პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოსამართლეთა წინააღმდეგობის გამოცდილება პოლონეთში
მაისი 24, 2023

2015 წელს პოლონეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ მოვიდა, რომელმაც მალევე დაიწყო სასამართლოზე შეტევა. წინამდებარე სტატიაში ამ მოვლენებზე მოგიყვებით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?  

ხელისუფლების მიერ სასამართლოზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობა ქართული მართლმსაჯულების არაერთ ეპიზოდს გვახსენებს. სტატიის მიზანია, აღწეროს, როგორ დაუპირისპირდა პოლონეთის საზოგადოება მთავრობის არადემოკრატიულ ნაბიჯებს. 

ჩვენი კომენტარი

პოლონეთი სამოსამართლეო წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების საინტერესო მაგალითია. სწორედ ამ მექანიზმების დახმარებით მოხერხდა სასამართლოზე პოლიტიკური შეტევის შესუსტება. 

რა უნდა ვიცოდეთ?

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა, 2015 წელს, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ხელში ჩაგდებით დაიწყო. ამას მოჰყვა:

  • მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და არჩევის წესის ცვლილება. მოსამართლე წევრების არჩევა მმართველი უმრავლესობით დაკომპლექტებულ პარლამენტის კომპეტენცია გახდა; 
  • უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შეიქმნა სადისციპლინო პალატა, რომელიც მალევე იქცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სადამსჯელო ორგანოდ.  შეიქმნა საჩივრების განმხილველი და საზოგადოებრივ საქმეთა პალატაც, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული საჩივრებს განიხილავდა;
  • ოლონეთის პრეზიდენტმა ორივე პალატის შემადგენლობა, პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებული საბჭოს რეკომენდაციით, სრულად განაახლა. საბოლოოდ, მათში არც ერთი მოქმედი მოსამართლე არ აღმოჩნდა. 

სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს შორის იყო:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საპენსიო ასაკის შემცირება, რასაც 23 მოსამართლის ნაადრევი გათავისუფლება მოჰყვა;
  • მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა და გადაწყვეტილებების გამო მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობა;
  • აკონსტიტუციო ტრიბუნალმა, 2021 წლის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ხელშეკრულებების ზოგიერთი ასპექტი არაკონსტიტუციურად ცნო, რაც  პოლონეთის წინააღმდეგ  ევროკომისიის ახალი საჩივრის საფუძველი გახდა. 

როგორი იყო საერთაშორისო ინსტიტუტების რეაქცია?

პოლონეთში სასამართლოზე შეტევის შესუსტება განაპირობა მოსამართლეთა აქტიურობამ და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებამ. 

მაგალითად, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ:

  • მოითხოვა საპენსიო ასაკის შემცირების შედეგად გათავისუფლებული 23 მოსამართლის დაუყონებლივ აღდგენა და კანონის მოქმედების შეჩერება, რაც პოლონეთმა შეასრულა;
  • სასამართლომ მოითხოვა სადისციპლინო პალატის უფლებამოსილების შეჩერება მოსამართლეთა დისციპლინირების ნაწილში და მალევე დაადგინა, რომ პალატა არ იყო უფლებამოსილი, შეესრულებინა დაკისრებული ფუნქციები, რადგან ის ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტრიბუნალის მოთხოვნებს;
  • 2021 წელსვე, ევროკომისიის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ მოითხოვა მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების გაუქმება და თავად პალატის დაშლა. გადაწყვეტილებების შესრულებამდე კი პოლონეთს, ჯარიმის სახით, ყოველდღიურად 1 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა;
  • საყურადღებოა, რომ ეს ჯარიმა პოლონეთისთვის ერთადერთი ფინანსური წნეხი არ არის. სასამართლოს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ევროკავშირმა შეაჩერა კოვიდით მიყნებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოყოფილი 36 მილიარდი ევროს დახმარება.

ამ შეფასებებს იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სეიმის მიერ მართლმსაჯულების საბჭოს წევრების არჩევა არ იყო თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.  ხოლო სადისციპლინო და საზოგადოებრივ საქმეთა პალატები, რომთა წევრებზეც რეკომენდაცია ასეთმა საბჭომ გასცა, ვერ აკმაყოფილებდა კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ტრიბუნალის/ორგანოს კრიტერიუმებს. მომჩივანი მოსამართლეების მიმართ, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო, სასამართლომ პოლონეთს ათასობით ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

რა ხდება დღეს?

ფართომასშტაბიანი პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის შედეგად:

  • 2022 წელს სადისციპლინო პალატა გაუქმდა;
  • 2023 წელს სეიმმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების და ევროკავშირისგან დახმარების მიღების გზაზე;

მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, პოლონეთს ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 476 მილიონ ევროს აღწევს.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი