პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
პროფესიული კავშირები – რა უნდა ვიცოდეთ?
ოქტომბერი 12, 2022

საქართველოში დასაქმებულებს ხშირად უწევთ არასათანადო სამუშაო გარემოსა და პირობებში მუშაობა, ასევე ხშირია მათი შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, დასაქმებულთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი აკისრია პროფესიულ გაერთიანებებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • შრომით ურთიერთობაში მშრომელი ექვემდებარება დამსაქმებელს და იგი შედარებით „სუსტი“ მხარეა;
  • ეს აჩენს საფრთხეს, რომ დამსაქმებელმა უპირატესობით ბოროტად ისარგებლოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რატომ არის საჭირო მშრომელთა გაერთიანებები.

ჩვენი კომენტარი

  • საკანონმდებლო მოწესრიგების გარდა, მნიშვნელოვანია თავად დასაქმებულები გაერთიანდნენ და ერთად დაიცვან თავიანთი უფლებები, რათა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამყარდეს ძალთა ბალანსი;
  • პროფესიულ კავშირში გაწევრიანებით მშრომელები საერთო მიზნებისთვის ერთად იბრძვიან, რაც ზრდის მათი წარმატების შესაძლებლობას.

რა არის პრობლემა?

  • საქართველოში დასაქმებულების დიდ ნაწილს არ აქვ საკმარისი ინფორმაცია პროფკავშირების, მათი მნიშვნელობის თუ უფლებამოსილებების შესახებ;
  • ხშირად დასაქმებულები, სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით, ვერ ბედავენ პროფკავშირებში გაწევრიანებას;
  • საზოგადოება ნაკლებად ენდობა პროფესიულ კავშირებს.  შესაბამისად, მათი რეალური გავლენა ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაზე სუსტია.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • პროფესიული კავშირი საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ნებაყოფლობითი და დამოუკიდებელი გაერთიანებაა;
  • მისი მიზანია, დაიცვას წევრების სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებები და იბრძოლოს შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად. 

პროფკავშირის შექმნისა და მასში გაწევრიანების უფლება გაერთიანების თავისუფლების განსაკუთრებული ასპექტია, რომელსაც საერთაშორისო და ევროპულ სამართალში ფუნდამენტური უფლების სტატუსი აქვს. ის ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს, რომ დასაქმებულთა ორგანიზაციებს ჰქონდეთ სათანადო საშუალებები წევრების ინტერესების დასაცავად და ხელშესაწყობად.

უფრო დეტალურად?

  • პროფესიული გაერთიანება შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების დარღვევისას მონაწილეობს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვაში;
  • პროფესიული გაერთიანება წარმოადგენს და იცავს წევრთა უფლებებს დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს წინაშე. შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების დასაცავად პროფესიული გაერთიანებების ერთ-ერთი უფლებამოსილება გაფიცვისა თუ სხვა სახის დემონსტრაციის ჩატარებაა, ეს კი დამსაქმებელსა თუ სახელმწიფოზე გავლენის მოხდენის ეფექტური მექანიზმია;
  • გარდა ამისა, პროფკავშირები მონაწილეობენ სახელმწიფო დასაქმების პოლიტიკის, მშრომელთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა და ღირსეული სამუშაო პირობების შემუშავებაში. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს და კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები. განსაკუთრებით კი ეს ეხება გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების რეალურ აღიარებასა და პრაქტიკაში განხორციელებას.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი