ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად იღებენ უმაღლეს განათლებას. სრულ საშუალო განათლებაზე მაღალი საფეხურისთვის მიღწეული აქვს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 43%-ს, იგივე მაჩვენებელი კი ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში 26%-ია.
ჩვენი კომენტარი
ეთნიკური უმცირესობების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის არსებული საშეღავათო პოლიტიკა ხარვეზებს შეიცავს. საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს გააჩნიათ გამოწვევები, რომლებიც ფინანსურ პრობლემებს, ენობრივ ან აკადემიურ მოუმზადებლობას უკავშირდება.
რა გულისხმობს 1+4 პროგრამა?
2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური საშეღავათო პოლიტიკა, ე.წ. 1+4 პროგრამა. ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეა შესაძლებელი. სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში შეისწავლიან ქართულ ენას და ამ კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. გარდა ამისა, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილია კვოტა – თითოეულისთვის საერთო ადგილების 5%-ის ოდენობით. ამასთანავე, განსაზღვრულია საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობაც და თითოეული ამ ჯგუფებისთვის ის არ აღემატება 100 სტუდენტს.
ეს პროგრამა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის და ეთნიკურ უმცირესობათა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მექანიზმია. აღსანიშნავია, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, კერძოდ, 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. მხოლოდ 2020 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში დაფიქსირდა მცირედი კლება, რაც პანდემიით იყო განპირობებული. მას შემდეგ პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ ეთნიკურ უმცირესობათა რაოდენობა კვლავ იმატებს. საერთო ჯამში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 5837 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი, აქედან კი დაფინანსება მიიღო 951-მა, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 16%-ია.
დიაგრამა N1
ჩარიცხვის წელი | სტუდენტების რაოდენობა | დაფინანსება მოიპოვა |
2019 | 1334 | 186 |
2020 | 1191 | 193 |
2021 | 1180 | 191 |
2022 | 1202 | 196 |
2023 | 1300 | 185 |
რა გამოწვევებია?
დაფინანსების/ფინანსურის ხარჯების საკითხი - ვინაიდან 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე ჩაბარებას და ასეთი საგანი სკოლაში არ ისწავლება, ამ გამოცდისთვის მომზადება დამატებით (რეპეტიტორის) ხარჯებთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო გრანტის მოპოვება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არის შესაძლებელი, ეს მოცემულობა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ აბიტურიენტებს, ვისაც რეპეტიტორთან მომზადების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
იმ სტუდენტებს, ვინც დაფინანსების გარეშე რჩება, გარდა იმისა, რომ დამატებით უწევთ ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსის (1 საუნივერსიტეტო წლის) საფასურის გადახდა, ამ პროგრამის ფარგლებში შეზღუდული აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სპეციალობებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობაც.
განსხვავება სტუდენტების ენობრივ კომპეტენციებში – ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ერთ-ერთი გამოწვევა უნივერსიტეტში ჩაბარებისას სტუდენტთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენცია და სტუდენტებისთვის საბაკალავრო პროგრამაზე მორგებული ქართული ენის პროგრამის შეთავაზებაა. როგორც წესი, მაღალი ენობრივი უნარების მქონე სტუდენტები ვერ იღებენ კომპეტენციების შესაბამის ცოდნას, ხოლო დაბალი ენობრივი უნარების მქონე სტუდენტებისთვის სწავლის ვადა და მიღებული ცოდნა არ კმარა სასურველი დონის მისაღწევად.
ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის განსხვავება უნივერსიტეტებში - განსხვავდება უნივერსიტეტების მზაობა ამ პროგრამის განხორციელების კუთხით. მისი დასრულების მაჩვენებელიც უნივერსიტეტების მიხედვით სხვადასხვაგვარია.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.