პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ ითმენენ უსამართლო პირობებს მშრომელები?
მაისი 30, 2024

საქართველოში მშრომელების ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად და უსამართლო შრომითი პირობების შესაცვლელად უფრო რთულია, ვიდრე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

„კომენტარის“ მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მიხედვით,  რესპონდენტთა მესამედი (28%) სამუშაო ადგილზე დაუცველად გრძნობს თავს, ხოლო თითქმის ნახევარი (48%) ნაწილობრივ გრძნობს თავს დაცულად. მეტიც,  რესპონდენტთა 44% ამბობს, რომ მის ახლანდელ სამსახურში ყოფილა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები, ხოლო ამ ადამიანებიდან 38% საუბრობს, რომ ასეთი დარღვევები შეეხებოდა სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნას. რესპონდენტთა დიდი ნაწილი, სამსახურში არსებულ გამოწვევებს სამუშაოს შეცვლით (21%), სხვა სამუშაოს დამატებით (32%) უმკლავდება ან საერთოდ ვერ უმკლავდება პრობლემებს დამოუკიდებლად (18%).

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა განაპირობებს მშრომელთა გამოწვევებს.

ჩვენი კომენტარი

ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან და სტრუქტურულ უთანასწორობასთან ერთად ქმნის ბარიერებს მშრომელებისთვის ღიად აღუდგნენ უსამართლო შრომით პირობებს.

რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოში სამსახურის გარეშე დარჩენა, თუნდაც მცირე დროით, მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ეს შესაძლოა ბევრი მოქალაქისთვის სრულიად უსახსროდ დარჩენას უდრიდეს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მშრომელებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად,  სამსახურის დაკარგვის მუდმივი შიში სახელდება. საყურადღებოა, რომ ამის ფონზე დარგის ექსპერტები და პროფკავშირების წევრები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მათ პრაქტიკაში მოიმატა შრომითი დავების წარმოების სტატისტიკამ. ხშირად დამსაქმებლები იყენებენ ორგანიზაციულ ცვლილებებს (რეორგანიზაცია), როგორც თანამშრომლების გათავისუფლების საბაბს, არც თუ იშვიათია დისკრიმინაციის შემთხვევებიც.

უფრო დეტალურად,

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო დავები ხშირად მშრომელთა საკეთილდღეოდ სრულდება. თუმცა, როგორც წესი, ასეთი დავები საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცესს უკავშირდება და მშრომელთათვის გარკვეული ბარიერია ბაჟის გადასახადის არსებობაც. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, წაგებული საქმე, შესაძლოა, დამსაქმებლებისათვის არ იყოს შემაფერხებელი, პრევენციული ბერკეტი. მართალია, როგორც წესი, დამსაქმებლებს ეკისრებათ დასაქმებულისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, თუმცა ეს ფინანსური დანაკარგი, შესაძლოა, არ აბრკოლებდეს დამსაქმებელს. მათ, შესაძლოა, წინასწარვე იცოდნენ, რომ დავას წააგებენ, მაგრამ მაინც ათავისუფლებენ დასაქმებულებს.


წინამდებარე სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი