შესავალი
დასაქმებულთა უფლებების სათანადოდ დასაცავად შრომის ინსპექციის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამსახურის სტრუქტურისა და უფლებამოსილების ხშირი ცვლილების გამო, ფართო საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია შრომის ინსპექციის ახლანდელი მანდატის შესახებ.
ჩვენი კომენტარი
საიმისოდ, რომ შრომის ინსპექციის საქმიანობამ დასაქმებულთა უფლებების დაცულობის ხარისხზე რეალური ზეგავლენა მოახდინოს, აუცილებელია, იგი სათანადო ოდენობისა და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსით აღიჭურვოს, რათა უფრო ინტენსიურად შეამოწმოს ობიექტები და მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ისეთ სფეროებზე, სადაც შრომის უსაფრთხოებისა და სხვა შრომითი უფლებების დარღვევის საფრთხეები სტატისტიკურად უფრო მაღალია. შრომის ინსპექციამ მეტი ინტერესი უნდა გამოხატოს არაფორმალური სექტორის მონიტორინგის მიმართაც, რათა უზრუნველყოს ყველაზე მოწყვლადი მუშახელის უფლებების დაცულობა და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის ამაღლებას.
მონიტორინგი თანაბრად ეფექტურად უნდა ხორციელდებოდეს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში და ფართო საზოგადოებას აქტიურად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების შესახებ.
გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებული ჯარიმების რაოდენობაც.
კონტექსტი
2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და მისი უფლებამოსილება გავრცელდა შრომის ბაზრის ყველა სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და სხვა შრომითი უფლებების (მაგ., სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური შრომის, დეკრეტული შვებულების) დაცულობის შემოწმებაზე.
შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით სამსახურმა:
- 2021 წელს 446,
- 2022 წლის 1-ლ და მე-2 კვარტალში კი 805 სამუშაო ადგილი შეამოწმა.
შრომის უფლებების ზედამხედველობის მიმართულებით ეს მაჩვენებელი:
- 2021 წელს 388,
- 2022 წლის 1-ელ და მე-2 კვარტალში კი 315 სამუშაო ადგილს შეადგენდა.
2021 წელს შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის ფარგლებში წამყვანი ადგილი ეჭირა მშენებლობის სფეროს (234 ობიექტი), ხოლო შრომითი უფლებების ფარგლებში - ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროსა (124 ობიექტი) და საბითუმო და საცალო ვაჭრობას (60 ობიექტი).
რეგიონული განაწილების თვალსაზრისით, მონაცემები აჩვენებს, რომ შემოწმებების უდიდესი ნაწილი თბილისში განხორციელდა. საილუსტრაციოდ, 2021 წელს შრომის უსაფრთხოების ნორმები თბილისში 254 ობიექტზე შემოწმდა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ იმერეთში - 60 ობიექტზე. ანალოგიურად, შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგი თბილისში 155 ობიექტზე განხორციელდა, მეორე ადგილზე მყოფ იმერეთში კი - 23 ადგილზე.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის საქმიანობა ძირითადად დასაქმების ფორმალურ სექტორზეა კონცენტრირებული, მაშინ, როცა მშრომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორში მუშაობს, სადაც შრომითი უფლებების დარღვევის რისკები გაცილებით მაღალია.
აქვე აღსანიშნავია, რომ მთავრობის 2020 წლის დადგენილების მიხედვით, შრომის ინსპექციის სამსახური 2021 წელს ახორციელებდა სამუშაო ადგილზე Covid-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შემოწმებასაც. შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში კორონავირუსის პრევენციის პროტოკოლის ფარგლებში შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 12778-ს შეადგენდა, რაც ბევრად აღემატება ზემოთ მოცემულ ოდენობებს შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებებით.
მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექცია COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შემოწმების ვალდებულებისგან უკვე გათავისუფლდა, მოცემული შემთხვევა ცხადყოფს, რომ სამსახურის რესურსების დამატებით ვალდებულებებზე მობილიზებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სამსახურის ეფექტურობაზე მისი მთავარი ფუნქციის - შრომითი ნორმების მონიტორინგის მიმართულებით.
რა უნდა ვიცოდეთ, როგორც მოქალაქეებმა?
შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად სამსახური იყენებს სხვადასხვა მექანიზმს:
- შრომითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
- შრომითი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება;
- შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების მიღება და განხილვა;
- ინსპექტირება;
- კანონმდებლობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებების მომზადება.
ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმი. ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
- დაინტერესებული პირის (მაგ., დასაქმებულის) საჩივარი;
- საკუთარი ინიციატივა, ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების წესის შესახებ მიღებული დადგენილების შესაბამისად. ობიექტზე შესაძლებელია განხორციელდეს განმეორებითი ინსპექტირებაც;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის მიერ მიწოდებული შეტყობინება.
რას გულისხმობს ინსპექტირება?
სამუშაო ადგილზე ინსპექტირებას ახორციელებს შრომის ინსპექტორი. მას უფლება აქვს, რომ ინსპექტირებას დაქვემდებარებული ობიექტის ტერიტორიაზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევიდეს.
სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ინსპექტორს შეუძლია შევიდეს ნებისმიერ შენობასა თუ სამუშაო სივრცეში, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს იძულებით შრომას ან შრომით ექსპლუატაციას.
ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტორი ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს. მაგალითად, მას შეუძლია შეამოწმოს საწარმოო პროცესი, გამოიძიოს ყველა რელევანტური ფაქტი და გარემოება, გააკეთოს ჩანაწერები, ამონაწერები, ვიდეო-გადაღება, გამოჰკითხოს სამუშაო ადგილზე არსებული პირები, გამოიყენოს ტექნიკური ექსპერტის დახმარება და სხვ.
რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს?
შრომითი ნორმების დარღვევისთვის დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ ფორმებში:
- გაფრთხილება;
- ჯარიმა;
- სამუშაო პროცესის შეჩერება.
ჩვეულებრივ, დარღვევის აღმოჩენისას შრომის ინსპექციის სამსახური დამსაქმებელს აძლევს გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას, ვადის გასვლის შემდეგ კი ამოწმებს, შესრულდა თუ არა მითითება, შემდეგ კი იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმის შერჩევაზე.
ჯარიმის სახით გათვალისწინებული სანქციების მოცულობა, დასაქმებულის შემოსავლის მოცულობის გათვალისწინებით, მერყეობს 200-დან 1000-ლარის ფარგლებში. მაქსიმალური ოდენობა, 1000 ლარი, შეიძლება დაეკისროს ისეთ დამსაქმებელს, რომლის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო მოცულობა წინა წლის განმავლობაში 500 000 ლარს აღემატებოდა.
სანქციების ოდენობა აჩვენებს, რომ ხშირად დიდი კომპანიებისთვის შრომითი უფლებების დარღვევის „ხარჯი“ საკმაოდ დაბალი შეიძლება იყოს, შესაბამისად, დაჯარიმების შემთხვევაშიც კი, მათი მოტივაცია, რომ ობიექტზე შრომითი უფლებების დაცვა სტაბილურად უზრუნველყონ, საკმაოდ დაბალია. ამდენად, შრომის ინსპექციის სამსახური პრევენციული ფუნქციის შესრულებას ნაკლებად ემსახურება.
სამომავლო პერსპექტივა
საქართველოსა და ევროკავშირს დადებული ასოცირების ხელშეკრულების 229-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ „ღირსეული შრომის არსებობას ყველასთვის“, რომლის მისაღწევადაც შრომის ინსპექციის სამსახურის როლი შეუცვლელია. საქართველომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, რაც გამოიხატა შრომის ინსპექციის ხელახლა დაარსებაში, მისთვის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და მოქმედების ფართო არეალის მინიჭებაში. თუმც, რეალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, რომ განვითარების შემდეგი ეტაპის მიზანი სამსახურისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვაც გახდეს.