პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა შეზღუდვები აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს?
მაისი 11, 2023

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემიდან  ამოიზარდა და დღემდე მისი განუყოფელი ნაწილია. ამ სისტემას სხვადასხვა დროს განსხვავებული როლი და გამოწვევები ჰქონდა. სტატიის მიზანი სწორედ ამ საკითხების მიმოხილვაა.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში მართლმსაჯულების მიმართ ნდობა მცირეა, შესაბამისად, ხშირად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დავების განხილვის უკეთეს ალტერნატივად სახელდება. რამდენად მართებულია ეს მიდგომა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ ნაფიც მსაჯულთა სისტემის ისტორია და მისი მახასიათებლები. 

ჩვენი კომენტარი

დავის გადაწყვეტისას ნაფიცი მსაჯულების ან მოსამართლის უპირატესობების განსაზღვრა დაკავშირებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ბუნებასთან, სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის თავისებურებებთან. ამდენად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირობო იდეალიზაცია არასწორია.

რამ განაპირობა ნაფიც მსაჯულთა პოპულარობა დიდ ბრიტანეთში?

დიდ ბრიტანეთში ნაფიც მსაჯულთა სისტემისთვის უპირატესობის მინიჭება არ მომხდარა იმის გამო, რომ:

  • მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმართ უნდობლობა არსებობდა
  • არც იმის შიშით, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული და ხაზინიდან დაფინანსებული მოსამართლე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს გამოიტანდა
  • არც იმ მიზეზით, რომ რიგითი ადამიანის ხედვა უფრო უპირატესად მიიჩნეოდა, ვიდრე იურიდიული ლოგიკა.

რეალურად, პირველი ნაფიცი მსაჯულები ამავდროულად სადავო საქმის მოწმეები იყვნენ, იცნობდნენ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნეოდა, რომ მათზე უკეთ არავის შეეძლო დავის სამართლიანად განსჯა. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა. ნაფიცი მსაჯულები ფაქტების მცოდნეებიდან ფაქტების დამდგენებად იქცნენ. ნაფიცი მსაჯულების მთავარი ღირსება არა რეალურად მომხდარი გარემოებების უკეთ ცოდნა, არამედ მათი მიუკერძოებელი, ყოველგვარი ფინანსური თუ სხვა ინტერესებისგან დამოუკიდებელი შეფასება უნდა ყოფილიყო.

რამ განაპირობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტების გავრცელება აშშ-ში?

დამოუკიდებლობამდელ ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსაკუთრებული პოპულარობა გამოწვეული იყო ნაფიცი მსაჯულების სისტემური წინააღმდეგობით ბრიტანული კოლონიური და მჩაგვრელი კანონების მიმართ. ამ დროს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მართლმსაჯულებაში საზოგადოების ხმის შეტანის ფუნქცია შეასრულა. ნაფიც მსაჯულებს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში არსებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობებშიც. მოსამართლეთა უმრავლესობას ფედერალისტები წარმოადგენდნენ, ამიტომ რესპუბლიკელები ხშირად ეყრდნობოდნენ ნაფიც მსაჯულებს ხელისუფლების კრიტიკისას, მათზე მომდინარე პოტენციური სასჯელისგან თავდაცვის მიზნით. გარკვეულ ეტაპზე, ნაფიცების მიუკერძოებლობასა და ნეიტრალურობაში დაეჭვება გამოწვევად იქცა. 1820-იანი წლებიდან ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახები გახდა ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილი სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების, პარტიული ლოალობის მქონე ადამიანების და რელიგიური თუ იდეოლოგიური რწმენების შეპირისპირების სივრცე. ამან მოსამართლეთა ძალაუფლების ზრდა და ნაფიცი მსაჯულების უფლებამოსილებების ნაწილობრივი შესუსტება გამოიწვია. 

რა საკითხებია გასათვალისწინებელი ნაფიც მსაჯულებზე მსჯელობისას?

დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობების შეფასება შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვს: რამდენად არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების უკეთესი აღმომჩენი, ვიდრე მოსამართლე? არის თუ არა ნაფიცებში ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის მეტი გარანტია? იძლევა თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენებისგან დაცვის უკეთეს სტანდარტს?

რას უკავშირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კრიტიკა დღეს? 

თანამედროვეობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ კრიტიკა გადაჯაჭვულია შეჯიბრებითი სისხლის სამართლის პროცესის კრიტიკასთან, რომელიც ორი დაპირისპირებული მხარის მიერ საქმის საკუთარი ვერსიის დამტკიცებას ეფუძნება. უფრო კონკრეტულად, კრიტიკას იმსახურებს: 

  • კონკურეციაზე აწყობილი სისტემა 

მხარეთა შორის კონკურენცია და მიზნის მისაღწევად, სასამართლო დარბაზში, ემოციური თუ ზეგავლენის სხვა ხრიკების გამოყენება თანამედროვე მართლმსაჯულების თანმდევია. არც თუ იშვიათად, თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესის პირველადი ინტერესი არა სიმართლის დადგენა, არამედ გამარჯვებულის გამოვლენაა. ასეთ დროს კი, თავად ‘ცოდნა’ და ‘სიმართლეც’ უფრო და უფრო რელატიური ხდება. კონკურენციულობის მაღალი ხარისხი ცვლის სისხლის სამართლის პროცესის ბუნებას და მისი მონაწილეების ქცევას. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საეჭვოა, რამდენად შეუძლია ნაფიც მსაჯულს, მოსამართლეზე უკეთ ამოიცნოს სწორი ფაქტები, რადგან გამოგონილი ჩვენებები ხშირად უფრო დამაჯერებელი, კარგად გათვლილი და ნაკლებად ემოციურია. მოსამართლეზე ემოციური ზეგავლენის მოხდენა ან მისი შეცდომაში შეყვანა კი, სავარაუდოდ, უფრო რთულია.

  • კომპლექსურობა

სამართლებრივი დავები თანამედროვე სამყაროში იმდენად კომპლექსური, რთული და მოცულობითია, რომ ნაფიცების მიერ მათი გადაწყვეტის კომპეტენცია ხშირად ეჭვის ქვეშ დგება. მთლიანობაში, კომპლექსური საქმეები, კონფლიქტური და წინააღმდეგობრივი ჩვენებები იწვევს იმას, რომ ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას იღებენ არა სამხილების დეტალური გამოკვლევის, არამედ საერთო შთაბეჭდილებების საფუძველზე. სიმართლის დასადგენად დამატებით პრობლემას წარმოშობს ის ფაქტი, რომ ნაფიცი მსაჯულები არიან პროცესის პასიური დამკვირვებლები. ეს განსაკუთრებით სახიფათოა მხარეებს შორის ძალაუფლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური დისბალანსის გათვალისწინებით.

  • მიუკერძოებლობა

დღემდე არ კარგავს აქტუალობას საკითხი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბუნებას განსაზღვარვს და რომელიც აშშ-ში, მე-19 საუკუნეში, აქტიური განხილვის საგანი იყო: რამდენად შეიძლება, რომ ნაფიცი მსაჯულები იყვნენ ნამდვილად მიუკერძოებლები? არაერთი კვლევა აჩვენებს კავშირს ნაფიცი მსაჯულის დამოკიდებულებებსა და ისეთ ცვლადებს შორის, როგორებიცაა: სამსახურებრივი პოზიცია, სქესი, რასა, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. ბუნებრივია, ამგვარი წინაპირობები მოსამართლის შემთხვევაშიც არსებობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პროფესიონალი მსაჯულის შემთხვევაში, ამგვარ ზეგავლენებთან გამკლავების მოლოდინი უფრო მაღალია.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი