30 წლიანი ეკონომიკური რეფორმების მიუხედავად, საქართველოში მშრომელთა უმეტესობას კვლავ უჭირს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.
იზრდება ეროვნული შემოსავლები, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდეგ, მაგრამ ხელფასების დონე კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ფასების ზრდას, სიტუაცია კიდევ უფრო სავალალო ხდება. მსყიდველუნარიანობა მცირდება, უთანასწორობა იზრდება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალგაზრდა და განათლებული მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებას.
ეკონომისტების ნაწილი ხელფასების დონეს ინდივიდუალურ პროდუქტიულობას უკავშირებს. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ის რომ საქართველოში დაბალი ხელფასები გვაქვს, თუნდაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მხოლოდ დაბალი პროდუქტიულობით ვერ აიხსნება. ამ ფაქტს გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციური მიზეზებიც განაპირობებს. ეს სტატია სწორედ ამ ფაქტორების ჩვენებას ისახავს მიზნად.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2000 ლარს, ხოლო მედიანური ხელფასი დაახლოებით 1400 ლარს უტოლდება.
საშუალო ხელფასი საერთო ხელფასების მშრომელთა რაოდენობაზე შეფარდებით გამოითვლება. მაღალი უთანასწორობის პირობებში, იგი არ ასახავს რეალურ სურათს, რადგან მცირე ჯგუფს რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს, საშუალო მაჩვენებლის მკვეთრად გაზრდა შეუძლია. ამას ადასტურებს მედიანური ხელფასის შედარებით დაბალი დონეც. დღეს, საქართველოში დასაქმებულთა ნახევარს 1400 ლარზე ნაკლები, ხოლო უმრავლესობას 1400-სთან მიახლოებული ხელფასი აქვს.
ქვემოთ (ნახ. 1), შედარებულია საშუალო და მედიანური ხელფასები დასაქმების დარგების მიხედვით, საიდანაც ირკვევა, რომ მედიანური ხელფასი საშუალო ხელფასს აბსოლუტურად ყველა სექტორში ჩამორჩება. ეს კი იმაზეც მეტყველებს, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ზედა რგოლებში, მაშინ როდესაც მშრომელთა უმრავლესობა დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს. ეს თავის მხრივ გულისხმობს იმასაც, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა უმრავლესობის ხელფასების ზრდაზე არ აისახება. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა შრომით გამომუშავებული ღირებულების უდიდეს ნაწილს კაპიტალი ეპატრონება.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალი ხელფასები არ გახლავთ მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. იგი სისტემური პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოციალურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ მდგრადობაზე.
ნახაზი N1: საშუალო და მედიანური ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით 2023 წ.
წყარო: საქსტატი
ჩვენი კომენტარი
დაბალი ხელფასები საქართველოში შემთხვევითი არ არის, ის იმ პოლიტ-ეკონომიური მოწყობის შედეგია, რომელშიც კაპიტალის ძალაუფლება და ინტერესები მშრომელთა ღირსეულ ანაზღაურებაზე უფრო მაღლა დგას.
საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო და დღემდე ინარჩუნებს სისტემას, სადაც მთავრობასთან დაახლოებული ბიზნეს ელიტები მდიდრდებიან, მაშინ როცა უმრავლესობა ლუკმაპურისთვის იბრძვის.
რა უნდა ვიცოდეთ?
უმუშევრობა და ხელფასები
საქართველოში დაბალი ხელფასების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი გახლავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
ზოგადად, რაც უფრო მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, სამუშაოს მაძიებლები მით უფრო დაბალ ხელფასებს თანხმდებიან, რადგან არდათანხმების შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილის პოვნა რთულია.
ამის საპირისპიროდ, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი მზარდია, დამსაქმებლის მხრიდან შემოთავაზებული ხელფასებიც მაღალია, რადგან სამუშაო პირობების არმოწონების შემთხვევაში, სამუშაოს მაძიებელს სხვაგანაც მარტივად შეუძლია მუშაობის დაწყება.
აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დასაქმების ზრდისკენ მიმართული სამთავრობო პოლიტიკები, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სექტორში, თავისთავად სახელფასო პოლიტიკასაც უნდა მოიაზრებდეს.
მინიმალური ხელფასი და უმუშევრობის დაზღვევა
საქართველოში დაბალი ხელფასების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის დაზღვევის სისტემის არარსებობაა.
მინიმალური ხელფასის კანონის გარეშე, დამსაქმებლებს შეუძლიათ უკიდურესად დაბალი ანაზღაურების შეთავაზება, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სუსტია მშრომელთა დაცვა. ეს ქმნის ე.წ. „რბოლას ფსკერისკენ“, სადაც ხელფასები განისაზღვრება დასაქმებულთა სასოწარკვეთით და არა საცხოვრებელი სტანდარტით, ან თუნდაც პროდუქტიულობის მიხედვით.
უმუშევრობის დაზღვევის არარსებობის პირობებში, უმუშევრად დარჩენილ ადამიანები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩებიან. მსგავსი, გადარჩენაზე ორიენტირებული მდგომარეობა კი აიძულებთ მათ, რომ დაბალ ანაზღაურებას და უღირს სამუშაო პირობებსაც დათანხმდნენ.
ხელფასების გაზრდისა და ეკონომიკური მოწყვლადობის შესამცირებლად, აუცილებელია მინიმალური ხელფასისა და სოციალური დაცვის სისტემის დანერგვა. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შედარებით მაღალია ხელფასების დონე ვიდრე საქართველოში, თუნდაც დაბალპროდუქტიულ სექტორებში, დიდწილად სწორედ ამ პოლიტიკების დამსახურებაა.
ჯანდაცვა და განათლება
საქართველოში, სუსტი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და განათლების სისტემები დაბალი ხელფასების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საჯარო სიკეთეების მთავარი დანიშნულება სოციალური ხასიათისაა და არა ეკონომიკური.
საქართველოში, თუ მშრომელს სურს, მაგ. შვილისთვის სამკურნალო ხარჯების დაფარვა ან განათლების საფასურის გადახდა, მას ხშირად სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დაბალანაზღაურებად სამუშაოს დათანხმდეს.
ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ჯანდაცვა და განათლება ძირითადად უფასოა ან სახელმწიფოს მიერ არის მნიშვნელოვნად სუბსიდირებული. ეს მშრომელებს აძლევს სარეზერვო არჩევანს, რომ უარი თქვან დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ან სხვა საჭიროებების რისკის ქვეშ დაყენების გარეშე. შედეგად, ევროკავშირში, მშრომელებს უფრო მეტი მოლაპარაკების ძალაუფლება აქვთ, რაც ხელფასების ზრდას უწყობს ხელს.
იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში არ არსებობს მსგავსი საჯარო სერვისები, სუსტია სარეზერვო არჩევანიც და ადამიანებს დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება უწევთ. ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება, არა მხოლოდ პირდაპირ ამცირებს ცხოვრებისეულ ხარჯებს, არამედ აძლიერებს მშრომელთა უნარს, რომ მოითხოვონ შედარებით მაღალი და სამართლიანი ანაზღაურება.
დაბალი ხელფასები, როგორც საინვესტიციო პოლიტიკა
ამ სტრუქტურული პრობლემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს მთავრობებმა სწორედ დაბალი ხელფასები აქციეს საქართველოს შედარებით უპირატესობად გლობალურ კონკურენციაში. ძლიერი, ინოვაციური ეკონომიკის აშენების ნაცვლად, მთავრობამ მიზნად იაფი შრომის მეშვეობით ინვესტიციების მოზიდვა დაისახა. ეს ქმნის ერთგვარ მანკიერ წრეს, სადაც დაბალი ხელფასები იწვევს დაბალ პროდუქტიულობას, ხოლო დაბალი პროდუქტიულობა შემდეგ ისევ დაბალი ხელფასების გასამართლებლად გამოიყენება.
თუმცა, ისტორია აჩვენებს, რომ არსებობს განსხვავებული გზებიც. თუნდაც, XVIII საუკუნის ბრიტანეთში, მაღალი ხელფასები, ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო, რადგან სწორედ მაღალი ხელფასები აიძულებდა ფირმებს, რომ ხარჯები ტექნოლოგიების დანერგვით შეემცირებინათ და პროდუქტიულობა ასე გაეზარდათ.
მსგავსი პროცესებით ხასიათდება ახლად ინდუსტრიალიზებული ქვეყნებიც, მაგ. სამხრეთ კორეა. 1970-80 წლებში, როდესაც კორეაში ხელფასები გაიზარდა, სამხრეთ კორეის ფირმები მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარებაზე გადავიდნენ. შრომის მაღალმა ხარჯებმა გააჩინა სტიმული, რომ ადგილობრივ ფირმებს, მთავრობასთან კოორდინაციით ინვესტიციები გაეკეთებინათ უფრო პროდუქტიულ სექტორებში.
საქართველოს შეუძლია მსგავს გზას გაჰყვეს: ხელფასების ზრდა წაახალისებს უკეთესი ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების იმპორტს და უფრო მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარებას. იაფ შრომაზე დაყრდნობის ნაცვლად, ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ხელფასები, თუ გვსურს ეკონომიკის რეალური ტრანსფორმაცია და დაბალპროდუქტიული სექტორებიდან თავის დაღწევა.
თუ ხელფასების ზრდასთან ერთად, სამთავრობო პოლიტიკების დახმარებით პროდუქტიულობაც გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ გაზრდილი ხელფასები ფასების ზრდას არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამას თან უნდა ახლდეს მკაცრი კონკურენციის პოლიტიკაც.
პროფესიული კავშირები
საქართველოში დაბალი ხელფასების კიდევ ერთი მიზეზი ძლიერი და დამოუკიდებელი პროფკავშირების არარსებობას უკავშირდება.
ბევრ ინდუსტრიაში, მათ შორის ჭიათურაში, ე.წ. „პროფკავშირები,“ ხშირად, დამსაქმებლებთან თანამშრომლობენ და არ წარმოადგენენ მშრომელთა რეალურ ინტერესებს. ხელფასების გაზრდის ან უკეთესი პირობების მოთხოვნის ნაცვლად, ისინი ხშირად პროტესტის დაბლოკვას და გაფიცვების ჩახშობას ცდილობენ. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მუდმივად დამსაქმებლებს ემხრობა, ხოლო მშრომელებს ხელს უშლის ორგანიზებაში.
ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ძლიერი და დამოუკიდებელი პროფკავშირები ცენტრალურ როლს ასრულებენ კოლექტიური მოლაპარაკებების გზით უკეთესი ანაზღაურების მოპოვებაში. საქართველოში, ასეთი ინსტიტუტების არარსებობა მშრომელებს დაუცველს ტოვებს, რაც სამართლიანი ხელფასების მოთხოვნას გაცილებით ართულებს. დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნა და შრომითი უფლებების დაცვა ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების ნებისმიერი სტრატეგიის პრიორიტეტი უნდა იყოს.
შესაჯამებლად:
კაპიტალისტურ ეკონომიკაში, შრომის ბაზარი, დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის ინტერესთა კონფლიქტით ხასიათდება. დასაქმებულებს სურთ მაღალი ხელფასები და უკეთესი სამუშაო პირობები, ხოლო დამსაქმებლები წარმოების ხარჯების შემცირებას ცდილობენ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი მოგება.
მხარეებს შორის ისეთი ურთიერთობის შემთხვევაში, როდესაც შრომის კოდექსი და სხვა სამთავრობო რეგულაციები სახეზე არ გვაქვს, მოლაპარაკების ძალაუფლება მთლიანად დამსაქმებელს აქვს, ეს კი მას დაბალი ხელფასების შეთავაზების და მშრომელთა ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. ეს ხდებოდა XIX საუკუნის ევროპაში, რის გამოც ამ პერიოდს ველურ კაპიტალიზმს ვუწოდებთ.
თუმცა, თანდათანობით, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 1980-იან წლებამდე პერიოდში, მშრომელთა მოძრაობების და პროფკავშირების გააქტიურების კვალდაკვალ, მოლაპარაკების ძალაუფლებამ მშრომელთა მხარეს გადაინაცვლა და ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მივიღეთ. ეს გახლავთ მაღალი პროდუქტიულობის, მაღალი ხელფასების და დაბალი ფასების პერიოდი, რაც მთავრობების შრომის ბაზრებზე აქტიურმა ჩარევამ განაპირობა. 80-იანი წლებიდან კი ე.წ. ნეოლიბერალიზმის პერიოდი იწყება, რაც შრომითი ბაზრების დერეგულაციასაც გულისხმობს. ამას მოჰყვა ხელფასების შემცირება, მოგების ზრდა და საბოლოო ჯამში გაზრდილი უთანასწორობა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ მსგავსი გარდატეხები არ გვქონია. დამოუკიდებლობიდან დღემდე, შრომის ბაზარზე მდგომარეობა არ შეცვლილა. ყველა მთავრობა ბიზნესის ინტერესებს ემსახურება, მშრომელთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, რაც დაბალი ხელფასების და მზარდი უთანასწორობის ფუნდამენტურ