აზერბაიჯანში საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრობლემას აწყდებიან რეგისტრაციისა და ფონდების მოძიების ეტაპზე. რეგისტრაციაზე უარი ან გაუმართლებლად ხანგრძლივი დაყოვნება გაერთიანების თავისუფლებასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხილულ ათეულობით საქმეში. ამ სტატიაში აზერბაიჯანის კანონმდებლობაზე მოგიყვებით, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისთვის მძიმე ბარიერებს აწესებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ერთობლივი მოქმედებისთვის თანამოაზრეებთან შეკავშირება და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ასეთი კავშირის სამართლებრივად აღიარება, გაერთიანების თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, დაუშვებელია. ბოლო პერიოდში, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საპარლამენტო უმრავლესობის რიტორიკა და ნაბიჯები ამ უფლებაზე გაუმართელებელი და თვითნებური შეტევის მაგალითია.
ჩვენი კომენტარი
აზერბაიჯანის გამოცდილებაც მოწმობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციისა და დაფინანსების ეტაპზე გაუმართლებელი ბარიერების დაწესება, არა მხოლოდ გაერთიანების თავისუფლებას ეწინააღმდეგება, არამედ მათი საქმიანობის მიმართ მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაჩვენებელია.
როგორია არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურა აზერბაიჯანში?
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის არასავალდებულო ხასიათზე მიუთითებს, არასამთავრობო ორგანიზაციები სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშის გახსნას, თანამშრომლების დაქირავებას, გრანტების მოძიებას, მხოლოდ რეგისტრაციის შემთხვევაში ახერხებენ.
რეგისტრაციის პროცესი შეიძლება 4 თვეზე დიდხანს გაგრძელდეს და მოიცავს:
- რეგისტრაციისთვის დადგენილ სტანდარტულ 40 დღეს.
- 2-ჯერ 30 დღით გაგრძელების შესაძლებლობას.
- 20 დღიან ვადას იმ შეუსაბამობების გამოსასწორებლად, რომელიც რეგისტრაციაზე უარის საფუძველი არ არის.
თუ ამ დროში სახელმწიფოს არ ამბობს უარს რეგისტრაციაზე, ორგანიზაცია ავტომატურად დარეგისტრირებულად მიიჩნევა. დასტურის გაცემას კი დამატებით 10 დღე სჭირდება.
კანონი არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან პროცესის თვითნებური შეფერხების შესაძლებლობას. მაგალითად: იუსტიციის სამინისტროს მიერ ხარვეზის ბუნების, მისი აღმოფხვრის მოთხოვნით განმცხადებლისთვის დოკუმენტების დაბრუნების მაქსიმალური რაოდენობის შესახებ მითითებას, რამაც პროცესი შეიძლება გაუმართლებლად დააყოვნოს.
რა პრობლემაა უცხოური დაფინანსების მოპოვების თვალსაზრისით?
გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია უცხოური გრანტების მოპოვება, ორგანიზაციები წინააღმდეგობას მის შემდეგაც აწყდებიან:
-
- 2015 წელს გამკაცრდა თავად დონორი ორგანიზაციების აზერბაიჯანში რეგისტრაციის პროცედურები.
- გრანტის მოპოვება კი დაშვებულია მხოლოდ იმ დონორებისგან, რომლებსაც აქვთ ოფისი აზერბაიჯანში, აფორმებენ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტროსთან და ფლობენ გრანტის ფინანსურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას.
- იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს მოულოდნელი ინსპექტირება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობების ოფისებში.
- სახელმწიფო ფლობს და ამოწმებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ხელშეკრულებებს, გრანტების რეგისტრაციისა და ხარჯვის შესახებ მონაცემებს.
- ჩამოთვლილი ინფორმაციის დეტალური წარდგენა ევალება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს.
- შემოწმებისა და სანქციების მარეგულირებელი ნორმები ფართო და ბუნდოვანია.
იმ პირობებში, როცა თავად სახელმწიფოს გაცემული გრანტები მცირე და ლიმიტირებულია, უცხოური დაფინანსების მოპოვების გამკაცრებულმა წესებმა ასობით ორგანიზაცია მნიშვნელოვანი სახსრების გარეშე დატოვება და სექტორის დაცლაც გამოიწვია.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს