ათწლეულებია მედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები მუდმივად ლაპარაკობენ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც ფაქტობრივად არ იცვლება. მაგალითად, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოს მიღწევების დინამიკას თუ შევხედავთ, არანაირი თვისებრივი გაუმჯობესება არ გვაქვს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კუთხით.
[1] მუდმივად პრობლემურია სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლამდელ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, სახელმძღვანელოების ხარისხი და ა.შ. მიუხედავად ფორმალურად განხორციელებული სხვადასხვა „რეფორმისა,“ რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ხარჯვაც ახლავს თან, ამ გამოწვევებზე საპასუხოდ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს ფაქტობრივად არ დგამს.
[1] მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა 2022.
რატომ უნდა მაინტერესებდეს
საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 აკადემიურ წელს სკოლამდელ განათლებაში 141,324 აღსაზრდელია ჩართული, სასკოლოში − 634,311 მოსწავლე, ხოლო უმაღლესში − 177,791 სტუდენტი. ყველაზე მინიმუმ, განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა ამ ადამიანებს პირდაპირ ეხებათ. უფრო ფართოდ კი, მასზეა მიბმული ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარება, საზოგადოების სოციალური ინტეგრაცია და ბევრი სხვა.
ჩვენი კომენტარი
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე მათი მთავარი დაპირება განათლების სისტემის პოლიციური და პარტიული წნეხისაგან გათავისუფლება იყო. ამ დაპირების შესრულების ნაცვლად, დღეს განათლების სისტემის განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზი კვლავ განათლების პოლიტიკის ნაცვლად პარტიული პოლიტიკის განხორციელებაა, რაც, ჩანს როგორც ჩვენი მოსწავლეების დაბალ აკადემიურ მოსწრებაში, ისე მასწავლებლების კომპეტენციაში, მათ შრომით პირობებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში და ყველა იმ პრობლემაში, რაც სისტემის წინაშე დგას.
რა უნდა ვიცოდეთ
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად გადაიბარა ცენტრალიზებული, არადემოკრატიული, პარტიული წნეხის ქვეშ მყოფი განათლების სისტემა, რომლის თვისებრივად შეცვლის რეალური მცდელობა ფაქტობრივად არც ჰქონია. მაგალითად, დღემდე მოქმედებს 2010 წელს მიღებული ბრძანება №837, რომლის თანახმადაც, სამინისტროს ნებართვის გარეშე, სკოლებს ეზღუდებათ თანამშრომლობა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან. 2020 წლიდან დაიწყო დირექტორთა ცვლილებისა და შერჩევის სრულიად გაუმჭვირვალე პროცესი, რომელსაც აქტიურად აპროტესტებდნენ როგორც დირექტორობის კანდიდატები ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ამავდროულად, მმართველი პარტიის ყოველი თავყრილობის დროს საზოგადოება ნათლად ხედავს საჯარო მოხელეებისა და ბაღის აღმზრდელების თუ მასწავლებლების აქტიურ მობილიზებას. ბოლო ასეთი შემთხვევა სულ რამდენიმე დღის წინ, 21 აგვისტოს იყო.
უფრო დეტალურად
განათლების სისტემაში უამრავი ადამიანი არის ჩართული. სასკოლო განათლებაში, მაგალითად, 60,000-ზე მეტი მასწავლებელია, რომელთა მართვაც და მათზე წნეხის განხორციელებაც საკმაოდ რთული იქნება კონკრეტული მიდგომების გარეშე. საინტერესოა, როგორია სახელმწიფოს ლოგიკა კონტროლის განხორციელებისას.
სახელმწიფო სასკოლო განათლების სისტემას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მეშვეობით მართავს. თავის მხრივ, საკადრო პოლიტიკაც სწორედ პარტიული ნიშნით შეირჩევა − ვინ უკეთ ემსახურება პარტიას და ვინ უფრო უკეთ მოახერხებს საარჩევნოდ განათლების სისტემის გამოყენებას. სამწუხაროდ, პირად საუბრებში ამას ყოფილი გადაწყვეტილების მიმღებები პირებიც ადასტურებენ.
სისტემის მართვის გამარტივების მიზნით, როგორც წესი განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო რესურსცენტრებს იყენებს. სწორედ ისინი ასრულებს კონტროლის ფუნქციას სკოლებზე. დღესდღეობით სულ 69 რესურსცენტრია მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ იურისდიქციაში შემავალი სკოლების რაოდენობა 8-დან 77-მდე მერყეობს და საშუალოდ 1 რესურსცენტრზე 33 სკოლას შეადგენს.
თავის მხრივ, რესურსცენტრები სკოლის დირექტორებს ეყრდნობიან. დირექტორების შერჩევის პროცესი 2020 წელს, სრულიად გაუმჭვირვალედ დაიწყო, რომელშიც არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და არც საზოგადოებისათვის სანდო ადამიანები არ მონაწილეობდნენ. შედეგად, დირექტორები მეტწილად არა მათი კომპეტენციის, არამედ სწორედ პარტიული ლოიალობის ნიშნით შეირჩნენ.
დირექტორებს რაც შეეხება, განათლების კოალიციის შეფასებით: „...იღებენ მითითებებს, რომელთა უსიტყვოდ შესრულება უწევთ თანამდებობის შენარჩუნების ან დამატებითი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ანალოგიური დამოკიდებულებაა სკოლაში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებთანაც, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ან დაკარგვის მუქარის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური გავლენით გამოწვეული შიშის გამო, ხმამაღლა ვერ/არ საუბრობენ პრობლემებზე...“[2] ამავდროულად, ეს დირექტორები როგორც ფსიქოლოგიურ ზეწოლის, ასევე დასჯის ან წახალისების მიზნით, საათების განაწილებას იყენებენ.
როგორ იმართება სასკოლო განათლების სისტემა
გარკვეული გაგებით,
განათლება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, საზოგადოების ინტეგრაციის, სოციალიზაციის და პროგრესის ხელშეწყობასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ვერცერთ ამ დანიშნულებას ის ვერ ემსახურება, როდესაც თავად არის გასათავისუფლებელი ვიწრო პარტიული წნეხისაგან.
[2] განათლების კოალიცია. 2022. რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის ანგარიში.
ავტორი: გიორგი ჭანტურია