პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დაზარალებული მოვალე ადვოკატის გარეშე
სექტემბერი 11, 2023

ოჯახები თვალთმაქცური სქემის შედეგად დაკარგულ საცხოვრებლებს, როგორც წესი, საკუთარი ნებით არ ტოვებენ. მათი გამოსახლებისთვის მევახშეები სასამართლოებს მიმართავენ. ასეთ დავაში კვალიფიციური იურიდიული წარმომადგენლობა და სასამართლოს როლი მოვალეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.   

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამგვარ დავებში ხშირად მოვალეს ადვოკატი არ წარმოადგენს. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს უძრავი ქონების დაკარგვის რისკის წინაშე მყოფ პირს.  

ჩვენი კომენტარი

სამართლიანი მართლმსაჯულება ხარისხიან იურიდიულ დახმარებაზე წვდომასაც გულისხმობს. შეჯიბრებითი პროცესის პირობებში სრულფასოვანი და ფართოდხელმისაწვდომი იურიდიული დახმარების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ეს შესაძლებლობა უპირობოდ უნდა იყოს რეალიზებული მაშინ, როდესაც ადამიანები თვალთმაქცური გარიგებით უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვის წინაშე დგანან

რა უნდა ვიცოდეთ?

სესხთან დაკავშირებული დავები მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარეობს:

  • მხარეები თავად განსაზღვრავენ, რომელ ფაქტებზე დაამყარონ პოზიცია (მოთხოვნები) და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურონ ისინი
  • სასამართლოს როლი შეზღუდულია. ის მხოლოდ წარმოდგენილი პოზიციებისა და მტკიცებულებების ფარგლებში მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას.

მოვალემ თვალთმაქცური გარიგების არსებობა შეიძლება დაადასტუროს:

  • პროცენტის არსებობით, მსესხებლისთვის მისი გადახდის ფაქტით, გადახდის გრაფიკით ან სხვა მსგავსი მტკიცებულებით, რომელიც მას დაეხმარება, ამტკიცოს, რომ თანხა აიღო არა საცხოვრებლის საფასურად, არამედ სესხად;
  • კანონის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს, გამსესხებელს მოსთხოვოს პროცენტის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, გამსესხებელი კი ვალდებულია, ეს მოთხოვნა შეასრულოს.

ამ გარემოებების დამტკიცებას მოვალის ბრძოლისუნარიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამას კი კვალიფიციური იურიდიული დახმარება სჭირდება.

როგორ ერთვება ადვოკატი საქმეში?

კანონმდებლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი ან ნებისმიერი პირი, ადვოკატის კვალიფიკაციის გარეშე.

წარმომადგენლობის უფლება აქვს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატსაც, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში.

რა პრობლემაა?

ჩვენ მიერ შესწავლილი სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს, რომ მოვალეს,  უმეტეს შემთხვევაში, წარმომადგენელი არ ჰყავს (შესწავლილი 18 საქმიდან 12-ში). კვალიფიციური ადვოკატის მომსახურების მიღებას შეიძლება აფერხებდეს არასაკმარისი ფინანსები, უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ინფორმაციის უქონლობა ან დადგენილ კრიტერიუმებთან გარემოებების შეუსაბამობა

რა (არ) შეუძლია გააკეთოს მოსამართლემ?

მოსამართლეს უფლება აქვს

  • უარი თქვას არაადვოკატი პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, თუ მიიჩნევს, რომ მას მხარის წარმოსადგენად და დასაცავად საკმარისი მონაცემები არ გააჩნია;
  • მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს ადვოკატის დანიშვნაზე შუამდგომლობით მხოლოდ კონკრეტულ გარემოებებში, რომელშიც სესხთან დაკავშირებული დავები არ ხვდება.

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარისმიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარიდა მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი