პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას ნიშნავს პენსიის პრივატიზაცია?

უკანასკნელი ათწლეულებია, გლობალურად უფრო და უფრო მეტი სოციალური სერვისი ექვემდებარება პრივატიზაციას. ეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, რადგან სოციალურ დაცვას, თავისი არსით, საჯარო ფუნქცია აქვს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ამ ტენდენციიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყანაში განხორციელდა საპენსიო აქტივების პრივატიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის ღირსეული პენსიის მომავალს. 

ჩვენი კომენტარი

მოხუცებულთათვის ღირსეული პენსიის უზრუნველყოფა სახელმწიფოს  ვალდებულებაა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური დაცვის სისტემების გაუქმება და სოციალური სერვისების პრივატიზება არ ემსახურება თანასწორობას საზოგადოებაში. 

რა უნდა ვიცოდეთ?

ფინანსური კრიზისებიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდებში გრძელვადიანად დაგროვებული თანხები მიმზიდველი გახდა ფინანსური მოთამაშეებისა და სადაზღვევო კომპანიებისთვის, რადგან ეს „იაფი ფული“ იყო.

1980-იანი წლებიდან საფონდო ბირჟებმა და სადაზღვევო კომპანიებმა ამ აქტივების ხელში ჩასაგდებად კერძო, დაგროვებითი საპენსიო სქემების აქტიური ლობირება დაიწყეს, რომლებიც იქამდე არსებულ სოლიდარობის პრინციპს ინდივიდუალური დაგროვების მექანიზმით ჩაანაცვლებდა. 

ამ შემთხვევაში

  • თანხა, რომელიც ადამიანს ყოველთვიურად ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეაქვს, არ გაიცემა სხვა პენსიონერებზე;
  • შესაბამისად, ის რჩება ხელშეუხებელი მანამ, სანამ დამგროვებელი თავად არ გავა პენსიაზე;
  • სწორედ ამიტომ, ეს მოდელი თანხის დიდი ხნით დაგროვების საშუალებას იძლევა. კერძო კომპანიები კი ამ თანხას ფლობენ და სხვადასხვა ინვესტიციაში აბანდებენ;
  • შედეგად, ადამიანს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, საკუთარ დანაზოგზე დამატებული, გარკვეული პროცენტული სარგებელი ერიცხება.

უფრო დეტალურად

  • ეს მოდელები მთავარ საპენსიო სქემებად იქცა მხოლოდ განვითარებად ან პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს როლი ისედაც დისკრედიტირებული იყო და, შესაბამისად, ადვილად შეიქმნა მსგავსი საპენსიო სქემა;
  • ევროკავშირის იმ სახელმწიფოებში კი, რომლებიც დღემდე ღირსეულ პენსიას გასცემენ, მსგავსი მოდელების ინტეგრირება საპენსიო სისტემებში მხოლოდ დამატებით, ნებაყოფლობით სვეტებად გახდა შესაძლებელი.

მაგალითად, ჩილე იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პრივატიზებული საპენსიო მოდელი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, პინოჩეტის მმართველობის დროს, დანერგა. წლების შემდეგ, როცა სისტემის პირველი ბენეფიციარები პენსიაზე გავიდნენ, ცხადი გახდა, რომ ამ მოდელმა ჩილეში მწვავე თაობათაშორისი უთანასწორობა და მოხუცთა სიღარიბე გამოიწვია, რასაც უკანასკნელ წლებში ქუჩაში გამოსული მილიონობით ადამიანი აპროტესტებდა. 

გარდა ამისა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ  დიდი ხნით დაგროვებული თანხების ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა, რამაც კერძო დაგროვებით პრინციპზე დაფუძნებული ფონდები ფინანსურად არამდგრადი გახადა.  შესაბამისად, ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, უნგრეთმა, უარი თქვა პრივატიზებულ სქემაზე და საპენსიო სისტემაში თაობათაშორისი სოლიდარობის სქემა დააბრუნა. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი