პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ არის უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტები ღირსების შემლახველი?
აპრილი 3, 2023

რას მოიცავს სიტყვა „აგენტის“ მნიშვნელობა?

როდესაც რუსო „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ მესამე წიგნში „მთავრობას“ ტერმინ „აგენტით“ მოიხსენიებდა, მას ამით, არა მხოლოდ, იმის თქმა სურდა, რომ ეს „მთავრობა“ სუვერენის (ანუ ხალხის) ნდობით აღჭურვილი პირია, არამედ იმისაც, რომ ამ სტატუსის მატარებელს საკუთარი, ინდივიდუალური ნება არ გააჩნია. მისი ფუნქცია ხალხის დავალების ფარგლებში მოქმედება ანუ ადმინისტრირებაა. ასეთივე მნიშვნელობითა, ეს სიტყვა გამოყენებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის განმარტებებში. აქ გაკრიტიკებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი მოდელი, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლება „სრულიად ექვემდებარება ცენტრს“ და ამდენად, არის „აგენტი“, რომელიც „გამოხატავს ცენტრის ნებას“. გერმანელი მეცნიერი იულიუს ჰაჩეკიც, ვისი იდეების გავლენაც ჩვენს მაშინდელ უზენაეს კანონზე დიდია, როდესაც სურს უმეშვეო დემოკრატიაში აღმასრულებელი ხელისუფლების სუვერენიტეტისგან დაცულობას გაუსვას ხაზი, მას საკანონმდებლო შტოს „მსახურ აგენტს“ უწოდებს. ინგლისურ ენაში სიტყვა „აგენტის“ ამგვარი გაგება, მერიამ-ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით, შუა საუკუნეების ლათინურიდან შევიდა. ერთ-ერთი მნიშვნელობით ის აღნიშნავდა პირს, ვინც უფლებამოსილია იმოქმედოს სხვისთვის.

„აგენტი“ კერძო ურთიერთობებშიც სწორედ ამ შინაარსით დამკვიდრდა. მის ქვეშ მოიაზრება პირი, რომელიც მარწმუნებლის დავალებით შედის კონკრეტულ პროცესში. გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა, უძრავი ქონების აგენტი, მუსიკოსის აგენტი, გაყიდვების აგენტი და ა.შ. თუმცა, მათ ყველას ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ: „აგენტი“ ის არის, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სხვა ძალის სახელით, ამ ძალის ინტერესებისთვის. მისი ნებისმიერი მოქმედება მარწმუნებლის მოქმედებაა. მას არასდროს არ აქვს უფლება ჩაანაცვლოს იმის ნება, ვისთვისაც მუშაობს.

რატომ ვსაუბრობთ ამ საკითხზე?

საქართველოს მთავრობამ დაახლოებით ერთი თვის წინ გადაწყვიტა, რომ, სულ ცოტა, ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის, რომლებიც ქვეყნის გარედან დაფინანსდებოდნენ, „უცხოური გავლენის/ძალის აგენტის“ სტატუსი მიენიჭებინა. როგორც ცნობილია, ხელისუფლება, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, იძულებული გახდა ამ ინიციატივაზე უარი ეთქვა. ჩემი მიზანი „ქართული ოცნების“ თვალთმაქცობის ჩვენებაა, რადგან ის, იმ სირთულის გამო, რაც ამ ფენომენს („აგენტი“) ახასიათებს, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანზე ცდილობს გავლენის მოხდენას. მიზანშეწონილია პასუხი გავცეთ ყველა იმ არგუმენტს, რომელიც მათი ავტორობით ითქვა, ამ არგუმენტების უსუსურობა კი მათსავე მოედანზე ვაჩვენოთ. ამით საზოგადოების ნაწილს, ვისთვისაც ჯერ კიდევ დამაჯერებლად მოჩანს ისინი, საფუძვლიანი მოსაზრებები გავუზიაროთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ მათ არაგონივრულობაში. 

რაში მდგომარეობას ხელისუფლების თვალთმაქცობა?

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ არაფერია ამგვარ სახელდებაში შეურაცხმყოფელი. მათი თქმით, „აგენტი“ არ უთანაბრდება სიტყვას „ჯაშუში“. ის მხოლოდ წარმომადგენელს ნიშნავს, მაგ. როგორც საფეხბურთო ან სადაზღვევო აგენტი. ეს ტერმინები კი არ არის ღირსების შემლახველი. მმართველი გუნდის წევრები სიტყვების თამაშით მსმენელისთვის თვალის ახვევას ცდილობენ. გარდა იმისა, რომ მშვენივრად ესმით „მოღალატის“ ალუზია, რომელსაც სიტყვა „აგენტი“ წარმოშობს, მათ ისიც მოეხსენებათ, რომ იმ მოქალაქეს, ვინც საკუთარ ქვეყანაში სხვა ძალის ინტერესებს წარმოადგენს, საკუთარი ღირსეული ინტერესები არ გააჩნია. სხვაგვარად, პირი, რომელიც სხვა სახელმწიფოს „აგენტობას“ თანხმდება, უარს ამბობს საკუთარ მოქალაქეობრივ ფუნქციაზე.

სწორედ ამ მომენტში უახლოვდება ერთმანეთს „აგენტის“და „ჯაშუშის“ ცნებები. ეს ტერმინები იკვეთება იქ, სადაც ორივე მათგანი სხვა ძალის სასარგებლოდ მუშაობას მოიაზრებს. სხვა ძალის სასარგებლოდ მუშაობა, მის წინაშე ვალდებულების ქონა კი, ავტომატურად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს ნიშნავს. ერთადერთი, ვის წინაშეც მოქალაქეს ვალდებულებები გააჩნია, საკუთარი ქვეყანაა.

რატომ ილახება ღირსება?

ამ სტატიის პირველ ნაწილში აღწერილ არცერთ შემთხვევაში არაფერია საჩოთირო. გასაგებია, როდესაც ხელისუფლების (ან მისი რომელიმე ინსტიტუტის) ფუნქციაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მის მიერ სუვერენის მითითების აღსრულება გვაქვს. ასევე ნათელია, როდესაც საფეხბურთო აგენტის საქმიანობაზე ვკონცენტრირდებით, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია სპორტსმენის საუკეთესო ინტერესებისკენ, რომლებიც მან უნდა წარმოადგინოს. ამ შემთხვევების განხილვისას „აგენტის“ სახელის მატარებელს, როგორც ფიზიკურ (ან იურიდიულ) პირსა და მის საქმიანობას შორის, ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით. ზემოთ მოხმობილ მაგალითებში მათ არავითარი სხვა ინტერესი არ აწევს, გარდა წარმოდგენილის ინტერესისა.

სხვაგვარად არის საქმე მაშინ, როდესაც მოქალაქეს ან მათ გაერთიანებას, ან მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციას „აგენტის“ სტატუსის ქვეშ უწევს საქმიანობა. ფუნქცია, რომელიც „აგენტს“ ენიჭება, კონფლიქტში მოდის, ერთი მხრივ, „მოქალაქის“ ვალდებულებებთან, ხოლო მეორე მხრივ, მის პოლიტიკურ სუბიექტობასთან. 

„მოქალაქეობა“ გულისხმობს პირის მიერ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების ქონას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირის მოქმედება განპირობებულია სწორედ ასეთი ინტერესებით, რაც მოიცავს საერთო პრობლემების მოგვარებაში ჩართულობას, საკუთარი საზოგადოების წინსვლაში მონაწილეობას, საერთო წარმატებისა თუ მარცხის გაზიარებას და სხვა პირობების შესრულებას, რომელიც კონსტიტუციიდან წარმოიშობა.

„აგენტს“ დამოუკიდებელი სუბიექტობა არ გაჩნია, სიცარიელეა, რომლის ფუნქციაც მხოლოდ მარწმუნებლის ნებით შევსებაა. თავისთავად ის არაფერს წარმოადგენს და თუ რამეს, მხოლოდ იმას, ვისი წარმოდგენაც ხელშეკრულებით ევალება. როდესაც სადაზღვევო აგენტი კომპანიის სახელით მოქმედებს, მისი მოქმედების წარმმართველი ძალა კომპანიის ინტერესებია. ამ გარიგების მიხედვით, მას არ აქვს ავტონომიური ნება. ამის საპირისპიროდ, მოქალაქის „სამართლიანი არსებობა“ მის პოლიტიკურ სუბიექტობას გულისხმობს; არსებობას, რომელიც უფლებებს საკუთარი  პოლიტიკური ინტერესების დაცვისკენ მიმართავს. სწორედ ამას მოიცავს ღირსების პრინციპი, რაც ყველა სახელმწიფოს ფუნდამენტია და ჩვენს კონსტიტუციაში აბსოლუტური გარანტიით არის დაცული. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის მოქალაქეობრივ მოტივებს პოლიტიკურ ღირებულებას უკარგავს მოქალაქეს, ღირსებას ყრის მას და დეჰუმანიზაციას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, სწორედ ეს იყო კანონპროექტების ამოცანა: იმ პირების სტიგმატიზება, ღირსების შელახვა და სიტყვის გაუფასურება, რომლებსაც ხელისუფლებისთვის შეიძლებოდა პრობლემა შეექმნა. ის, ვინც „აგენტია“, მოღალატის დამღას ატარებს, ღირსების არმქონეა და მის ნათქვამს ფასი არ აქვს, რადგან პოლიტიკაზე როგორც მოქალაქე კი არ ლაპარაკობს, არამედ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. ამ სტატუსის მატარებელს სერიოზული წინააღმდეგობის ორგანიზება არ შეუძლია. ეს კანონპროექტები არაფერს ემსახურებოდა, გარდა დეჰუმანიზაციისა.

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
ავტორი