პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
გრამშის პერსპექტივა და კლასობრივი რედუქციონიზმის კრიტიკა
აგვისტო 21, 2024

სოციალური პოლიტიკა დიდი ხანია განიხილება კეთილდღეობის სახელმწიფოს ფორმირებისა და საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად. ერთ-ერთ კრიტიკულ ხედვას ამ საკითხზე გვთავაზობს ანტონიო გრამში. მისი კულტურული ჰეგემონიის კონცეფცია იძლევა ძალაუფლების, იდეოლოგიის და სოციალური პოლიტიკის ურთიერთქმედების ნიუანსურ გაგებას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მიუხედავად იმისა, რომ გრამშის შეხედულებები ფასდაუდებელია, აუცილებელია კლასობრივი რედუქციონიზმის კრიტიკა და გაფართოება, რომელიც უგულებელყოფს ჩაგვრის ურთიერთდაკავშირებულ ბუნებას.

ჩვენი კომენტარი

ანტონიო გრამშის კულტურული ჰეგემონიის თეორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სოციალური პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლების გასაგებად.

გრამშის კულტურული ჰეგემონია და სოციალური პოლიტიკა

გრამშის მიხედვით, მმართველი კლასი ინარჩუნებს ძალაუფლებას არამხოლოდ იძულებით, არამედ კულტურული და იდეოლოგიური საშუალებებით, აყალიბებს დომინანტურ მსოფლმხედველობას, რომელიც "საღი აზრის" სახით მიიღება. ეს ჰეგემონია მყარდება ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა განათლება, მედია და სოციალური პოლიტიკა. ამ ინსტიტუტების გამოყენებით მმართველი კლასი უზრუნველყოფს მართული ადამიანების თანხმობას, წარმოაჩენს თავის დომინირებას როგორც ბუნებრივსა და სასარგებლოს, რითაც უზრუნველყოფს საკუთარი მმართველობის უწყვეტობას თაობებს შორის.

შესაბამისად, გრამშის ხედვით, სოციალური პოლიტიკა შეიძლება  ჰეგემონიის გაძლიერების და სხვა პრობლემების გაჩენის ინსტრუმენტად იქცეს. კეთილდღეობის პროგრამებმა შეიძლება, მოთხოვნების  დაუყოვნებელი უზრუნველყოფით, ჩაახშოს მუშათა კლასის პროტესტი და თავიდან აიცილოს უთანხმოება,  თუმცა, ძალაუფლების ძირითადი სტრუქტურების ცვლილების გარეშე. პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს ხალხის ფინანსურ და სოციალურ მხარდაჭერას, შეუძლია შეამციროს იმის ალბათობა, რომ მუშათა კლასი გააპროტესტებს ან არ დაეთანხმება მთავრობას ან მმართველ კლასს. ამრიგად, სოციალური პოლიტიკის გაგება კულტურული ჰეგემონიის ლინზით ავლენს მის ორმაგ ბუნებას − როგორც ძალაუფლების დინამიკის შემნარჩუნებლის და ასევე, როგორც  პოტენციური ტრანსფორმაციის ინსტრუმენტის.

კლასობრივი რედუქციონიზმის კრიტიკა

კლასობრივი რედუქციონიზმი მხოლოდ კლასობრივ ბრძოლაზეა ფოკუსირებული და ჩაგვრის სხვა ფორმებს უგულებელყოფს, მაგალითად როგორიცაა რასა და სქესი. ეს მიდგომა ზედმეტად ამარტივებს სოციალური უთანასწორობის კომპლექსურ ბუნებას.

ინტერსექციურობა: კომპლექსური ჩაგვრის გაგება

კიმბერლე კრენშოუს ინტერსექციურობა ხაზს უსვამს, რომ ინდივიდები აწყდებიან ჩაგვრის მრავალშრიან სისტემას. მაგალითად, შავკანიანმა ქალმა შეიძლება განიცადოს განსხვავებული სახის დისკრიმინაცია თეთრკანიანი ქალისგან ან შავკანიანი კაცისგან განსხვავებით, რადგან მისი გამოცდილება ყალიბდება როგორც რასის, ისე სქესის კვეთაზე. ამ ჩარჩოს ინტეგრირებით, შესაძლებელია ჩაგვრის მრავალმხრივი ბუნების აღქმა და მისი გათვალისწინება სოციალურ პოლიტიკაში.

რასა, გენდერი და სექსუალობა

ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს რასობრივ და გენდერულ უთანასწორობას, ვერ გაუმკლავდება ფერადკანიანთა და ქალების უნიკალურ გამოწვევებს. მაგალითად, საბინაო პოლიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს წითელი ხაზის და სეგრეგაციის ისტორიას, ვერ შეუწყობს ხელს ფერადკანიან თემებს. გენდერული პერსპექტივის გარეშე შექმნილმა კეთილდღეობის პროგრამებმა შეიძლება უგულებელყოს ქალების, განსაკუთრებით, მარტოხელა დედების საჭიროებები. ასევე, ლგბტქი პირები აწყდებიან უნიკალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და სამართლებრივი დაცვის არარსებობა.

კრიტიკული პედაგოგიკა და სოციალური პოლიტიკა

პაულო ფრეირის კრიტიკული პედაგოგიკა გვთავაზობს უფრო ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის გზას. „ჩაგრულთა პედაგოგიკაში“ ფრეირი მხარს უჭერს მონაწილეობით მიდგომას, სადაც ჩაგრული საზოგადოებები აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეს მოდელი ზემოდან ქვემოთ მიდგომის ნაცვლად დემოკრატიული პროცესის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ინტელექტუალები და კონტრჰეგემონია

გრამშიმ განასხვავა ტრადიციული ინტელექტუალები, რომლებიც ემსახურებიან მმართველი კლასის ინტერესებს, და ორგანული ინტელექტუალები, რომლებიც გამოდიან მუშათა კლასიდან და მარგინალური ჯგუფებიდან არსებული სტატუს-კვოს წინააღმდეგ. ორგანული ინტელექტუალები თამაშობენ გადამწყვეტ როლს კონტრჰეგემონური კულტურის განვითარებაში, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებული ძალაუფლების სტრუქტურებს და ხელს უწყობს ალტერნატიულ სოციალურ ხედვებს. ეს ცნება განსაკუთრებით ეხება სოციალურ პოლიტიკას, რადგან ორგანულ ინტელექტუალებს შეუძლიათ უფრო ინკლუზიური და სამართლიანი პოლიტიკის ადვოკატირება.

გრამშიმ ასევე ხაზი გაუსვა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის ალიანსების დამყარების მნიშვნელობას, რათა შეიქმნას ფართო მოძრაობა. ეს ნიშნავს ბრძოლას იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მმართველ კლასს საშუალებას აძლევს, კვლავ ჰქონდეს ძალაუფლება და გავლენა საზოგადოებაში. სოციალური ტრანსფორმაცია მოითხოვს „ისტორიული ბლოკის“ ფორმირებას − მრავალფეროვანი ჯგუფების კოალიციას, რომელიც გაერთიანებულია სოციალური ცვლილებების საერთო ხედვით. ეს პერსპექტივა ხაზს უსვამს სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას, რომელიც არამხოლოდ კლასზე დაფუძნებულ უთანასწორობას ეხება, არამედ განიხილავს რასის, გენდერისა და სხვა სოციალური კატეგორიების ურთიერთგადამკვეთ ჩაგვრას.

საბოლოოდ,

სტატიაში განვიხილეთ სოციალური კეთილდღეობის სისტემების გადახედვის იმპერატივი კრიტიკული თეორიების მიხედვით, განსაკუთრებული აქცენტით ანტონიო გრამშის კულტურული ჰეგემონიის კონცეფციაზე და კლასობრივი რედუქციონიზმის კრიტიკაზე. გრამშის შეხედულებები იძლევა იმის სიღრმისეულად გააზრების შესაძლებლობას, თუ როგორ შეუძლია სოციალურ პოლიტიკას გააძლიეროს არსებული ძალაუფლების სტრუქტურები. ინტერსექციურობის კონცეფციის ინტეგრირებით, შესაძლებელია შევისწავლოთ ჩაგვრის მრავალმხრივი ბუნება და შემდეგ განვითარდეს/დაიხვეწოს სოციალური პოლიტიკა, რომელიც არამხოლოდ დააკმაყოფილებს უშუალო მოთხოვნილებებს, არამედ გარდაქმნის ძალაუფლების სტრუქტურებს. ამით, შესაძლებელია მივიღოთ უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება, სადაც სოციალური პოლიტიკა ემსახურება ყველას, განსაკუთრებით კი − ყველაზე დაუცველთა და მარგინალიზებულთა ინტერესებს და გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს სიღარიბიდან გამოიყვანოს ადამიანები.

მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი