პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რატომ ვერ იცავს კანონი ქალებს დეკრეტული შვებულების დროს?!

საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებული ქალები შვილის გაჩენისას მინიმალური სახსრებით რჩებიან.  არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ, თვითდასაქმებულ და უმუშევარ ქალებს კი ბევრად რთული პრობლემები ექმნებათ.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • შვილის გაჩენა  თუ გადაწყვიტეთ და კერძო სექტორში მუშაობთ, სახელმწიფო თქვენს დასახმარებლად ფაქტობრივად არაფერს გააკეთებს;
  • დეკრეტული შვებულების სრულად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ მიზერულ, ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებთ;
  • ან სრულიად იქნებით დამოკიდებული დამსაქმებლის კეთილ ნებაზე;
  • სახელმწიფო ვერ ხედავს საკუთარ როლს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ და უმუშევარ ქალებთან დაკავშირებით. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ისინი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩებიან.

ჩვენი კომენტარი: 

შრომის მოუწესრიგებელი კანონმდებლობა  ასუსტებს ქალის როლს საზოგადოებაში და მას ეკონომიკურად სხვაზე დამოკიდებულს ხდის, რადგან საქართველომ: 

  •  ვერ შეძლო დამოუკიდებლობის 30 წლიან პერიოდში ადამიანზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა;  
  • 2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებითაც არ შეასრულა ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წლამდე უნდა შეესრულებინა – შეექმნა სოციალური დაცვის ისეთი სისტემა, რომელიც ქალისა და ბავშვის საჭიროებებს, ქალის დასაქმების სტატუსის მიუხედავად, ადეკვატურად უპასუხებდა.

რა პრობლემაა?

  • დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაუსაბუთებლად განსხვავებული მიდგომები გვხვდება კერძო და საჯარო სექტორში. ამით კი ირღვევა თანასწორობა; 
  • კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს არ აქვთ საკმარისი სოციალური გარანტიები. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ერთჯერადია და შეადგენს მაქსიმუმ 1000 ლარს;
  • მიზერული ერთჯერადი ანაზღაურების გამო, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დასაქმებული იძულებულია, ნაადრევად შეწყვიტოს შვებულება, დატოვოს ბავშვი და დაუბრუნდეს შრომით ურთიერთობებს;
  • შვებულების ნაადრევი შეწყვეტისას უგულებელყოფილია ქალის ფიზიკური და ემოციური მზაობა, დაუბრუნდეს შრომით ურთიერთობებს;
  • არაფორმალური დასაქმების სექტორი დაურეგულირებელია.

როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ხედვა,      როგორ შექმნას დასაქმებულზე მორგებული სოციალური დაცვის სისტემა. ამის შემდეგ კი საჭიროა გამბედაობა და  ამ ხედვის პოლიტიკური გადაწყვეტა.

მაგალითად:

  • დეკრეტული შვებულება სრულად ან მეტწილად  სახელმწიფომ აანაზღაუროს;
  • დადგინდეს სახელმწიფოს მხრიდან გადასახადის მინიმალური საბაზისო თანხა, ხელფასთან დარჩენილი სხვაობის გადახდა კი დამსაქმებელს დაეკისროს

ან

  • დეკრეტული შვებულება სრულად  აანაზღაუროს დამსაქმებელმა.

რა არის საყურადღებო?

2020 წელს შრომის კოდექსის რეფორმის  საჯარო განხილვის დროს წარმოდგენილი ვერსიის მიხედვით,  დეკრეტული შვებულებისას დასაქმებულს შრომის თვიური ანაზღაურების 80% უნდა მიეღო. პარლამენტმა მთავრობის უარყოფითი პოზიციის გამო უარი თქვა ამ ნაწილზე. 

მთავრობის განცხადებით: 

  • „ბიუჯეტს არ გააჩნია ამისთვის სახსრები და ვერ უზრუნველყოფს უახლოეს მომავალში ამ თანხების მობილიზებას“. 

ამ ოფიციალური მიზეზის გათვალისწინებით,  შეგვიძლია ვივარაუდოთ: 

    • დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად დამსაქმებლის პასუხისმგებლობის დადგენა, შესაძლოა, სახელმწიფოსთვის სოციალური დაცვის სისტემის ყველაზე უფრო მეტად მისაღები მოდელი იყოს;
  • ამ შემთხვევაში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მხოლოდ ბიუჯეტს არ მოუწევს. 

სახელმწიფომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვროს დამსაქმებელთა ჩართულობის ფორმები და წილი.

მაგალითად:

  • დამსაქმებლი  პირდაპირ იყოს  ვალდებული, ნაწილობრივ აანაზღაუროს დეკრეტული შვებულება 

ან 

  • სახელმწიფომ დაადგინოს დამსაქმებლის სავალდებულო მინიმალური შენატანი სახელმწიფო ფონდში, რომელიც დააფინანსებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას.  

შედეგად: 

  • ქალები ყოველთვიურად მიიღებენ ხელფასის ტოლ ან მიახლოებულ ანაზღაურებას; 
  • დეკრეტული შვებულების ანაზღაურება დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს;
  • დამსაქმებლები კი კანონის პირდაპირ მოთხოვნას გვერდს ვეღარ აუვლიან;

ზოგჯერ დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასს სრულად უნარჩუნებს, თუმცა  სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ერთჯერადი დახმარების მისთვის გადაცემას ავალდებულებს, რაც კანონდარღვევაა, 

მაგრამ

  • ასეთ შემთხვევებში, რადგან ხელფასი სახელმწიფო დახმარებაზე მეტია, ქალები იძულებით თანხმდებიან წამოყენებულ პირობებს და არ მიმართავენ შრომის ინსპექციას;
  • დამსაქმებლები კი სხვა თანამშრომელს ავალებენ დეკრეტში მყოფი ქალის მოვალეობის შესრულებას და ამაში დამატებით ანაზღაურებას არ უხდიან. 

შედეგად დამსაქმებელი იღებს 1000 ლარიან შემოსავალს, სამუშაო ძალის სტაბილურობას და  მზრუნველი დამსაქმებლის იმიჯს. ეს ყველაფერი კი დასაქმებულების ინტერესების შელახვის ხარჯზე ხდება.

არსებული რეგულაციით კერძო სექტორში დასაქმებული ქალის დეკრეტული შვებულების მაქსიმალური ანაზღაურება ყოველთვიურად ციფრებში ასე გამოისახება:

    • თუ ქალი   სრულად გამოიყენებს დეკრეტული შვებულების 183 დღეს, სახელმწიფო მას  მაქსიმუმ 1000 ლარს გადაუხდის, რაც თვეში 167 ლარია.
    • დასაქმებული ქალის შრომითი ანაზღაურება თუ თვეში 167 ლარზე ნაკლებია, მაშინ ის ამ 1000 ლარზე ნაკლებს მიიღებს.
  • მიზერული ანაზღაურების გამო ქალები იძულებულნი არიან, ვადაზე ადრე დაუბრუნდნენ სამუშაოს. 

კიდევ რას მოგვცემს დეკრეტული შვებულების სათანადო ანაზღაურება?

  • ქალი დეკრეტულ შვებულებას იძულებით, ფინანსური პრობლემების გამო, ნაადრევად აღარ დაასრულებს; 
  • ქალი მაშინ დაუბრუნდება სამუშაოს, როცა მზად იქნება ამისათვის როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. შესაბამისად, იგი დაკისრებულ მოვალეობებსაც უკეთ გაართმევს თავს;
  • ნაყოფიერი შრომით სარგებელს თავად დამსაქმებელიც მიიღებს.

როგორია საჯარო მოხელის დეკრეტული შვებულება:

  • საჯარო სექტორში ქალებს დეკრეტული შვებულების 183 დღე სრულად უნაზღაურდებათ;
  • ყოველთვიურ ხელფასს შეიძლება დაემატოს წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.

შედეგად, დეკრეტული შვებულებით სრულად სარგებლობისას, ქალი საჯარო მოხელის ფინანსური მდგომარეობა,  სხვებთან შედარებით, მკვეთრად უმჯობესია.

საქართველოს სახალხო დამცველმა კერძო და საჯარო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების განსხვავებულ მიდგომაში თანასწორობის უფლების დარღვევა დაინახა და საკონსტიტუციო სასამართლოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა. სარჩელში ასევე დასაბუთებულია კერძო სექტორში არსებული რეგულაციის არაკონსტიტუციურობა შრომის თავისუფლებისა და დედათა და ბავშვთა უფლების მიმართ. 

რას ამბობს კანონი არაფორმალურად დასაქმებულ და უმუშევარ ქალებზე?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „დედობის დაცვის“ №183 კონვენცია  და ევროკავშირის საბჭოს 92/85/EEC დირექტივა ყველა ქალს არსებითად თანასწორად განიხილავს და ადგენს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, მათი დასაქმების სტატუსის, სექტორის თუ ფორმის მიუხედავად.   

საქართველოში კი არაფორმალურად დასაქმებული, თვითდასაქმებული ან არასტანდარტულ შრომით ურთიერთობაში მყოფი ქალების შესახებ კანონმდებლობა არაფერს ამბობს. ეს ნიშნავს, რომ თუკი ძიძა, კერძო მასწავლებელი, გარემოვაჭრე, დამლაგებელი, კურიერი  და სხვ. ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, სახელმწიფო მათ არ დაეხმარება. არადა, ამგვარ შრომით ურთიერთობებში ქალების დიდი ნაწილია ჩართული. 

1000 ლარიანი ერთჯერადი დახმარება არ ვრცელდება  უმუშევარ ქალებზე, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სახელმწიფო ვალდებულია, არაფორმალურად, არასტანდარტულად დასაქმებული, თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალების ხელშეწყობისათვის შეიმუშაოს სოციალური დაცვის მოდელი. საამისოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ:

  • სრულყოფილად აღრიცხოს ქალთა დასაქმების სტატუსის შესახებ ინფორმაცია;  
  • ხელი შეუწყოს არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას;
  • უზრუნველყოს შესაბამისი და ადეკვატური დახმარების გაწევა.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი