პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საქართველოს მთავრობის ვალის ანალიტიკური მიმოხილვა
ნოემბერი 6, 2024

ვალი არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ეკონომიკური კრიზისების დროს, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ის გამოიყენება, ასევე, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელთა განხორციელებაც, ხშირად, შეუძლებელია მიმდინარე შემოსავლებით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ვალის მოცულობას პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მშპ-ს მაღალი ვალის დონე (60%-ზე მეტი) უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. 90%-ზე მეტი კი, საშუალოდ, 1%-ით ამცირებს წლიურ ზრდას.

მთავრობის ვალის ზრდა სხვადასხვაგვარად აისახება მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შემოსავლებზე, ვალის მიზნობრიობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, საინტერესოა არა მხოლოდ ვალის მოცულობა, არამედ მისი გამოყენების მიმართულებებიც - რაში იხარჯება და რომელი სოციალური კლასი სარგებლობს ყველაზე მეტად ვალით დაფინანსებული პროექტებით.

ჩვენი კომენტარი

პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა, განვითარების სახელით, მაგრამ უმეტესად პირადი ინტერესებისთვის, ხშირად მიმართავს სახელმწიფო ვალს. ამის შესაძლებლობას იძლევა ვალით დაფინანსებული ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა გზები და ჰესები, რაც ხშირად აზიანებს ბუნებრივ გარემოს და ადგილობრივებს, მაგრამ ამდიდრებს კორპორაციებს (კერძო კონტრაქტორებს) საზოგადოების ხარჯზე.

ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო სახსრების პრიორიტეტი უნდა იყოს სოციალური ინფრასტრუქტურა - ჯანდაცვა, განათლება, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და სამართლიანი, მდგრადი განვითარება - რომელიც პირდაპირ აუმჯობესებს უმრავლესობის ცხოვრების დონეს.

რა უნდა ვიცოდეთ მთავრობის ვალის კანონმდებლობაზე?

საქართველოში არსებული კანონმდებლობა განასხვავებს სახელმწიფო ვალს და მთავრობის ვალს.

სახელმწიფო ვალი წარმოადგენს, მთავრობის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს გარანტიით სხვა ორგანოების მიერ აღებული საშინაო და საგარეო ვალების ჯამურ თანხას. ხოლო, რაც შეეხება მთავრობის ვალს (დიაგრამა N1), იგი მოიცავს, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ვალს, გარდა ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა, სადაც 2023 წლიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანოების (სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოები) ვალიც.

დიაგრამა N1. მთავრობის და სახელმწიფო ვალს შორის განსხვავება.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2018 წლიდან “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” ორგანული კანონის ვალის წესი (დიაგრამა N2) არეგულირებს მთავრობის ვალს, ნაცვლად სახელმწიფო ვალის მშპ-თან შეფარდებისა. ვალის წესი (მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 60 პროცენტს), აგრეთვე ითვალისწინებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ღირებულებას, რაც საბოლოოდ, შემდეგნაირად გამოისახება:

დიაგრამა N2: ვალის წესი საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სტატია მიმოიხილავს მთავრობის ვალს (რომელიც მოიცავს PPP-ს), ნაცვლად სახელმწიფო ვალისა.

როგორია მთავრობის ვალის ტენდენციები?

დიაგრამა N3-დან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლეულში მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს, პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაფიქსირდა.

დიაგრამა N3: მთავრობის ვალის და PPP ვალდებულებების ჯამის %-ული თანაფარდობა მშპ-თან 2014-2023 წლებში.

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ასევე ირკვევა, რომ ამავე წელს, ვალის წესით (დიაგრამა N2) განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრის ზღვარი დაირღვა, როდესაც მთავრობის ვალისა და PPP პროექტებში აღებული ვალდებულებების ჯამმა მშპ-ის 60.4% შეადგინა. მიზეზი სწორედ კოვიდ კრიზისის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს უკავშირდება (ბიზნესის მხარდაჭერა, სოციალური დაცვა), რომელთა განსახორციელებლად მთავრობამ ვალით დაფინანსებული 3.6 მილიარდიანი ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა გაატარა.

მთავრობის ვალის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი საგარეო ვალზე მოდის. კერძოდ, 2014-2023 წლებში მთავრობის საგარეო ვალის წილი მთლიან მთავრობის ვალში, საშუალოდ, 79.5%-ს შეადგენდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ვალის სტრუქტურა იცვლება და 2022 წლიდან საგარეო ვალი შემცირების, ხოლო საშინაო ვალი, შესაბამისად, ზრდის ტენდენციას იძენს.

დიაგრამა N4: მთავრობის ვალის სტრუქტურის დინამიკა 2014-2023 წლებში (%).

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

მიუხედავად ზემოთხსენებული ტენდენციისა, საგარეო ვალის წილი კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება (70%), რაც სავალუტო და ინფლაციურ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ საგარეო ვალი დენომინირებულია უცხოურ ვალუტებში. ხოლო, თუ ადგილობრივი ვალუტა გაუფასურდა, ეს გამოიწვევს ვალის მომსახურების გაძვირებას და ზოგადად ფასების ზრდას, როგორც ეს 2020-2021 წლებში მოხდა (დიაგრამა N5).

დიაგრამა N5: მთავრობის საგარეო ვალი აშშ დოლარში და ლარში 2014-2023 წლებში (მლნ აშშ დოლარი, მლნ ლარი).

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის მთავრობის ვალის საპროგნოზო მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, მზარდია 1,231.7 მლნ ლარით. ზრდა გამოწვეულია საშინაო ვალის 1,343.7 მლნ ლარით მატებით, მაშინ როცა საგარეო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 112.0 მლნ ლარით. კერძოდ, 2024 წლის ბოლოსთვის, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი (22,763.9 მლნ ლარი) შეადგენს მთლიანი მთავრობის ვალის 69.6%-ს, ხოლო საშინაო ვალი 30.4%-ს.

ვინ არიან დონორები?

საგარეო ვალის დიდი ნაწილი, 75%, მოზიდულია მრავალმხრივი კრედიტორებისგან (განვითარების ბანკები), 19% – ორმხრივი კრედიტორებისგან (სახელმწიფოები), ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი (6%) წარმოადგენს სხვა საგარეო ვალდებულებებს, როგორიცაა ევრობონდები (ცხრილი N1).

ცხრილი N1

საპროგნოზო ნაშთი 31.12.2024
მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი                                                         22,763.9
მრავალმხრივი კრედიტორებისაგან                                                       17,180.8 (75.4%)
ორმხრივი კრედიტორებისგან                                                                4,227.09 (18.6%)
სხვა საგარეო ვალდებულებები (ევრობონდები)                                    1,356.1 (6.0%)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის ბიუჯეტის პროგნოზის მიხედვით, მთავრობის საგარეო ვალის სტრუქტურაში, კრედიტორების მიხედვით, მრავალმხრივი კრედიტორები კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც 2023 წელს. მთავრობის უმსხვილესი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი (მთლიანი საგარეო ვალის ნაშთის შესაბამისად, 26.6%, 26.1% და 13.1%, ჯამში – 65.8%).

ცხრილი N2: მრავალმხრივი კრედიტორებისაგან საგარეო ვალის ნაშთის სტრუქტურა 2024 წელს (მლნ ლარი)

სულ მთავრობის საგარეო ვალი 22,763.9
მრავალმხრივი კრედიტორებისგან 17,180.8
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 6,006.5
მსოფლიო ბანკი (WB) 5,945.0
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 2,974.8
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 629.0
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 529.8
საერთაშორისო სვალუტო ფონდი (IMF) 502.8
ევროკავშირი (EU) 381.1
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 104.7
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 38.5
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 8.6

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

მრავალმხრივი კრედიტორების შემდეგ, ორმხრივი კრედიტორები მოდიან, რომელთა წილი საგარეო ვალში უტოლდება 18.6%-ს. აქედან, ორი ძირითადი კრედიტორი ქვეყანა საფრანგეთი და გერმანიაა, რომელთაგანაც აღებული ვალის ნაშთი მთავრობის საგარეო ვალის, შესაბამისად, 9.5%-ს და 7.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება მთავრობის საშინაო ვალს, 2024 წლის ბოლოსთვის, მისი საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრულია 9,950.0 მლნ ლარის ოდენობით და მთავრობის ვალის საპროგნოზო მოცულობის 30.4%-ს აღწევს. მის შემადგენლობაში უდიდესი წილი, 94%, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებს უკავია, რომლებსაც ძირითადად კომერციული ბანკები ყიდულობენ. 3% – სახაზინო ვალდებულებებს, ხოლო 2% – სხვა დანარჩენ ვალდებულებებს.

რას ვაფინანსებთ ვალით?

ათვისებული თანხები, სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

დიაგრამა N6:  ვალის მოცულობა სექტორების მიხედვით

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ნახაზიდან ჩანს, რომ მრავალმხრივი კრედიტორების მხრიდან ათვისებული სესხით, რაც საგარეო ვალის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, ძირითადად გრძელვადიანი (5-10 წლიანი) საგზაო, მუნიციპალური და ენერგეტიკის დარგში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება საქართველოში. გამონაკლისია კვლავ 2020-2021 წლები, სადაც ვალის უდიდესი წილი ბიუჯეტის მხარდაჭერაზე მოდიოდა, კოვიდ კრიზისის დროს გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების გამო. თუმცა ამის შემდეგ, ვალის მოცულობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის წილი კვლავ მზარდია და 2023 წლისთვის იგი მთლიანი ვალის 55.30%-ს აღწევს.

შესაჯამებლად:

საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში, ეკონომიკური განვითარება ხშირად მხოლოდ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეა დაყვანილი. ამგვარ პროექტებს კი მთავრობები უმეტესად საგარეო ვალის საშუალებით აფინანსებენ. იმის გარდა, რომ მეგა ინფრასტრუქტურული პროექტები, ნაცვლად ხალხის ცხოვრების ჭეშმარიტად გაუმჯობესებისა, ხშირად სოციო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზიანს განაპირობებს, მათი განხორციელება ხელს უწყობს პოლიტიკურ რეჟიმების სიმყარეს ავტორიტარულ ქვეყნებში. ვალით დაფინანსებული PPP პროექტების განხორციელება, ახალ ეკონომიკურ კლასს წარმოქმნის, რომელიც გამუდმებით იმარჯვებს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. ამგვარად, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტები მდიდრდებიან და ძლიერდებიან აღნიშნული განვითარების მოდელის ფარგლებში, მაშინ როცა საგარეო ვალის გრძელვადიანი ფინანსური ტვირთი მთელ მოსახლეობას ეკისრება.

ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპების გარეშე, როგორიცაა, მაგ. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, შეუძლებელია იმის გარკვევა თუ როგორ ხდება საჯარო სახსრების განაწილება. ეს იწვევს კორუფციას და ისეთი პროექტების პრიორიტიზირებას, რომლებიც ემსახურება პოლიტიკურ და ბიზნესს ინტერესებს ნაცვლად გადაუდებელი სოციალური საჭიროებებისა, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება ან ხელმისაწვდომი საცხოვრებელი.

 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზეზვა ზანგურაშვილი
ზეზვა ზანგურაშვილი
ავტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი