმით) ეს პროცესი ვერ დაიწყო, რადგან კანონმდებლობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განსახორციელებლად საჭიროა მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობა, რისი მოპოვებაც ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მომხდარი ფაქტი უბედურ შემთხვევად ჩათვალეს და პასუხისმგებლობა აირიდეს. თუმცა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დაზიანების რა ხარისხი ქონდა შენობას?
როგორც ცნობილი გახდა, ამ შენობას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მიენიჭა III კატეგორიის ავარიულობის ხარისხი, რაც გულისხმობს „მნიშვნელოვან დაზიანებას“. ეს ხარისხი განსხვავდება უფრო მძიმე, IV კატეგორიისგან იმით, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში შენობა გამაგრებას აღარ ექვემდებარება, და უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი და ჩანაცვლება კანონით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება III კატეგორიის ავარიულ შენობებზე არ არის გაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ ის საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს; საბოლოოდ მაინც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია (დისკრეცია), რას მოიმოქმედებს. დისკრეციის ფარგლებში კი III კატეგორიის ავარიულ შენობებზე რეაგირება შესაძლებელია მოხდეს ორი გზით: 1) რეკონსტრუქცია/გამაგრება, 2) ავარიული სახლის დემონტაჟი და მისი ჩანაცვლება.
შენობა-ნაგებობებიდან მომდინარე საფრთხის არიდების გზებს კანონმდებლობა სხვადასხვა ფორმით ითვალისწინებს, ასევე განსაზღვრავს ზედამხედველ ორგანოებს, უფლება-მოვალეობებს, სამართალდარღვევებსა და პასუხისმგებელ პირებს. ასეთ პირებად ის სუბიექტები არიან განსაზღვრული, რომელთა საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (მათ შორის, სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო) ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე შენობა-ნაგებობის მესაკუთრე ან მოსარგებლე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი.
პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა შედარებით რთულია მრავალბინიანი სახლების შემთხვევაში, ვინაიდან ასეთ შენობებს გააჩნიათ ისეთი ნაწილებიც (სახურავი, კიბე, სარდაფი და სხვა), რომელთა მესაკუთრე მასში არსებული ბინის მესაკუთრე არ არის. თუ ამ მესაკუთრეებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაც არ აქვთ შექმნილი, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის გამოსაკვეთად კანონმდებლობის უფრო ყოვლისმომცველი ანალიზია საჭირო.
პირველ რიგში განვიხილოთ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც არაერთხელ გაჟღერდა მიმდინარე პროცესში. ამ პროგრამის მიზანია ავარიული სახლებიდან გამოყვანილი მოსახლეობის ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფა. ეს პროგრამა და შესაბამისი სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებენ სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებას, რომ ისეთ შემთხვევებში, თუკი შენობა დემონტაჟს არ ექვემდებარება და მასში ადამიანების ცხოვრება შესაძლებელია (მათ შორის, III კატეგორიის ავარიული შენობის შემთხვევაშიც), უზრუნველყოს ისინი ალტერნატიული ფართებით მაშინ, როცა IV და V კატეგორიების შემთხვევაში ეს სავალდებულოა. ამდენად, III კატეგორიის ავარიული შენობა-ნაგებობის შემთხვევაში მასში შესაძლებელია ადამიანთა ცხოვრება და ეს ავტომატურად არ წარმოშობს შენობიდან მათი გაყვანის (და ალტერნატიული ფართების შეთავაზების) ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესის მარეგულირებელი წესები ამ შემთხვევაში არარელევანტურია.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ ავარიული შენობა საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას?
საქართველოს კანონმდებლობა ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით უფლებამოსილ/პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს ორ ნაწილად ჰყოფს: სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე უფლებამოსილია შესაბამისი ცენტრალური ორგანოები, ხოლო დანარჩენზე - ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენს შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოა თბილისის მერია და მისი სტრუქტურები.
თბილისის მერიას კანონმდებლობით ევალება არა მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების პროცესის კონტროლი, არამედ დასრულებული შენობების პროაქტიული, რუტინული ინსპექტირებაც. კერძოდ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების მიხედვით, საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის ფუნქციებს, განეკუთვნება „თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა”. ამ ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გააჩნია პროაქტიული ვალდებულება, დააიდენტიფიციროს ავარიული შენობა და გაანეიტრალოს მისგან მომდინარე საფრთხე. ეს ფუნქცია პირდაპირ პასუხობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის თაობაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, პასუხისმგებელ უწყებას ჰქონდა ინფორმაცია შენობის ავარიულობის ხარისხის შესახებ, თუმცა განიხილა მხოლოდ კორპუსის დემონტაჟის და მისი ჩანაცვლების შესაძლებლობა. მესაკუთრეთა თანხმობის ვერმიღების შემდეგ კი ეს პროცესი შეწყვიტა. მან არ გაითვალისწინა საფრთხე, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა შენობაზე არსებულ ბზარებსა და დაზიანებებს. ასევე არ შეაფასა მისი რეკონსტრუქციის/გამაგრების არც აუცილებლობა და არც შესაძლებლობა. რამდენადაც 14 ივლისს ფასადის ჩამონგრევა ვინმეს ან რაიმეს ფიზიკური ზემოქმედებით არ მომხდარა (არც უკანონო სარემონტო სამუშაო არ მიმდინარეობდა, არც რაიმე დაჯახებია, ან დაცემია შენობას, არც რაიმე ბუნებრივი მოვლენა ყოფილა, მაგ. ქარი), შენობის გამაგრება ასეთი საფრთხის პრევენციას მოახდენდა.
საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ შენობის ავარიულობა დადგინდა, მერია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის სახით, ვალდებული იყო მობინადრეების გასახლებამდე გაემაგრებინა შენობა და ამით დაეზღვია მისგან მომდინარე საფრთხე. ამ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ქალაქი თავიდან აიცილებდა ტრაგედიას, ადამიანების სიკვდილს, ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებას.

