პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვეტინგი მართლმსაჯულების ორგანოებში: კითხვები და პასუხები
მარტი 22, 2024

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, არაერთხელ და დემონსტრაციულად, რეაგირების გარეშე დატოვა მოწოდებები სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის საჭიროებაზე, ვენეციის კომისიამ, პირველად და მკაფიოდ მიუთითა საქართველოში ვეტინგის მექანიზმის გამოყენების იდეაზე. მოგვიანებით ეს საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიამაც დააყენა. გასულ წელს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან ერთად,  ევროკავშირის 9 პრიორიტეტში ჩაიწერა კეთილსინდისიერების შემოწმების სპეციალური მექანიზმის დანერგვის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების მიმართ. ვეტინგთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაგროვდა და შევეცდებით მათ ამ ტექსტში ვუპასუხოთ.

  1. რა არის ვეტინგი?

ვეტინგი არასტანდარტული, საგამონაკლისო პროცედურაა. ის აფასებს საჯარო მოხელის პროფესიული ეთიკის, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების შესაბამისობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. აგრეთვე, პირის შემოსავლებისა და ქონების თანაფარდობას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მის კავშირებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან.

  1. ვინ ექვემდებარება ვეტინგს მართლმსაჯულებაში?

შემოწმებას ექვემდებარება კანდიდატი ან მოქმედი მოსამართლე, პროკურორი, კოლეგიური ორგანოს (მაგალითად, საბჭოს) წევრი. კრიტერიუმები და შეფასების სტანდარტები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ ვინ მოწმდება. ვეტინგის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორისაა წინასწარი ვეტინგი, რა დროსაც მოწმდება თვითმმართველ ორგანოში ასარჩევი კანდიდატი და არსებობს სრულმასშტაბიანი ვეტინგი, რა დროსაც მოწმდება თანამდებობაზე უკვე დანიშნული მოსამართლე ან პროკურორი.

  1. რა მიზანი აქვს ვეტინგს?

ვეტინგის მიზანია მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობისა და საჯარო ლეგიტიმაციის დაბრუნება. მისი გამოყენების საჭიროება მაშინ დგება, როცა სახეზეა ანგარიშვალდებულების ღრმა კრიზისი და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის რყევა, სისტემაში ღრმად ფესვგადგმული კორუფციის ან/და სისტემური არაკეთილსინდისიერების გამო. ითვლება, რომ ეს გამოწვევები, მათი მასშტაბის გამო, სტანდარტული, უკვე მოქმედი მექანიზმებით (მაგალითად, პერიოდული შემოწმება, კვალიფიკაციის ამაღლება, დისციპლინური დევნა) ვერ დაიძლევა.

  1. ვინ ატარებს ვეტინგს?

ვეტინგისთვის სპეციალური, დროებითი ორგანოები იქმნება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირია ვეტინგში ადგილობრივებთან ერთად, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა. უცხოელების მონაწილეობის მიზანი პროცესის მიუკერძოებლობის ჩვენებაა. მათი ჩართულობის ფორმები კი მრავალფეროვანია. უცხოელები შეიძლება მონაწილეობდნენ როგორც პროცესის დამკვირვებლები, უშუალოდ შეფასების კომისიის წევრები, ან მთლიანად პროცესების ორგანიზების შესახებ მრჩევლები.

  1. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვეტინგს?

ვეტინგის შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რა ფორმის ვეტინგი ტარდება. ვეტინგის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს იმ მოსამართლის/პროკურორის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, რომელიც ვერ გაივლის ვეტინგს. ასევე, კოლეგიურ ორგანოში (მაგალითად, იუსტიციის საბჭო) ასარჩევად ნომინირებული მოსამართლე/პროკურორის უარყოფითი შეფასება, რის შემდეგაც ის ვეღარ დაიკავებს საბჭოს წევრის პოზიციას. თუმცა, ასეთი პირი შეიძლება დარჩეს პროკურორის/მოსამართლის თანამდებობაზე. ამის მიზეზი შეფასების განსხვავებული სტანდარტებია (იხ. კითხვა N2).

  1. დროებითია თუ მუდმივი?

ვეტინგი მართლმსაჯულების სისტემურ გამოწვევებს ერთჯერადად და მეტნაკლებად მყისიერად უნდა პასუხობდეს. გასათვალისწინებელია, რომ ვეტინგი არ არის რეფორმა. ის არის ძირითადი რეფორმის დამხმარე, დროებითი მექანიზმი, რომელმაც ამ რეფორმის შედეგების სტაბილურობა, მდგრადობა უნდა უზრუნველყოს.

  1. რა უნდა უძღოდეს წინ?

ვეტინგი რთული, ხარჯიანი და კომპლექსური პროცესია. მის შესახებ გადაწყვეტილება უნდა დასაბუთდეს უკიდურესი აუცილებლობის არგუმენტით და დასაბუთებით, რომ სისტემურ პრობლემებთან ბრძოლის ყველა სხვა შესაძლო გზა ამოწურული ან აზრდაკარგულია. ვეტინგს წინ უნდა უძღოდეს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია, ინკლუზიური პროცესი და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება.

  1. რა პრინციპებს ემყარება?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ვეტინგის პროცესი და შედეგები ლეგიტიმურია, როცა იგი საჯაროობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება, აკმაყოფილებს სამართლიანი განხილვის უფლებას და უზრუნველყოფს შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას.

  1. როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

ვეტინგის გამოცდილება რამდენიმე ქვეყანაში დაგროვდა, მათ შორისაა, ალბანეთი, კოსოვო, მოლდოვა, უკრაინა. თითოეულის გამოცდილება განსხვავებული და ინდივიდუალურია. თუმცა, დაგროვილი გამოცდილება ააშკარავებს პროცესის სირთულეს და შესაბამისად მაღალი ლეგიტიმაციის, საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური კონსენსუსის საჭიროებას.

  1. უპირისპირდება თუ არა ვეტინგი სუვერენიტეტს?

ვეტინგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერით. მაღალი ლეგიტიმაციის საჩვენებლად,  შეთანხმება შეიძლება კონსტიტუციაშიც აისახოს. პროცესში უცხოელების შესაძლო მონაწილეობა (რაც თავის მხრივ, ვეტინგის ერთადერთი ფორმა არ არის) სუვერენიტეტის პრობლემას არ ქმნის. ვეტინგის ორგანოები ეროვნული ხელისუფლებების (მაგალითად, პარლამენტი) მიერ იქმნება და კომპლექტდება. ამ ორგანოების ლეგიტიმაციას და პროცესის კონსტიტუციასთან შესაბამისობას სწორედ ეს განსაზღვრავს.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი