კომენტარის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა 63% უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 33% ნეიტრალურად უყურებს სახელმწიფოს როლს შრომასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში. მეტიც, რესპონდენტთა დიდი ნაწილი, სამსახურში არსებულ გამოწვევებს სამუშაოს შეცვლით (21%), სხვა სამუშაოს დამატებით (32%) უმკლავდება ან საერთოდ ვერ უმკლავდება პრობლემებს დამოუკიდებლად (18%). ეს ცხადად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს როლი და ფუნქცია არ არის სათანადო არსებული გამოწვევების გადაწყვეტაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უყურებენ მშრომელები სახელმწიფოს როლს მათი უფლებების დასაცავად, რათა უკეთ შევძლოთ არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება.
ჩვენი კომენტარი
შრომის უსაფრთხოების, შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა, იქნება ეს ქვეყნის პარლამენტი, შრომის ინსპექცია თუ სასამართლო ხელისუფლება.
როგორ უყურებენ/აფასებენ მშრომელები სასამართლოს როლს?
დასაქმებულები სასამართლოს ხშირად მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც მათ ათავისუფლებენ. კითხვაზე, ოდესმე მიუმართავთ თუ არა სასამართლოსთვის, რესპონდენტთა თითქმის მესამედი მიუთითებს, რომ საჭიროების მიუხედავად, არ მიუმართავთ სასამართლოსთვის.
ვინც მიმართავს სასამართლოს, გარკვეულ შემთხვევებში ასეთ დავებს იგებს, თუმცა, ამას ძალიან ცოტა აკეთებს, რაც არ არის საკმარისი სამართლიანობის აღსადგენად. კვლევაში მონაწილე ადვოკატების თქმით, დამსაქმებლისთვის განაცდურის ანაზღაურება ხდება დაგვიანებით, გარდა ამისა, სამართალწარმოება საკმაოდ ხანგრძლივი და ფინანსებთან დაკავშირებული პროცესია, რაც მშრომელთა უმეტესობისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ეს კი გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს ამ მიმართულებით მშრომელთა საერთო მდგომარეობაზე.
როგორ უყურებენ/აფასებენ მშრომელები შრომის ინსპექციის როლს?
კომენტარის კვლევაში, იმ რესპონდენტებიდან, რომლებმაც დააფიქსირეს, რომ იცნობენ ან საშუალოდ იცნობენ შრომის ინსპექციის ფუნქციებს, მათი მუშაობა მხოლოდ 8%-მა შეაფასა დადებითად. მშრომელების მონათხრობში იკვეთება ამ ინსტიტუციის მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დამოკიდებულება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია და წინგადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციურ დონეზე მისი არსებობა და ფუნქციონირება. ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს კრიტიკა შრომის ინსპექციის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით. რესპონდენტთა ნაწილის აზრით, ინსპექციის მუშაობა არ არის ეფექტური, რადგან:
- მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მანდატი, რომელიც მნიშვნელოვნად აღმოფხვრიდა არსებულ პრობლემებს. მაგ. კონკრეტული კომპანიების ბიუჯეტისთვის მათ მიერ გამოწერილი ჯარიმების ოდენობა არ არის მძიმე ეკონომიკური ტვირთი და, შესაბამისად, გაწერილი რეკომენდაციები არ სრულდება.
- ისეთი სექტორი, როგორიცაა არაფორმალური შრომა, მინიმალურადაც კი ვერ კონტროლდება მათი მხრიდან.
- ნაკლებად ხდება რეინსპექტირების შემთხვევები − ნაკლებად მოწმდება გამოსწორდა თუ არა პრობლემა.
- პრობლემის აღმოფხვრაზე უფრო ხშირად მუშაობენ და ობიექტებზე პრევენციული სამუშაოები ნაკლებად ტარდება.
როგორია მშრომელების ხედვა გამოწვევების მოგვარების თაობაზე?
კვლევაში მონაწილე პირთა აზრით, პრობლემების აღმოსაფხვრელად, საჭიროა სისტემური ხედვა, რომელიც მოიაზრებს სოციალური დაცვის სისტემის სხვადასხვა მოდელის განხილვას და საუკეთესო ვერსიის დანერგვას, რომელიც არ იქნება ფრაგმენტული, იქნება გრძელვადიანი, მოიცავს ყველა ჯგუფს და არ დატოვებს დაცვის მიღმა არცერთ მშრომელს.
კონკრეტული საკითხების მიმართულებით მათი რეკომენდაციები კი მოიცავს შემდეგს:
- ადეკვატური და ღირსეული უნივერსალური მინიმალური ხელფასის შემოღება;
- ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხის (მინიმალური პროცენტი) კანონმდებლობით განსაზღვრა;
- შრომის ინსპექციის მანდატის კიდევ უფრო გაფართოება, მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება, პრობლემის აღმოჩენისა და დარღვევის აღმოფხვრის არსებითი ბერკეტების დამატება, ამ ინსტიტუციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში, მათ შორის, მეტი კომუნიკაცია მშრომელებთან, იმის შესახებ, რომ მიმართვიანობა კონფიდენციალურია;
- სასამართლოში, დასაქმებულის მიერ ინიციირებული ყველა შრომითი საქმის ბაჟისგან გათავისუფლება და შრომითი დავების სწრაფი და ეფექტიანი განხილვა;
- სახელმწიფოს მხრიდან კოლექტიური მოლაპარაკებების წახალისება და დასაქმებულთა და პროფკავშირთა ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების გადაჭრა;
- სექტორების მიხედვით, ისეთი სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც მოითხოვს ცვლილებებს შრომის კოდექსში, მაგალითად, როგორებიცაა: შრომითი ურთიერთობის ფორმალიზება, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. განსაკუთრებით, ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება და უმუშევრობის დაზღვევის/შემწეობის შემოღება.
წინამდებარე სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.