პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ გვჭირდება კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა?
მაისი 19, 2023

არჩევანი კონსენსუალურ და მაჟორიტარულ პოლიტიკურ სისტემებს შორის არსებითად განსაზღვრავს დემოკრატიის არქიტექტურას სახელმწიფოში. მაჟორიტარიზმი (უმრავლესობის მმართველობა) ძალაუფლებას ერთი გუნდის, უმრავლესობის ხელში აგროვებს. ხოლო, კონსენსუალური, შეთანხმებაზე დაფუძნებული დემოკრატია მას სხვადასხვა ჯგუფს შორის აზიარებს და თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის. ამ სტატიის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს მათ შორის არსებული სხვაობა და აჩვენოს, რატომ გვჭირდება კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლა. 

რატომ უნდა მაინტერესედეს ეს თემა?

საქართველოში ძალაუფლება ელიტურ ჯგუფებშია კონცენტრირებული. ეს ორ პრობლემას იწვევს: (1) ჩვენი უმრავლესობა ქვეყნის მართვაში არასათანადოდ არის ჩართული და გადაწვეტილების მიღების პროცეზე ხელი არ მიუწვდება; (2) ელიტებს შორის კონფლიქტი სრულად იკავებს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ადგილს არ ტოვებს იმ პრობლემებზე სამსჯელოდ, რომელიც მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გვაწუხებს. 

ჩვენი კომენტარი

ძალაუფლების გაზიარების, საყოველთაო ჩართულობისკენ მიმართული (ინკლუზიური) პოლიტიკის ფორმირებისა და პოლარიზაციის დასაძლევად, საქართველოს მაჟორიტარულიდან, კონსენსუალური დემოკრატიის მოდელზე გადასვლა სჭირდება. 

რა უნდა ვიცოდეთ და სად არის პრობლემა ?

მართვის ამ ორ სისტემას შორის დაპირისპირება საფუძველს დემოკრატიის, როგორც ხალხის მმართველობის კონცეფიციიდან იღებს. ორივე სისტემა განსხვავებულად პასუხობს ამ კონცეფციისთვის ფუნდამენტურ კითხვას: ვინ და ვისი ინტერესის საფუძველზე მართავს? მაჟორიტარიზმის, როგორც ლიბერალური დემოკრატიის ინსტრუმენტისთვის, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - მართავს უმრავლესობა. ამ სისტემისთვის უცხოა განსხვავებულ ძალებს შორის ძალაუფლებაზე თანაბარი წვდომა. ის მართვის სადავეს ერთ ელიტურ გუნდს და მის მოკავშირეებს გადასცემს. კონსენსუალური დემოკრატია კი, სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ფართო, განსხვავებული ჯგუფების მონაწილეობას მოითხოვს. ის ძალაუფლებას სხვადასხვა ჰორიზონტალურად აზიარებს და მართვის პროცესში ფართო ჩართულობით, საყოველთაო მონაწილეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკის ფორმირებას უწყობს ხელს. 

რომელი დემოკრატია უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ?

ერთი ძალის (ან მოკავშირეების) ხელში ძალაუფლების კონცენტრაციით, მაჟორიტარიზმი ამცირებს პოლიტიკურ პროცესებში სხვა ჯგუფების ჩართულობის შანსს. ამ სისტემაში გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, მცირეა განსხვავებული ხედვების, შეუთანხმებლობის გამო პროცესის შეფერხების საფრთხე. ამავდროულად, მაჟორიტარიზმი აძლიერებს პოლარიზაციის, სოციალური დაყოფისა და „ჩვენ მათ წინააღმდეგ“ ნარატივის საფრთხეს. საპირისპიროდ, კონსენსუალური დემოკრატია ყველა თავისი ელემენტით, შედარებით მდგრად სისტემას აყალიბებს, ამცირებს პოლარიზაციისა და დემოკრატიული კრიზისის საშიშროებას. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ის ხელს უწყობს მრავალპარტიულ მმართველობას, არ ხურავს კარს არჩევნებში დამარცხებულთათვის და ქმნის მათი მონაწილეობის მექანიზმებს; იგი საზოგადოების უმცირეს სეგმენტსაც კი აძლევს შანსს, ეფექტიანად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი