ჩვენ ვიცოდით, რომ პოლიცია და ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული იყო, არ ემსახურებოდა ხალხის ინტერესს და არ იყო შებოჭილი კანონით. თუმცა ბოლო თვეებში თითქოს ამაზე მეტი დავინახეთ. ვუყურებთ თვითნებურ და უკანონო დაკავებებს, ხალხის გატაცებას, აქციების ძალადობრივ დაშლას, დაკავებულთა წამებას. პოლიცია მოქალაქეებს ხმის გამაძლიერებელში აგინებს. კამერების თვალწინ არ ერიდება მოქალაქეების შეურაცხყოფას, ცემას, დამცირებას. ამ ყველაფერს კი ისეთი მონდომებით ასრულებენ, თითქოს მთელი ეს წლები ამისთვის ემზადებოდნენ და ახლა დავალების ჩაბარების დრო მოვიდა. უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს.
სამართალდამცავი სისტემის ამგვარ მუტაციას ბევრი მიზეზი აქვს. ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, 12 წლის განმავლობაში, ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუმცა, სახეზეა სხვა გარემოებებიც, რამაც საპოლიციო სისტემის ასეთი გადაგვარება გამოიწვია.
ინსტიტუციური ფაქტორები
საქართველოში საპოლიციო სისტემა ცენტრალიზებული, იერარქიული და მკაცრ პოლიტიკურ ვერტიკალს დაქვემდებარებულია. პოლიციას მართავს ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მინისტრის ხელით სრულად იქვემდებარებს სისტემას. მინისტრს აქვს ყველა საორგანიზაციო, საკადრო, სტრატეგიული და ოპერაციული გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი. ჩამოშლილი საპარლამენტო და საზოგადოებრივი ზედამხედველობის ფონზე, წლების განმავლობაში, ის ამ ძალაუფლებას უკონტროლოდ და შეუზღუდავად იყენებდა.
მეხსიერება და ინერცია
საქართველოს პოლიციას პოლიტიკური შურისძიების მიზნით ძალადობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ყველა ხელისუფლებისთვის პოლიცია ძალაუფლების შენარჩუნების, პროტესტის ჩახშობის და ხალხზე ძალადობის ინსტრუმენტი იყო. წარსულსა და აწმყოში მძიმე დანაშაულების გამოუძიებლობის გამო, ამ ინსტიტუციური გამოცდილებიდან და ინერციიდან სისტემა არასდროს გათავისუფლებულა.
დაუსჯელობა
პოლიციამ იცის, რომ მისი დანაშაულები გამოუძიებელი დარჩება. ამის გარანტიას პოლიტიკური და ინსტიტუციური სისტემა ქმნის, რომელშიც მოშლილია დამოუკიდებელი გამოძიების შესაძლებლობა. ის, ვინც პოლიციის დანაშაულებზე უნდა რეაგირებდეს, ანუ საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა, თავად არიან პოლიტიკური რეჟიმის სამსახურში. დღეს მთელი სისტემა ერთმანეთის დანაშაულების დაფარვასა და დაუსჯელობაზე დგას.
ძალადობის წახალისება
ქართული ოცნების პოლიტიკა ორგანიზებული ძალადობის წახალისებას ემსახურება. დაუსჯელობის კვალდაკვალ, მოქალაქეების მიმართ სისატიკეში მხილებული პოლიციელებისთვის გადახდილი მადლობები და გადაცემული ჯილდოები, ძალადობაში თანამზრახველობა და მისი გაგრძელების წაქეზებაა.
იდეოლოგიზირება
თვალშისაცემია პოლიციის მკვეთრი იდეოლოგიზირება, რაც აისახება პოლიციის ქცევასა და ტაქტიკაში. ქართული ოცნების რამდენიმეწლიანმა ანტიდასავლურმა რიტორიკამ და მოქალაქეთა ნაწილის მტრად, აგენტებად და მოღალატეებად შერაცხვამ იმუშავა არამარტო საზოგადოებაში, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებშიც. საპოლიციო დანაყოფებისთვის ქუჩაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, მასში ჩართული მოქალაქეები კი მტრები და არალეგიტიმური სუბიექტები არიან, რომლებსაც კანონი აღარ იცავს. ოცნების მიერ საზოგადოების დაყოფამ „ჩვენიანებად“ და „მტრებად“ შედეგად მოიტანა პოლიციის გადასვლა საგანგებო, მილიტარიზებულ მდგომარეობაში, რომელიც ქუჩაში უმოწყალოდ უსწორდება საკუთარ მოქალაქეებს.
მილიტარიზაცია
პოლიციის მილიტარიზაციაზე მიუთითებს ისიც, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა საჯარო სივრციდან სრულიად გამქრალია. პოლიციის საქმიანობას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზედამხედველობს. მილიტარიზებული პოლიცია არსებითად განსხვავდება სამოქალაქო, სამართალდაცვითი პოლიციისგან ჭარბი საპოლიციო ძალით, არაპროპოციული ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენებით, დეესკალაციის ტაქტიკაზე სრულად უარის თქმით.
რას უნდა ველოდოთ?
რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, ეს ძალადობის ორგანიზებული, ინსტიტუციონალიზებული პრაქტიკაა, არა ერთეული, არამედ სისტემური, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან წახალისებული და მხარდაჭერილი. ამ ეტაპზე ეს პროცესი შეუქცევადია. პოლიტიკური კრიზისის ფონზე რეპრესია და ძალადობა მხოლოდ გაიზრდება, რადგან სისტემას თვითშეკავების უნარი აღარ გააჩნია. პოლიციის სისტემის ასეთი გადაგვარება საგანგაშოა. ის სრულიად აქრობს მოქალაქეების ნდობას სახელმწიფოს მიმართ, არღვევს უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნილებას და დაუცველს ტოვებს ჩვენს მოქალაქეებს ორგანიზებული ძალადობის პირისპირ.