საქართველოში შრომითი უფლებები ხშირად ირღვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულება კი სათანადოდ ვერ ხდება. ამ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური დიალოგი სათანადოდ არ მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოება ნაკლებად ფლობს ინფორმაციას პროფესიული კავშირების შესახებ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
შრომითი უფლებების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დავების დროულად გადასაწყვეტად პროფესიული კავშირების არსებობა მნიშვნელოვანია.
- შრომითი პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი კოლექტიური მოლაპარაკებაა, რომელიც დასაქმებულებსა და დამსაქმებელს ან დამსაქმებლებს შორის მიმდინარეობს;
- ასეთ დროს მხარეთა შორის ძალთა ბალანსი შედარებით დაცულია და, ინდივიდუალური მოლაპარაკებისგან განსხვავებით, დადებითი შედეგის მიღწევის ალბათობაც უფრო მეტია.
შესაბამისად, დასაქმებულების მხრიდან ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი სწორედ ძლიერი პროფკავშირების არსებობა და ეფექტიანი სოციალური დიალოგია.
ჩვენი კომენტარი
- ჩვენ გვაქვს მოცემულობა, სადაც შრომითი კანონმდებლობა სათანადოდ არ სრულდება. ამ პირობებში საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანება და თვითორგანიზება გამარჯვების შესაძლებლობას ზრდის;
- დამოუკიდებელი და ძლიერი პროფესიული კავშირები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, იგი ეხმარება დასაქმებულებს შრომითი კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულებასა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნაში;
- სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ორმხრივი თუ სამმხრივი სოციალური დიალოგის განვითარება;
- წარმატებული სოციალური დიალოგი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტას, ზრდის სოციალურ მშვიდობას, ინდუსტრიულ სტაბილურობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს.
რა პრობლემებია?
- განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისაგან, პროფკავშირები საბჭოთა კავშირში ცენტრალური სტანდარტებისა და მიზნების აღსრულებას ემსახურებოდა და დამოუკიდებლობის მცირე ხარისხით სარგებლობდა;
- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იან წლებში, შრომის ბაზრის სტრუქტურულმა ცვლილებამ და უმუშევართა თუ თვითდასაქმებულთა მაღალმა დონემ ხელი შეუწყო პროფკავშირების სისუსტეს;
- ამავე დროს, 2012 წლამდე სახელმწიფოს დონეზე არსებობდა ანტიპროფკავშირული პოლიტიკა. 2006 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები არ უწყობდა ხელს პროფკავშირული საქმიანობის განვითარებას;
- მართალია, ბოლო წლებში საქართველოში შრომითი კანონმდებლობა გაუმჯობესდა, გაიზარდა შრომის ინსპექციის მანდატიც, თუმცა დასაქმებულთა უფლებები მაინც არ არის სათანადოდ დაცული;
- კანონის სათანადოდ აღსრულება ჯერ კიდევ გამოწვევაა. სასამართლოში დავა დასაქმებულებისთვის ნაკლებად ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევა, ვინაიდან პროცესის დასრულება, როგორც წესი, დიდ დროს მოითხოვს;
- მაშინაც კი, თუ სასამართლო ცალკეული მშრომელების სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებს, მნიშვნელოვნად არ იცვლება შრომითი უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობა;
- პარალელურად, ქვეყანაში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დეფიციტია, რაც განსაკუთრებით აშკარა პანდემიის დროს გახდა. კრიზისის დასაძლევად, დასაქმებულებთან ორმხრივი თანამშრომლობის ნაცვლად, ბევრმა დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობები გაწყვიტა;
- ხშირად დასაქმებულები ვერ ბედავენ პროფკავშირებში გაწევრიანებას, რადგან სამუშაოს დაკარგვის ეშინიათ.
შედეგად, საქართველოში შრომითი ურთიერთობები უმეტესად ინდივიდუალურია და კოლექტიური ხელშეკრულებებით ნაკლებად წესრიგდება.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საქართველოში სამმხრივი სოციალური კომისია სათანადოდ არ ფუნქციონირებს.
სახელმწიფო ვერ ხედავს სოციალური დიალოგის როლს დაბალანსებული და მხარეებს შორის შეთანხმებული შრომის პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების პროცესში ჩართულობის კუთხით.
რა უნდა ვიცოდეთ?
კარგად მომუშავე პროფკავშირები და გამართული სოციალური დიალოგი დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის კარგ მაჩვენებლად ითვლება.
- პროფკავშირის შექმნა და მასში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. პროფესიული კავშირის შექმნას ან მასში გაწევრიანებას არ სჭირდება დამსაქმებლის თანხმობა. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს ან/და აუკრძალოს დასაქმებულებს შექმნან პროფესიული კავშირი ან გაწევრიანდნენ მასში;
- პროფესიული გაერთიანება შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების დარღვევისას ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებში იცავს წევრთა უფლებებს როგორც დამსაქმებლების, ასევე სახელმწიფოს წინაშე.
დეტალურად იხილეთ სტატიები:
რა გამოწვევებია?
ევროპის სოციალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოში არ ხდება კოლექტიური მოლაპარაკებების პრაქტიკაში სათანადოდ ხელშეწყობა. სახელმწიფო არ მუშაობს პროფესიული გაერთიანებების განვითარების მიმართულებით. ისევე, როგორც არ მუშაობს სოციალური დიალოგის ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით, პანდემიის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
საქართველოში ბოლო პერიოდში გახშირებული დასაქმებულთა გაფიცვები და შემცირებული კოლექტიური ხელშეკრულებების რაოდენობა მიუთითებს სოციალური დიალოგის დეფიციტზე.
მართალია, სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობა არ არის ეფექტიანი. ის კვლავ არ არის ღირსეული შრომითი პირობების ხელშემწყობი ძლიერი ინსტიტუცია და კოლექტიური შრომითი დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმი.
- კომისიის წევრები, როგორც წესი, მხოლოდ შრომითი საკითხებთან დაკავშირებული საგანგებო შემთხვევის (მაგ., გაფიცვა) დროს იკრიბებიან. შეხვედრები კი ტარდება სამუშაო ჯგუფებში, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. მეტიც, სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები ხშირად არც მიდის კომისიამდე;
- კომისიის საქმიანობაში კიდევ ერთი გამოწვევაა, რომ ის მხოლოდ ეროვნულ დონეზე მოქმედი ორგანოა, რეგიონული წარმომადგენლობის გარეშე. შესაბამისად, მცირეა რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების კომისიამდე მიტანისა და გათვალისწინების შესაძლებლობა;
- კომისიაში დასაქმებულთა გაერთიანებებს მხოლოდ „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ წარმოადგენს და მასში გაწევრიანებული არ არის სხვა არცერთი პროფკავშირული გაერთიანება, მაგალითად, „პროფკავშირების ახალი გაერთიანება“.
მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივ კომისიაში ჟღერდებოდეს თითოეული პროფესიული გაერთიანების პრობლემა. ეს კი გულისხმობს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციების „ყველაზე წარმომადგენლობითობის“ შესახებ პრინციპის გათვალისწინების აუცილებლობას, ისე, როგორც ეს განსაზღვრულია ILO-ს კონვენციებში, მათ შორის, No. 144-ეში.
რა არის საერთაშორისო სტანდარტები?
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს და საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული შრომის ძირითადი სტანდარტები. განსაკუთრებით კი ეს ეხება გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების რეალურ აღიარებასა და პრაქტიკაში რეალიზებას.
- საერთაშორისო სტანდარტები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სოციალური დიალოგის განვითარებასაც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) სამმხრივ სოციალურ დიალოგის ხელშეწყობას განსაზღვრავს, როგორც სხვადასხვა ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან გამკლავების ეფექტიან მექანიზმს;
- ILO მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ სამმხრივ ფორმატს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ეს უკანასკნელი არ არსებობს ან არაეფექტიანად ფუნქციონირებს;
- სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და უნდა იყოს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ერთგვარი მედიატორი და გარანტი, რომ კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმები პრაქტიკაში აღსრულდება;
- ეფექტური სოციალური დიალოგი დამოკიდებულია დასაქმებულებისა და დამსაქმებლების დამოუკიდებელი და ძლიერი გაერთიანებების არსებობაზე, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობები და ცოდნა, აგრეთვე, ყველა მონაწილის მხრიდან პოლიტიკური ნება, რომ სათანადოდ ჩაერთონ სოციალურ დიალოგში.
საგულისხმოა, რომ 2018 წელს საქართველომ მოახდინა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ 1976 წლის (No. 144) კონვენციის რატიფიცირება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულება, რომ მიიღოს აუცილებელი ზომები სოციალური დიალოგის განვითარებისთვის და ეფექტიანობის გაზრდისთვის. თუმცა სახელმწიფოს ამ მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.
რა უნდა გაკეთდეს?
- მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ აღიქვას პროფესიული კავშირის როლი და მათთან ერთად იზრუნოს შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად;
- საჭიროა პროფკავშირების თაობაზე ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების ნდობის მოპოვებასთან დაკავშირებით სისტემური მუშაობა;
- გადამწყვეტია მშრომელთა გაერთიანებების გაძლიერება, ახალი პროფესიული კავშირების შექმნა და მათი შესაძლებლობების განვითარება;
- აუცილებელია საწარმოო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე სოციალური დიალოგის გაუმჯობესება, არსებული მექანიზმების გამრავალფეროვნება, შემდგომი რეფორმების განხორციელება და მთავრობის მხრიდან გაზრდილი ძალისხმევა;
- სახელმწიფომ ნაბიჯები უნდა გადადგას სამმხრივი კომისიის ეფექტიანობის გაზრდისთვის და ეს მექანიზმი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
- გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომისიაში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების „ყველაზე წარმომადგენლობითობის“ შესახებ პრინციპის გათვალისწინება, რაც უზრუნველყოფს თითოეული კავშირის პრობლემის გაჟღერებას და საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას.