სააღდგომო შეწყალება, პოლიტიკური შერჩევითობა და სტატისტიკის ამბივალენტური სურათი
აღდგომა გავიდა, მაგრამ შეწყალების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნდა. შეკითხვები რჩება უპასუხოდ: გამოიყენა თუ არა ყაველაშვილმა შეწყალების უფლება? თუ გამოიყენა – ვის შეეხო? რატომ მალავს იანვრის შეწყალების დეტალებს ადმინისტრაცია?
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს საკითხი?
„ქართული ოცნება“ და მათ შორის ყაველაშვილი აქციების დროს დაკავებულებს მოუწოდებდნენ დანაშაულის აღიარებისკენ და საუბრობდნენ, რომ ამის შემდეგ „ჰუმანურ“ გადაწყვეტილებებს მარტივად მიიღებდნენ. ვიცით, რომ 11 თებერვალს მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა, აი ის „ჯებირების შეღუნვის საქმეა“ – 400 ლარიანი ზიანი რომ მიადგა „ჟეშტს“, რომელიც უკვე ანაზღაურებულია.
ჩვენი კომენტარი:
შეწყალება სახელმწიფოს მძლავრი ინსტრუმენტია და მის გამოყენებას სჭირდება მკაფიო კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცესი.
დღეს კი - არც მექანიზმი გვაქვს, არც საჯარო განმარტებები. როცა ჰუმანურობის სახელით ხდება სასჯელის შემცირება, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს - ვის, რატომ და რისთვის ევლინება სახელმწიფო ჰუმანურობით.
რა ვიცით 2025 წლის იანვრის შეწყალებაზე?
2025 წლის იანვარში ყაველაშვილმა შეიწყალა 613 ადამიანი, აქედან 611-მა, იანვარშივე დატოვა საპატიმრო. შეწყალებამდე, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, 7409 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს საპატიმროებში. გამოდის, რომ ყაველაშვილმა რეალური მსჯავრის ქვეშ მყოფთა 8%-ზე მეტი შეიწყალა, გაპრეზიდენტებიდან არასრულ 1 თვეში.
დღემდე არ ვიცით რა ტიპის დანაშაულში მსჯავრდებულები შეიწყალა, არ ვიცით საერთოდ რას დაეყრდნო: მსჯავრდებულთა რისკების შეფასება გაითვალისწინა, ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი; მსჯავრდადებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა. იანვარში, მედიაში შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ჩვენ საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
უფრო დეტალურად:
თუ შევხედავთ 2025 წლის იანვრის მსჯავრდებულთა პოპულაციას ციხეებში და შევადარებთ 2024 წლის დეკემბრის პოპულაციას, ვნახავთ რომ რაოდენობა დაკლებულია 519 ადამიანით. თუკი 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით - 7409 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს, 2025 წლის იანვრის მონაცემებით ეს რიცხვი არის - 6890. აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ 611 ადამიანმა კი დატოვა დაწესებულება, თუმცა ამ ერთ თვეში 92 ახალი ადამიანი გახდა მსჯავრდებული, რომელიც დაემატა მსჯავრდებულთა ციხის პოპულაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სურათი და სტატისტიკა, რომელიც გვეტყოდა მსჯავრდებულთა, რომელმა კატეგორიამ დატოვა პენიტენციური დაწესებულება შეწყალების შემდგომ (მაგ. მან ვინც სასჯელს იხდის ინდივიდუალური შეფასების შემდგომ: ნახევრად-ღია ტიპის, დახურულ, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში), თუმცა დაახლოებით შეგვიძლია სურათის წარმოდგენა 2024 დეკემბრის და 2025 იანვრის შედარებით.
ასეთ დროს, ვნახავთ, რომ დაბალი რისკის დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა 9%-ით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებიდან - 7%-ით, დახურული დაწესებულებიდან 8%-ით, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებიდან - 15%-ით, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან 20%-ით, ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან 4%-ით.
თუ არ ჩავთვლით, არასრულწლოვნების სარეაბილიტაციო დაწესებულებას, საიდანაც 40-დან 32 მსჯავრდებული დარჩა იანვრის შემდგომ, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, სადაც შემცირდა მსჯავრდებულთა პოპულაცია არის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდიან საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები. 15%-ით შემცირდა მაღალი საშიშროების რისკის მქონე მსჯავრდებულების რაოდენობა, თუკი დეკემბერში იქ იყო 220 მსჯავრდებული, იანვრის მონაცემებით ეს არის 186 ადამიანი (შემცირდა 34 ადამიანით).
ქართული ოცნებისვე განსაზღვრებით: „განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფებს, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას.”
ასევე, საინტერესო მონაცემებს გვაძლევს, თუკი შევადარებთ მსჯავრდებულთა ციხის პოპულაციას, დანაშაულის კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის და 2025 წლის მონაცემებს:
შესაბამისად, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ვხედავთ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩამდენი ადამიანების პოპულაცია ციხეში შემცირდა 6%-ით, მძიმე დანაშულის ჩამდენთა 11%-ით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩამდენთა რაოდენობა 3%-ით.
ჰუმანურობის არგუმენტის სიყალბე
თავისთავად, შეწყალების ინსტრუმენტი ჰუმანურია, მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის (ვგულისხმობ ნაკლებად მძიმე, მძიმე, განს.მძიმე) დანაშაულზე, თუმცა განსხვავება მიდგომებში თვალსაჩინოა:
- ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმე — 400 ლარის ზიანით — 2 თვეა განხილვის და გადაწყვეტილების გარეშეა.
- 613 ადამიანი შეწყალება მოხდა არასრულ 1 თვეში, სრულიად გაუმჭირვალედ.
ეს განსხვავება და შეწყალების სტატისტიკის სრული დამალვა ნათლად აჩვენებს, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენება სელექციურად, პოლიტიკური მიზნებისთვის.