პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ არ იცვლება მშრომელების მიმართ დამსაქმებლების დამოკიდებულება?
თებერვალი 5, 2023

ქვეყანაში, წლიდან წლამდე არ იცვლება დამსაქმებლების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მშრომელების მიმართ. მათი აღქმით დასაქმებული ყოველთვის მადლიერი უნდა იყოს, რომ „კომპანიის“ წყალობით მას სამსახური აქვს.

თუკი შეეცდება პროტესტი გამოხატოს უსამართლო ანაზღაურებასთან, მძიმე შრომით პირობებთან დაკავშირებით, მას  ყოველთვის ღია კარისკენ მიუთითებენ. მიუთითებენ, რომ ისინი შეუცვლელები არ არიან და ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც ამავე სამუშაოს უფრო მცირე ანაზღაურების სანაცვლოდაც კი შეასრულებს.

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მშრომელებმა გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა, საკუთარი შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა და მიმართეს შესაბამის ზომებს, დასაქმებულები იღებენ ქედმაღლურ დამოკიდებულებებს და მუქარას, რომ ისინი დაკარგავენ სამსახურს.

ზემოჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში მიზანი იგივეა, მშრომელმა არ უნდა იგრძნოს თავი ღირებულად, მას არ უნდა მიეცეს უფლება იფიქროს, რომ მნიშვნელოვანია. ის უნდა დარჩეს უბრალო შემსრულებლად, რომელიც მარტივად შეიცვლება სხვა ადამიანით.

რატომ არის რთული მშრომელების გაერთიანება?

საქართველოში, მშრომელების მობილიზება, გაერთიანება და ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო რთულია ვიდრე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში. აქ, დასაქმებულთა ინტერესები ხშირად უგულებელყოფილია და თითოეული ჩვენთაგანი მუდამ დგას სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე. არამდგრადი და მერყევი ეკონომიკის პირობებში, სამსახურის დაკარგვა შეიძლება ავტომატურად ნიშნავდეს დიდხანს უმუშევრად დარჩენას, რაც გამოიწვევს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოხვედრას და სოციალურად დაუცველის სტატუსს. სწორედ ამიტომ, მშრომელები ხშირად ერიდებიან თავიანთი უფლებებისთვის გაერთიანებას, სამართლიან, ღია, უკომპრომისო და უთანასწორო ბრძოლას დამსაქმებლების წინააღმდეგ.

რიცხვებში:

ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილოთ რა ვითარებაა ქვეყანაში და რა ტიპის რისკის წინაშე დგება დასაქმებული სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში:

  • 2022 წელს, წლიური ინფლაცია დაფიქსირდა 9.8%. საგრძნობლად გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები.
  • სახელმწიფოს მიერ გამოთვლილი საარსებო მინიმუმიც კი 2022 წლის განმავლობაში, ინფლაციის გამო, 206 ლარიდან 253.5 ლარამდე გაიზარდა. ცხადია, საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია თავისი არსით არასწორი და მოძველებულია, თუმცა აქ ამაზე არ შევჩერდები.

 

უფრო დეტალურად იხილეთ: „როგორ გამოითვლება საარსებო მინიმუმი“

 

  • საზოგადოების 88%-ს არ აქვს დანაზოგი და სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში სრულიად უსახსროდ დარჩენა ემუქრება.
  • 250 700 ადამიანი უმუშევარია, ეს სამუშაო ძალის მეექვსედია.
  • მოსახლეობის 18%, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
  • დედაქალაქში, 2022 წლის ივლისის მონაცემებით 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების ქირა დაახლოებით 50%-ით გაძვირდა.
  • საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს, ხოლო ყოველ მესამე ოჯახს მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის შემოსავალი, ჯამში ეს მოსახლეობის 53%-ია.

 

 

ჩვენი კომენტარი

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, დამსაქმებლებს უფრო მეტად ახალისებს უსამართლო პირობებში ამყოფოს დასაქმებულები. შესაბამისად, როდესაც ვხედავთ მშრომელების სამართლიან ბრძოლას საკუთარი უფლებების დასაცავად, მაგალითად გაზრდილი ინფლაციის გამო ხელფასის მომატების ან/და ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნის შემთხვევებს, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს და მშრომელებისადმი სოლიდარული იყოს.

უფრო დეტალურად

მხოლოდ, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია 3 ტიპის პროტესტთან დაკავშირებით.

  1. ტელეკომპანია ფორმულას 30-მდე ოპერატორი ხელფასების მატებასთან და ღირსეული შრომითი გარემოს მოთხოვნის საფუძველზე გაიფიცა;
  2. ვოლტის კურიერებმა პროტესტი გამოთქვეს სამუშაო პირობებთან დაკავშირებით;
  3. ბოლტის მძღოლებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს სამუშაო პირობებთან დაკავშირებით.

დამსაქმებლების დამოკიდებულება კი როგორც უკვე ვთქვი წლიდან წლამდე მსგავსია. ტელეკომპანია ფორმულას მენეჯმენტმა ოპერატორები უკვე გაათავისუფლა სამსახურიდან, შრომის კოდექსის ფორმალურ განმარტებას დაეყრდნო, გაფიცულ თანამშრომლებს ზედიზედ 3 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა და შემდგომ სამსახურიდან გაათავისუფლა. ასეთი ქმედება კი მიუთითებს, რომ მენეჯმენტს ჰქონდა ერთადერთი სურვილი დაესაჯა „ამბოხებულები“. მსგავსი შემთხვევის გახსენება შეიძლება 2020 წელს სილქნეტში მიმდინარე გაფიცვისას, როდესაც მენეჯმენტმა 50-მდე თანამშრომელს გამოუცხდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ, რადგან ფორმალურად მათ კანონი დაარღვიეს და „გაფიცვა იყო უკანონო“.

ზოგადად, შრომის კოდექსში არსებული ჩანაწერები გაფიცვის რეგულირებასთან დაკავშირებით პრობლემურია. მშრომელებს მრავალსაფეხურიანი პროცედურის გავლა უწევთ, რომ შემდგომში მათი გაფიცვა კანონიერად ჩაითვალოს. კანონის ფორმალურ მოთხოვნებს კი დამსაქმებლები თავის სასარგებლოდ ხშირად იყენებენ.

 

დეტალურად, იხილეთ სტატია „გაფიცვის უფლება საქართველოში“.

 

კურიერების პროტესტის ისტორია

რაც შეეხება კურიერების პროტესტს სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს სიახლეს. გვახსოვს, 2021 წელს gig ეკონომიკის სფეროში დასაქმებულმა პირებმა გამართეს არაერთი საპროტესტო აქცია მინიმალური შრომითი გარანტიებისა და ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით. ამის საპასუხოდ კი ხდებოდა კურიერების აპლიკაციებიდან დაბლოკვა და კომპანიების მხრიდან კეთდებოდა მითითება იმაზე, რომ კურიერები რეალურად არა დასაქმებულები, არამედ პარტნიორები იყვნენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, რისთვისაც სახალხო დამცველმა „Bolt Food“-ის მიერ კურიერებთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე საქართველოს შრომის კოდექსის დაცვის სტანდარტები გაავრცელა.

უნდა ითქვას, რომ ამგვარ ატიპიურ შრომაში ჩართული ადამიანების გაერთიანება და ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის კიდევ უფრო რთულია, რადგან თავისთავად ის მუშაობის სისტემა, რომელიც მოცემულია ციფრულ პლატფორმებზე, ახალისებს მშრომელებს შორის შეჯიბრსა და კონკურენციას, ეს კი უფრო მეტად ქმნის დაპირისპირების გარემოს, ვიდრე ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას.

შეჯამება

საქართველოში სოციალური პოლიტიკა ფრაგმენტული და არასრულყოფილია, ის ვერ უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას. ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი (1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული და 20 ლარია), არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა, კანონმდებლობა იმგვარია, რომ გაფიცვის დაწყება მშრომელებისთვის რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ხშირად ის უკანონოდ მიიჩნევა, აკრძალულია სოლიდარული გაფიცვა, არაერთი ადამიანი არაფორმალურ შრომაშია ჩართული, რაც შრომის კოდექსის დაცვის მიღმა დარჩენას გულისხმობს და კიდეც არაერთი სხვა რეგულაციაა, რომელიც მშრომელს აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში.

ქვეყანაში ასეთი სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე კოლექტიური ბრძოლა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით გამბედაობაა, რადგან დასაქმებულები სასწორზე დებენ აქამდე არსებულ, უსამართლო, მაგრამ მაინც ე.წ. სტაბილურ შემოსავალს, სანაცვლოდ კი შეიძლება მიიღონ მცირედი სამართლიანობა და გაუმჯობესებული პირობები ან უთანასწორო ბრძოლაში დაკარგონ ყველაფერი.

სასწორის პინა რომელ მხარეს გადაიხრება და რა შედეგით დასრულდება ბრძოლა დამოკიდებულია მშრომელების ერთსულოვნებასა და საზოგადოების მხარდაჭერაზე.

მასალა მოამზადეს
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
ავტორი