ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განხილული აქვს რამდენიმე საქმე, სადაც პარტიები ასაჩივრებდნენ სახელმწიფოების მიერ მათთვის დაწესებული შეზღუდვების შესაბამისობას ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ იმ შემთხვევებს, როცა საქმე ეხებოდა ანტისეკულარულ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პარტიებს.
ჩვენი კომენტარი
ამ საქმეებში სასამართლოს მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ეს პარტიები და მათი ლიდერები ძალადობისკენ უბიძგებენ ან მიყვებოდნენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც არ სცემს პატივს დემოკრატიას, ან რომელიც მიმართულია დემოკრატიის ნგრევისა და ადამიანის უფლებების შელახვისკენ.
ანტისეკულარული პარტიები
კეთილდღეობის პარტია (Refah Partisi) თურქეთის წინააღმდეგ (2003) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საქმეა, რომელიც სტრასბურგს აქვს განხილული. აქ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებული პარტია საკუთარ სახელმწიფოს უჩიოდა. ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და გაუქმების გადაწყვეტილება კონვენციასთან შესაბამისად მიიჩნია, რადგან:
- პარტიას უნდოდა შეექმნა საზოგადოება, რომელიც მის წევრებს თავისუფლებას მისცემდა არა როგორც ინდივიდებს, არამედ რელიგიური მოძრაობის წევრებს, მათი ამ რელიგიებისადმი ერთგულების მიხედვით;
- პარტიის ქმედებები მიზნად ისახავდა შარიათის შემოღებას, რაც არ შეესაბამება დემოკრატიის მოთხოვნებს;
- პარტიის ლიდერები საუბრობდნენ ძალის გამოყენების შესაძლებლობაზეც, რათა გადაელახათ დაბრკოლებები ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში.
სასამართლომ რეფაჰისგან მომდინარე საფრთხე ჩათვალა არა თეორიულად და ილუზორულად, არამედ რეალურად, ორი მიზეზის გამო:
- პარტიას ჰქონდა გავლენა და ძალაუფლების მოპოვების შანსი, რის შემდეგაც ისინი აღასრულებდნენ ამ პოლიტიკურ დაპირებებს;
- წარსულში რელიგიური ფუნდამენტალიზმზე დაფუძნებულმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა შეძლეს პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება და შესაძლებლობა მიეცათ, შეექმნათ თავიანთი სასურველი სოციალური მოდელი.
ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პარტიები
საქმეში ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ (2009) საქმეში სტრასბურგმა განიხილა პარტიის განცხადება, რომელიც დაიშალა ტერორიზმის ხელშეწყობის მოტივით. ეს პარტიები ბასკური ტერორისტული ორგანიზაციის ETA-ს პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდნენ. პარტიის სპიკერები აკრიტიკებდნენ ესპანეთის „გენოციდურ სტრატეგიას“ და აცხადებდნენ, რომ ბასკი ხალხი „დაორგანიზდება“ და „იბრძოლებს“ თავისი მიზნებისთვის. ბატასუნა განსაკუთრებით პოპულარული იყო რამდენიმე მუნიციპალიტეტში, სადაც:
- პარტიის მხარდამჭერები მუნიციპალიტეტებში უბიძგებდნენ ხალხს სახელმწიფოს და სხვა პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ საბრძოლველად;
- საჯარო შეხვედრებზე მერები და პარტიის ლიდერები თავიანთ მხარდაჭერას ETA-ს უცხადებდნენ.
ამ კავშირის გამო, ესპანეთის სასამართლოებმა მათი დაშლის ბრძანება გამოსცეს. სტრასბურგმაც გაიზიარა მათი მოსაზრებები, რადგანაც:
- პარტიების სტრატეგია იყო, მიეღწიათ პოლიტიკური მიზნებისთვის დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის გზით;
- ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდნენ ტერორისტული ორგანიზაციების ძალადობრივ ქმედებებს, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ან საზოგადოებრივი მშვიდობის დარღვევის მიზნებს;
- მათ მიერ შექმნილმა კონფრონტაციულმა კლიმატმა გამოიწვია საზოგადოების ძლიერი რეაქცია, რომელსაც შეეძლო დაარღვია წესრიგი.