ფორმალურ დასაქმებაში, არაფორმალური დასაქმებისგან განსხვავებით, მეტად არის უზრუნველყოფილი სტაბილური შემოსავალი, სოციალური დაცვა და დასაქმებასთან დაკავშირებული სარგებელი. შრომითი ურთიერთობის დროს დასაქმებული დაცულია გარკვეული საკანონმდებლო სტანდარტებით.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- თუ არაფორმალურ შრომაში ხართ ჩართული, არ გაქვთ წვდომა საჯარო სიკეთეებზე;
- სოციალური სამართლიანობის მიღწევა მეტად არის შესაძლებელი ფორმალური დასაქმების შემთხვევაში. ეს ადამიანის სოციალურ მდგომარეობას მეტად დაცულსა და სტაბილურს ხდის, ვიდრე არაფორმალური/ხელშეკრულების გარეშე დასაქმება.
ჩვენი კომენტარი
არაფორმალური შრომა არის ერთგვარი მახე, რომელიც მშრომელს არ სთავაზობს საყოველთაო სიკეთეებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალურ სექტორში მინიმალურია პროფესიული განვითარების ან გადამზადების შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივაში რთულდება მშრომელის ფორმალურ სექტორში დასაქმება. ყოველივე ამის გამო, ინდივიდს არ ეძლევა განვითარების საშუალება და ვერც ეკონომიკურ სტაბილურობას აღწევს.
რა არის პრობლემა?
- როდესაც ქვეყანაში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაშია ჩართული, ფერხდება ფორმალური დასაქმების პოლიტიკის წარმოება;
- არაფორმალურ შრომაში ჩართულ მშრომელს პროფესიული განვითარების ძალიან მცირე შესაძლებლობა აქვს;
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინფორმაციით, ძალიან დაბალია იმის შესაძლებლობა, რომ არაფორმალურად დასაქმებულის ტრანზიცია მოხდეს ფორმალურ დასაქმებაში, რადგან არაფორმალურ დასაქმებაში პროფესიული განვითარება ნაკლებად მოისაზრება;
- საქართველოს შრომის ბაზარი სამუშაოს მაძიებელს ხშირად სთხოვს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებასა და შესაბამის სამუშაო გამოცდილებას/უნარებს. არაფორმალურად დასაქმებულებს კი უჭირთ მოთხოვნების სრულყოფილად დაკმაყოფილება, რაც ართულებს ტრანზიციის შესაძლებლობას.
რა უნდა ვიცოდეთ?
- მსოფლიოში ფორმალური სამუშაო სივრცეც სულ უფრო დაუცველი ხდება, რის გამოც მცირდება სოციალური თანასწორობის შესაძლებლობა.
- თუმცა, ამის ფონზე კიდევ უფრო დიდი სეგმენტიზაცია და უთანასწორობა იკვეთება არაფორმალურ შრომაში, რომელიც ხშირად შრომის კოდექსის მიღმა ფუნქციონირებს.
უფრო დეტალურად
არაფორმალური შრომიდან ფორმალურ შრომაში ტრანზიციის ხელის შემშლელი ძირითადი ფაქტორებია:
- პროფესიული განვითარების ნაკლები შესაძლებლობა;
- პროფესიულ სასწავლებლებსა და დასაქმების ხელშემწყობი პროფესიული სწავლების კურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობა;
- არაფორმალურად დასაქმებული ვერ ამტკიცებს სამუშაო სტაჟსა და კვალიფიკაციას, რადგან ხელშეკრულების გარეშეა დასაქმებული;
- არაფორმალურ ეკონომიკურ შრომაში ჩართული ადამიანი ხშირად აღიქმება დაბალი/ნაკლები კვალიფიკაციის მქონედ.
ასეთ პირობებში კი ადამიანი გაურკვეველი დროით რჩება დასაქმებულად არაფორმალურ შრომაში, არაპროგნოზირებად, არამდგრად და ხშირად დაბალანაზღაურებად პირობებში.