პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ძალადობა და დაუსჯელობა პოლიციაში – როგორ არიდებს პასუხისმგებლობას თავს სისტემა?
მაისი 30, 2024

ბოლო პერიოდის აქციებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს რეპრესიის მასშტაბი. ის პროტესტის ჩახშობას ყველაზე მძიმე მექანიზმებით ცდილობს, აცოცხლებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დასჯის, პოლიციის ძალის გადამეტებისა და დაუსჯელობის წარსულ პრაქტიკას. პოლიციამ ამ დრომდე აქციებზე, სხვადასხვა საფუძვლით, 200 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. მედიასაშუალებებებით არაერთი ფაქტი გავრცელდა, რომელიც აჩვენებს დაკავებისას პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა მიზანმიმართული ანგარიშსწორებისა და მძიმე ფიზიკური დაზიანების ფაქტებს. დაკავებისას ძალის გადამეტების გამო, რამდენიმე პირს სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე არც ერთი პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. სახელმწიფო ამის გამართლებას ხშირად ერთი არგუმენტით ცდილობს − თითქოს ვერ ახერხებს მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირებას.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ნიშნავს სახელმწიფოს ეს არგუმენტი სინამდვილეში.

ჩვენი კომენტარი

პოლიციელების იდენტიფიცირების პრობლემა სახელმწიფოსთვის ტექნიკური არგუმენტია. ამის მოგვარება მას მარტივად შეუძლია. თუმცა, მიზანმიმართულად არ ცდილობს. სახელმწიფოს აწყობს, არ გამოავლინოს მოძალადე ოფიცრები. ოფიცრებისთვის დაუსჯელობის გარანტიის მინიჭება, სახელმწიფოს რეპრესიულ მართვაში ეხმარება.

რატომ არის მნიშვნელოვანი მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარება?

პოლიციის ოფიცრების მიერ მაიდენტიფიცირებელი ნიშნების ტარება, საპოლიციო სისტემის ანგარიშვალდებულების ნაწილია. პოლიცია  მოქალაქესთან ურთიერთობისას სახელმწიფოს წარმოადგენს. დემოკრატიულ სისტემაში პოლიციას, როგორც სახელმწიფოს სახელით მოქმედ ორგანოს/პირს, გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა მოქალაქის წინაშე. მოქალაქე, როგორც უმაღლესი პოლიტიკური სუბიექტი სახელმწიფოში, უფლებამოსილია იცოდეს, კონკრეტულად ვინ და როგორ მოქმედებს მისი სახელით. ანგარიშვალდებულების ეს ფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ძალის გამოყენების შეფასებისას. ანგარიშვალდებულება ძალის გამოყენების კონტროლის და სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ოფიცრების პასუხისმგებლობის მექანიზმია. ძალის გამოყენება ის მიზეზია, რის გამოც, საჯარო ადმინისტრირების სხვა პროცესის/ურთიერთობისგან განსხვავებით, პოლიციის ოფიცერი არ არის დაცული აღმასრულებელი პრივილეგიისგან. ის პირადად და უშუალოდ აგებს პასუხს ქმედებაზე. ამაში კიდევ ერთხელ ვლინდება პოლიციის და მოქალაქის ურთიერთობის განსაკუთრებული თავისებურება. ანგარიშვალდებულება პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისას, დაზარალებული პირებისთვის ეფექტიანი გამოძიების უფლებასაც მოიცავს. ამდენად, ის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ნაწილიცაა. ეფექტიანი გამოძიება აზღვევს სისტემურ დაუსჯელობას და ის სამომავლო ძალადობის პრევენციას უწყობს ხელს. ოფიცრების იდენტიფიცირება გამოძიებაზე სახელმწიფოს ვალდებულების (დაზარალებულის უფლებების დაცვის) შესრულებას აადვილებს. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში, სახელმწიფო ანგარიშვალდებულების ამ ელემენტსაც არ იცავს. ბოლოდროინდელ აქციებზე მომხდარი ძალადობის გამო, ამ დრომდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

ვის ეხება ეს ვალდებულება?

იდენტიფიცირების სტანდარტი პოლიციის ნებისმიერი დანაყოფის ოფიცრის მიმართ მოქმედებს, მაშინ, როდესაც მას მოქალაქესთან კომუნიკაცია უწევს. მაგალითად, ეს ეხებათ მართლწესრიგის ოფიცრებს, პატრულ-ინსპექტორებს, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირება ყველა ტიპისა და რანგის ოფიცრისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სპეცრაზმის (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის) თანამშრომლებთან მიმართებით, ვინაიდან რაც უფრო დიდია პოლიციის ოფიცრის ძალის გამოყენების უფლებამოსილების ფარგლები, მით უფრო მაღალია მისთვის დაწესებული ანგარიშვალდებულების სტანდარტიც. ჩვენს საპოლიციო სისტემაში, ამ დეპარტამენტის ოფიცრებს ძალის გამოყენების ყველაზე ფართო ფარგლები და საშუალებები აქვთ მათ შორის შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს. ამდენად, მათ მიმართ საზოგადოებაში ლეგიტიმურად არსებობს ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მაღალი მოლოდინი.

რას უნდა მოიცავდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაცია?

საიდენტიფიკაციო მონაცემები შესაძლებელია პოლიციის დანაყოფების მიხედვით განსხვავებული იყოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • პოლიციის დანაყოფის/სტრუქტურის შესახებ, რომელსაც ოფიცერი წარმოადგენს;
  • ოფიცრის გვარს;
  • ოფიცრის რანგს/წოდებას;
  • სამსახურებრივ ნომერს (ID ნომერი).

საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, საერთაშორისო პრაქტიკა პოლიციის ფორმაზე/ატრიბუტიკაზე ამ ინფორმაციის განთავსების წესსაც ადგენს: თითოეული მონაცემი ფორმაზე/ატრიბუტიკაზე იმგვარად უნდა იყოს დატანილი, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც ოფიცერთან კომუნიკაციაში შევა, საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გარჩევა თავისუფლად შეძლოს. ჩვენს შემთხვევაში პოლიცია (განსაკუთრებით კი სპეცრაზმი) შეკრება/მანიფესტაციების დროს განმასხვავებელ ნიშნებს არ ატარებს. უფრო მეტიც, ოფიცრები, როგორც წესი, სამედიცინო ან სხვა ტიპის ნიღბებით არიან განლაგებული. ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს მათ იდენტიფიცირებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას ძალის გადამეტების ან სხვა გადაცდომის გამო, რაც პოლიციის ანგარიშვალდებულების სტანდარტის უხეში დარღვევაა.

სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკით ამ წესიდან მხოლოდ ორი გამონაკლისი არსებობს, რომლის მიზანიც ოფიცრის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა საგამონაკლისო წესი რეალურ საფრთხეს უნდა ეფუძნებოდეს და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სპეციფიკურად უნდა გადაწყდეს. სათანადოდ მიიჩნევა საფრთხე, რომელიც უკავშირდება ოფიცრის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან რეპუტაციას.  თუმცა, ამ წესის მოქმედების შემთხვევაშიც შეუძლია პოლიციას განაგრძოს ოფიცრის საქმიანობის ინსტიტუციური კონტროლი მისთვის დროებითი, ალტერნატიული საიდენტიფიკაციო მონაცემების მინიჭებით.

რა რეგულაცია მოქმედებს საქართველოში?

შეკრება/მანიფესტაციებთან მიმართებით პოლიციის იდენტიფიცირების პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა სპეცრაზმის საქმიანობასთან კავშირში. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე დახურული რგოლია. დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი თითქმის არც ერთი აქტი (გამონაკლისია დებულება) არ არის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს ართულებს დეპარტამენტის საქმიანობის კონტროლს და ეწინააღმდეგება პოლიციის ანგარიშვალდებულების სტანდარტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საიდუმლოების არგუმენტით, დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის შესახებაც კი არ გასცემს ინფორმაციას.

პოლიციის ეთიკის კოდექსი ზოგადად ადგენს ოფიცრების მიმართ შესაბამისი ფორმის ტარების ვალდებულებას და განსაზღვრავს განმასხვავებელი ნიშნებით ფორმის ტარების მოთხოვნებს, პოლიციის ზოგიერთი დანაყოფის თანამშრომლებთან მიმართებით (საპატრულო პოლიციის, დროებითი მოთავსების იზოლატორის, მიგრაციის დეპარტამენტის). ის არ მოიცავს პირდაპირ მითითებას სპეცრაზმის თანამშრომლებთან დაკავშირებით. თუმცა, სპეცრაზმის ოპერაციულ პრაქტიკაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოფიცრები არც ერთ შემთხვევაში საჯაროდ ხილვად, საიდენტიფიკაციო მონაცემებს ფორმებზე/ატრიბუტებზე არ იყენებენ. ეს პრაქტიკულად გამორიცხავს ოფიცრების პასუხისმგებლობას. დაუსჯელობის გარანტია კი გზას უხსნის პოლიციის სისტემურ რეპრესიას, რადგან არ მოქმედებს ანგარიშვალდებულების მექანიზმები, როგორც ბარიერი ძალის გამოყენებისთვის. შეკრების მართვაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებისა და ამოცნობის პრობლემაზე დიდი ხანია საუბრობს სახალხო დამცველიც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო მათ შორის 2019 წლის ივნისის საპოლიციო ოპერაციის შეფასებისას.

როდის დგება ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?

ის ფაქტი, რომ პოლიცია თავის საქმიანობაში გამოკვეთილად, სისტემატურად არ მიჰყვება ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებს, არა მხოლოდ ერთი ოფიცრის პასუხისმგებლობის, არამედ პოლიციის საქმიანობის პოლიტიკის საკითხია. ამაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელ პირებს აქვთ. შეკრება/მანიფესტაციების მართვის დროს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა დღის წესრიგში არა მხოლოდ მაშინ დგება, როცა ის უკანონო ბრძანებას გასცემს, არამედ მაშინაც, როდესაც ის სათანადოდ არ ადგენს მასობრივი ღონისძიების დროს პოლიციის სამოქმედო გეგმას და არ აკონტროლებს მის აღსრულებას. ამ თვალსაზრისით, ოპერაციის ხელმძღვანელი პირი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ოფიცრების იდენტიფიცირებაზე. ამაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარი პრაქტიკა აქვს.

საგულისხმოა, რომ ამგვარ ღონისძიებებში, როდესაც არსებობს სპეცრაზმის ჩართვის აუცილებლობა, უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ჩვენი კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული. გეგმას მინისტრი, ან მისი დავალებით, უფლებამოსილი პირი ამტკიცებს. ამ გეგმით განისაზღვრება ღონისძიებაზე პასუხისმგებელი, ხელმძღვანელი პირი. მის შემადგენლობაში გადადის ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფები და მათი აღჭურვილობა. გეგმა სხვა საკითხებთან ერთად,  მოიცავს ინფორმაციას ღონისძიების ჩატარებისას ადგილზე მყოფი და ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირთა შესახებ, ასევე სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების, დავალებების, მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი მოქმედებათა ორგანიზების შესახებ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზუსტად იცის, ვინ და რა უფლებამოსილებით მოქმედებს პოლიციის მხრიდან შეკრება/მანიფესტაციების დროს.

ამდენად, იდენტიფიცირების პრობლემა ხელოვნური არგუმენტია იმისთვის, რომ ძალადობა დაუსჯელი დარჩეს. შესაძლებელია გეგმის გასაიდუმლოება გამოძიების მიზნებისთვის, რაც მარტივად გასცემს ყველა საჭირო კითხვას პასუხს. მთავარია, ამისთვის სათანადო პოლიტიკური ნება არსებობდეს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი