5 აპრილს, კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო, აშშ-მ საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, აგრეთვე, მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სტატიაში ავხსნით სავიზო სანქციის არსს, ამ ინსტრუმენტის ისტორიას და გამოყენების პარქტიკას.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სანქციების ამგვარი გამოცდილება საქართველოს სასამართლოს აქამდე არ ჰქონია. ხელისუფლება, ისევე როგორც დასანქცირებული მოსამართლეები, აშშ-სგან მტკიცებულებებს და დამატებით განმარტებებს ითხოვენ. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი სამართლებრივი დავის წამოწყებაზეც საუბრობს. საზოგადოებას კი სჭირდება დამატებითი ინფორმაცია რას გულისხმობს რეალურად სანქციები და როდის და რატომ იყენებს ხოლმე მას აშშ.
ჩვენი კომენტარი
აშშ-ს სავიზო სანქციებს პოლიტიკური შინაარსი აქვს და საქართველოს სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს პრობლემები არაერთ კვლევასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროშია განხილული. სანქციების შესახებ აშშ-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც სწორედ ამ წყაროებთან ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ.
რა არის ანტიკლეპტოკრატიული სავიზო შეზღუდვები?
სავიზო შეზღუდვების მარეგულირებელი აქტი, რომელიც აშშ-ში 2008 წლიდან მოქმედებს, შეერთებული შტატების ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტია უცხოური კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოჩენისა და მასთან ბრძოლისთვის. ყოფილი და მოქმედი ქართველი მოსამართლეები სწორედ კორუფციული საქმიანობასთან კავშირის საფუძლით დასანქცირდნენ.
როგორც აშშ განმარტავს, კორუფციასთან გლობალურად ბრძოლა უკავშირდება საჯარო რესურსების და აშშ-ს საგარეო დახმარებების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს.
როგორ მოქმედებს აქტი?
აშშ-ში შესვლა შეიძლება აეკრძალოს:
- უცხო სახელმწიფოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებს;
-
- პირდაპირ ან ირიბად მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის;
- შეზღუდვა შეიძლება გაუქმდეს/არ დაწესდეს გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, თუკი მნიშვნელოვნად შეიცვალა საფუძველი, რომელსაც გადაწყვეტილება ეყრდნობოდა;
- გამონაკლისია, როცა კონკრეტული პირის აშშ-ში შესვლა კანონის აღსრულების მიზნების ან საერთაშორისო შეთანხმების შესრულებისთვისაა მნიშვნელოვანი.
ვინ და რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას?
-
- სავიზო შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მდივანი იღებს;
- სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამისთვის საკმარისია თუნდაც ერთი სანდო მტკიცებულება;
- საყურადღებოა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის მოხდა ფაქტი, რომელიც საფუძვლად ედება შეზღუდვას. სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ მისი ადრესატი ყოფილი თანამდებობის პირიც გახდეს.
მართლმსაჯულების წარმომადგენლების მიმართ სანქციების გამოყენება
ქართველი მოსამართლეების დასანქცირებამდე, 2018 წელს, სავიზო შეზღუდვა დაუწესდა ალბანელ პროკურორს. 2020 წელს, აშშ-ში შესვლა აეკრძალა ბულგარეთის სპეციალიზებული სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეს. საყურადღებოა, რომ სასამართლოს რეპუტაციის შელახვისთვის, იუსტიციის მინისტრმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. საბჭომ დისციპლინური წარმოება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.
რა ძირითადი განსხვავებებია მაგნიტსკის აქტსა და სავიზო შეზღუდვას შორის?
ზოგიერთ შემთხვევაში, სავიზო შეზღუდვებთან ერთად, პირს დამატებითი სანქციები, მაგალითად აქციების გაყინვა, ე.წ. მაგნიტსკის აქტით შეიძლება დაეკისრება.
-
- მაგნიტსკის აქტს ხელი 2012 წელს მოეწერა;
- აშშ ამ აქტით კორუფციისა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობისთვის ასანქცირებს არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირს;
- სანქციები არ ვრცელდება ოჯახის წევრებზე და ვერ დაეფუძნება 5 წელზე უფრო დიდი ხნის წინ მომხდარ ფაქტებს.