პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დათვალიერება, ჩხრეკა თუ სპეციალური საპოლიციო კონტროლი?
აპრილი 3, 2025

ბოლო დროს თბილისის ქუჩებში გახშირდა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა შეჩერების და შემოწმების პრაქტიკა. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, ამგვარი ღონისძიებების მასშტაბი ქმნის ჭარბი საპოლიციო კონტროლისა და მოქალაქეების დაშინების განცდას. ამ სტატიაში ავხსნით, რას ნიშნავს ქუჩაში მოქალაქეთა შეჩერებისა და შემოწმების პრაქტიკა და რისი უფლება გვაქვს ამ დროს.

რა არის ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება?

„პოლიციის შესახებ“ კანონით, ზედაპირული შემოწმება პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებაა. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩხრეკისგან, რომელიც არა პრევენციული, არამედ საგამოძიებო მოქმედებაა. ჩხრეკის ჩატარებას განსხვავებული ფორმა და პროცედურა აქვს. ჩხრეკისთვის საჭიროა სასამართლოს განჩინება, ან გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შემდგომი შემოწმება სასამართლოში.

ზედაპირული შემოწმებისას პოლიციელს შეუძლია პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხება. ამ დროს პოლიციელს ასევე შეუძლია პირის ფაქტობრივ მფლობელაში არსებული ნივთის და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერებაც, რაც ასევე გულისხმობს საბარგულის დათვალიერებასაც. ზედაპირული დათვალიერება არ გულისხმობს პირად ნივთებთან პოლიციელის უშუალო შეხებას, ჯიბეების ამობრუნებას, ან სხვა მსგავს ქმედებას.

რა დროს შეუძლია პოლიციელს პირის ზედაპირული შემოწმება?

ზედაპირული შემოწმების ჩატარებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა სჭირდება. მაგალითად, პოლიციელს შეუძლია ზედაპირულად შეამოწმოს პირი, თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირს შესაძლოა თან ჰქონდეს ნივთი, რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან რომლის გადატანაც შეზღუდულია.

პოლიციას ზედაპირული შემოწმების უფლება ასევე აქვს წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ანუ ე.წ. საპოლიციო რეიდის ჩატარების დროს. თუმცა, რეიდს თავის მხრივ განსხვავებული საფუძვლების არსებობა სჭირდება. მაგალითად, უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ასევე, რეიდის შესახებ წერილობით უნდა გამოიცეს შესაბამისი განკარგულება. ის პოლიციელი კი, რომელიც რეიდს ახორციელებს აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეოგადამღები ტექნიკით.

თბილისში მიმდინარე შემოწმებების მასშტაბი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა სამინისტრო სწორედ სპეციალურ საპოლიციო კონტროლს ახორციელებდეს. თუმცა შესაბამისი განკარგულების გამოცემის შესახებ ინფორმაცია უცნობია.  2017 წლის შემდეგ, შს მინისტრის ამგვარი ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

რისი უფლება გვაქვს?

მოქალაქეს უნდა შეეძლოს პოლიციელის იდენტიფიცირება. თუ გარეგნული ნიშნებით ეს შეუძლებელია, პოლიციელი ვალდებულია პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ზოგადად, პოლიციელთან ურთიერთობისას მოქალაქეს უფლება აქვს გადაიღოს მასთან კომუნიკაცია, მოსთხოვოს სამხრე-კამერის ჩართვა, საპოლიციო ღონისძიების საფუძვლის განმარტება.

ზედაპირული შემოწმება, როგორც წესი, შესაბამისი სქესის პოლიციელმა უნდა განახორციელოს. პირის შეჩერება არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს და პოლიციელმა ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა შეადგინოს ოქმი. პირს ასევე უნდა განემარტოს ღონისძიების გასაჩივრების შესაძლებლობა.

თუმცა, თუ ზედაპირული შემოწმება საპოლიციო რეიდის ფარგლებში ხორციელდება, პოლიციელს ოქმის შედგენა არ ევალება. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელი აღჭურვილი იყოს ჩართული სამხრე ვიდეო-კამერით.

ვიდეო გადაღების მიზანი პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადაჭარბებისგან მოქალაქის დაცვაა. ზოგიერთ შემთხვევაში კანონი თავად პოლიციას ავალდებულებს აღბეჭდოს მოქალაქესთან კომუნიკაცია. თუმცა, ამის გაკეთება შეჩერებულ პირს თავადაც შეუძლია. ასეთი მტკიცებულებების შექმნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პრობლემური პრაქტიკის გამო, როცა ირღვევა ზედაპირული დათვალიერების წესები და იგი ფაქტობრივად ჩხრეკაში გადაიზრდება.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი