პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ სჭირდება ჭიათურას ჩვენი სოლიდარობა?
ოქტომბერი 12, 2022

ჭიათურა საქართველოს ისტორიული ინდუსტრიული ქალაქია, სადაც მანგანუმი ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მოიპოვება. თუმცა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეს სიმდიდრე ქალაქის და მისი მაცხოვრებლების მდგომარეობაზე არ აისახება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა??

დღეს საქართველო მანგანუმის შენადნობების 5 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას შორისაა, მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტმა კი 2022 წლის იანვარ-მარტში მთლიანი ექსპორტის 18%-ზე მეტი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ჭიათურა და ჭიათურელები გაუსაძლისი სოციალური, ყოფით თუ ეკოლოგიური პრობლემებით იტანჯებიან.

ჩვენი კომენტარი:

ათწლეულებია, ჭიათურაში ხელფასები საცხოვრებლად არასაკმარისია, შრომა არ არის უსაფრთხო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ქალაქი სხვადასხვა სახის ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ჭიათურა და ჭიათურელები საჭიროებენ საზოგადოების შეუქცევად სოლიდარობას.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც დღეს  ჭიათურის მანგანუმსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ფლობს, ოფშორული კომპანიაა.
  • საქართველოში, სადაც შეზღუდულია რეგულაციები და დაბალია გადასახადები, ოფშორული კომპანიები ძირითადად ველური მოპოვებით, კაბალური შრომის პირობებითა და გარემოს მნიშვნელოვანი დეგრადაციით გამოირჩევიან. 

უახლესი ისტორია

2006 წელს, როცა ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანოებისა და კანონმდებლობის უმეტესობა, მათ შორის, შრომის ინსპექცია - გაუქმდა, ხოლო გადასახადები მინიმუმამდე შემცირდა, მოხდა ჭიათურის მაღაროებისა და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნის პრივატიზება.

დაახლოებით 16,000 ჰა ტერიტორია 40 წლიანი ლიცენზიით გადაეცა კომპანია „ჯორჯიან ამერიქან ელოიზს“, რომელიც დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად ითვლება და ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსაც.

რიცხვებში:

  • “ჯორჯიან ამერიქან ელიოზი”  ფლობს ჭიათურისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას, 4 მაღაროს, 9 მიწისქვეშა უბანს და 7 ღია საკარიერო უბანს; 
  • ამ უბნებზე მანგანუმის მოპოვებისთვის 3,000 -ზე მეტი დასაქმებული და 40-მდე ქვეკონტრაქტორი კოოპერატივი ოპერირებს;
  • კომპანია წლიურად 1.3 მლნ ტონა მადანს მოიპოვებს, რაც  წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტია;
  • ყველაზე მომგებიან, 2016 წელს კომპანიის შემოსავალმა 600 მილიონ ლარს გადააჭარბა; 
  • მანგანუმზე დაწესებული გადასახადი და მოსაკრებელი ქვეყანაში ძალიან დაბალია. 1%-იანი შემცველობის 1 ტონა მანგანუმზე მოსაკრებელი 0.18 ლარს შეადგენს, ხოლო რეგულირების საფასური ამავე ოდენობის მანგანუმზე – 0.1 ლარს.

უფრო დეტალურად:

  • შრომის პირობებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკანასკნელ ათწლეულებში მუშათა სიკვდილიანობა და საწარმოო ტრავმები იზრდებოდა; 
  • ხელფასების უმნიშვნელო მატება მხოლოდ დიდი გაფიცვების შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი;
  • ინფლაციისა და ცხოვრების სტანდარტის ზოგადი გაუფასურების ფონზე, გაფიცვებით მოპოვებული ბენეფიტები რეალურ გაუმჯობესებას არ ქმნიდა, რაზეც მოწმობს გაფიცვებისა და პროტესტის სიხშირე; 
  • ხელფასების მატების გარდა, გაფიცვებისას მშრომელები აპროტესტებდნენ სამუშაო პირობების, კვების, სპეცტანსაცმლის, ჯანდაცვის პაკეტების, გამომუშავების წესისა და დღიური სამუშაო ნორმის საკითხებს;
  • უკმაყოფილების ჩახშობისა თუ გაფიცვების პრევენციისათვის კომპანია მუშათა დაშინებისა და ზეწოლის მექანიზმებს იყენებდა.  

გარდა ამისა, ადგილობრივები იტანჯებიან მოპოვების პროცესისა და საწარმოში შექმნილი სიტუაციისაგან გამოწვეული სხვა პრობლემებით:

  • ქალაქში და მიმდებარე სოფლებში ალტერნატიული სამუშაო ადგილების არარსებობით, რაც იწვევს მოსახლეობის, განსაკუთრებით, ქალების, მასობრივ გადინებას ემიგრაციაში;
  • სხვადასხვა მიმართულების ეკოლოგიური კატასტროფით - კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა სახელმწიფომ დაახლოებით 400 მილიონ ლარად შეაფასა; 
  • მოპოვების პროცესის შედეგად ჭიათურის მიმდებარე სოფლებში დაზიანებული საცხოვრებელი სახლებითა და კომპენსაციის პრობლემებით. 

მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს სასამართლომ, გარემოს დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფო მმართველი დანიშნა, თუმცა უკანასკნელ წლებში ჭიათურაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს ვერ აგვარებს ჭიათურისა და ჭიათურელების პრობლემას. 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი საწარმოო შემთხვევა, რომელიც მუშის გარდაცვალებით დასრულდა, ჭიათურის ითხვისის მაღაროში 2022 წლის 17 აპრილს დაფიქსირდა.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი