პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა: ცენტრალური და მუნიციპალური სერვისების გამოწვევები
აგვისტო 7, 2024

საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მიზანი უნდა იყოს სიღარიბის დაძლევა და სოციალური დაცულობის გაზრდა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში, სოციალური დახმარების პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას. ათწლეულებია, ქვეყანაში სიღარიბე მნიშვნელოვანი პრობლემაა, 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 12% შეადგენს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კი 20%-ია. 2023 წლის მარტში, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ყველაზე მაღალი, 676 641 ადამიანი დაფიქსირდა. დღეს კი ეს რაოდენობა 660 000-მდეა.

ჩვენი კომენტარი:

რეგიონებში რესურსების არათანაბარი განაწილება იწვევს მომსახურების ხარისხის განსხვავებებს. აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესება და რესურსების თანასწორად გადანაწილება, რათა პროგრამამ შეძლოს ბენეფიციართა გაძლიერება და მხარდაჭერა.

პროგრამის მოდელი და პრინციპები

საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემა ეყრდნობა მიზნობრივი დახმარების მოდელს. ეს მოდელი კანონმდებლობის მიხედვით ემყარება რამდენიმე პრინციპს:

  1. სიღარიბის დონის შეფასება განისაზღვრება სამომხმარებლო ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე.
  2. განმეორებადი კვლევები ითვალისწინებს ბენეფიციარების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ცვლილების შესწავლას.
  3. ფინანსური/სერვისებით დახმარების გაცემას მინიჭებული ქულის მიხედვით და პერიოდულ განახლებას სიღარიბის დონის ცვლილების შესაბამისად.
  4. ცენტრალური რესურსების თანაბარ განაწილებას რეგიონებში და ცენტრალური სერვისების შექმნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მხარდაჭერა ყველა რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარისთვის.

პროგრამის კრიტიკა:

პროგრამაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პრობლემები

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცესი. ბაზაში ჩარიცხვის შეცდომები მოიცავს შემთხვევებს, როდესაც დახმარებას იღებს შინამეურნეობა, რომელიც ამას არ საჭიროებს.

ასევე, საყურადღებოა ის, რომ შესაძლებელია გარკვეულ რესურსზე წვდომა არ ჰქონდეს შინამეურნეობას/ინდივიდს, რომელსაც რეალურად სჭირდება დახმარება.  ეს პრობლემები წარმოიქმნება არასწორი მონაცემების ან შიდა კონტროლის მექანიზმების არაეფექტურობის გამო.

ამორიცხვის შეცდომები მოიცავს შემთხვევებს, როდესაც დახმარების საჭიროების მქონე შინამეურნეობა ვერ იღებს დახმარებას. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი ან არასრულად შევსებული განაცხადების, მონაცემთა ბაზის არასწორი ფუნქციონირების ან ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო. შესაბამისად, აქტუალურია, მოწყვლად ჯგუფებში სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხი.

ამ მოდელის არსებობის და დატოვების პირობებში, ბაზაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ქულათა დათვლის სისტემის გაუმჯობესება/მოდიფიკაცია. ასევე მნიშვნელოვანია მონაცემთა ბაზის განახლება და მონიტორინგი, რათა შემცირდეს შეცდომების რაოდენობა და დახმარება უფრო სამართლიანად და მიზნობრივად განაწილდეს. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს იმასაც, რომ  სხვადასხვა სერვისებზე და ბენეფიტებზე წვდომა მიბმული არ უნდა იყოს სარეიტინგო ქულაზე, რადგან მოქალაქეებმა დროულად მიიღონ საჭირო სერვისებზე წვდომა.

ცენტრალური და მუნიციპალური სერვისები

საარსებო შემწეობის მიმღებები რეგიონების მიხედვით:

გრაფიკი N1

მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას, ხოლო ყველაზე ნაკლებ დახმარებას იღებენ სამცხე-ჯავახეთის და თბილისის მაცხოვრებლები. ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, სერვისები ცენტრალური და მუნიციპალური დონის მიხედვით განსხვავდება. ცენტრალურ დონეზე, სოციალური მომსახურების სააგენტო (SSA) პასუხისმგებელია პროგრამის ადმინისტრირებაზე და დაფინანსებაზე. მისი ფუნქციები მოიცავს ფინანსური რესურსების მართვას, მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და რეგიონული ოფისების მხარდაჭერას. ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს ბიუჯეტის საერთო თანხას და მისი განაწილების პრინციპებს რეგიონებზე.

მუნიციპალურ დონეზე მოწყვლადი პირებისა და ოჯახების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამები მოქმედებს, რომლებიც განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. ბენეფიციარები რეგიონების მიხედვით განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. უმეტესად, ეს დახმარებები ფულად მხარდაჭერას მოიცავს, ერთჯერადი ან მრავალჯერადი სახით.
თბილისი, სხვა რეგიონებთან შედარებით, გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური სოციალური სერვისებით, რაც გულისხმობს მეტად ფართო დაფარვას და სპეციალიზაციას სხვადასხვა მიმართულებით.

უფრო ვრცლად იხილეთ: ----

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში ვეცნობით ინფორმაციას: „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანალიზი აჩვენებს, რომ სერვისებში ჩართვა თითქმის ყველა რეგიონში, მცხეთა-მთიანეთის გარდა, სოციალურ დაუცველთა რეგისტრაციასა და ქულას მოითხოვს. თუმცა, ქულების ზღვარი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსხვავდება და ხშირად არ ემთხვევა სოციალური დახმარების ზღვარს (65,000 ქულა). ზოგიერთ შემთხვევაში, სერვისებზე დამოკიდებულებით, ქულების ზღვარი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტშიც განსხვავებულია“.

კვლევების მიხედვით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. 2023 წლის მონაცემებით, პროგრამაში რეგისტრირებულია 375,286 ოჯახი (1,206,980 პირი), რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 32.4%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით, სიღარიბის დონე და სოციალური დახმარების საჭიროება განსხვავებულია.

ბიუჯეტური საკითხები

2023 წლისთვის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 500 მილიონ ლარს. ბიუჯეტის ზრდა ხდება ყოველწლიურად სიღარიბის დონის და საჭიროებების შესაბამისად. ზრდასრულთათვის ფინანსური დახმარება 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე და ქულებზე, ხოლო 16 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარია, შესაძლებელია ეს დახმარება გაიცეს 18 წლამდეც. ფინანსური რესურსები განაწილებულია ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, რაც უზრუნველყოფს თანაბარ დახმარებას ყველა რეგიონში.

 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი