პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ იცავს უმუშევრობის დაზღვევა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში?
ივლისი 8, 2022

ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრად დარჩენილი ადამიანის დასახმარებლად, ძირითადად, ორი საშუალება გამოიყენება: უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა. მათ შორის უფრო გავრცელებულია უმუშევრობის დაზღვევა. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს თემა?

საქართველოში უმუშევართა უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის შიდა სტანდარტებს. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე კი ვნახავთ, როგორ იცავს დაზღვევა სამსახურის დაკარგვის შემდეგ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს გაღარიბებისაგან. 

ჩვენი კომენტარი:

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს უმუშევართა დაცვის სქემა, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და გაითვალისწინებს ქართულ კონტექსტს.

რა უნდა ვიცოდეთ? 

ევროკავშირში 2017 წელს მიღებული „სოციალური უფლებების ევროპული სვეტი აყალიბებს პრინციპებს, რომლებიც აწესრიგებს უმუშევრობის დაზღვევას. უმუშევრობის დაზღვევის მახასიათებლები ეროვნული კანონმდებლობების დონეზე წყდება.

უმუშევრობის დაზღვევის მიზანია:

  • უზრუნველყოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანი სტაბილური შემოსავლით სამსახურის დაკარგვის შემდეგ;
  • მისცეს მას ახალი სამსახურის პოვნის მოტივაცია. 

უმუშევრობის დაზღვევა დაფუძნებულია კონტრიბუციის პრინციპზე.

რას ნიშნავს ეს?

  • დასაქმებულს, დამსაქმებელთან ერთად, საკუთარი ხელფასიდან ყოველთვიურად შეაქვს თანხა სადაზღვევო ფონდში. დაზღვევის სქემაში შესაძლოა მონაწილეობდეს სახელმწიფოც; 
  • უმუშევრობის დაზღვევის სარგებელი განისაზღვრება დასაქმებულის სამუშაო სტაჟის, ხელფასის, სადაზღვევო შენატანების ხანგრძლივობისა და რაოდენობების მიხედვით. 

უფრო დეტალურად:

უმუშევრობის დაზღვევა შეიძლება იყოს სავალდებულო და ნებაყოფლობითი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში ის სავალდებულოა. 

დაზღვევის სარგებლის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა დასაქმებულის მიერ ფონდში გაკეთებული საშუალოდ ერთწლიანი შენატანი.

მიღებული ფინანსური სარგებლის ოდენობა განსხვავებულია. 

განსხვავებულია სარგებლის მიღების ხანგრძლივობაც. მინიმალურია უნგრეთში (90 დღე), ბელგიაში კი უვადოა. 

კიდევ რა უნდა გააკეთო უმუშევრობის დაზღვევის მისაღებად? 

  • უნდა ეძებდე ახალ სამსახურს;
  • სამსახურიდან იძულებით უნდა იყო გათავისუფლებული.

სამსახურის ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში, უმუშევრის დახმარება გამონაკლისის სახით გვხვდება, მაგალითად, დანიაში.

შეჯამება

უმუშევრობის დაზღვევის მიხედვით, ევროკავშირში გამოიყოფა ქვეყნების რამდენიმე ჯგუფი: 

    • ნორდიკულ ქვეყნებში სარგებლის ხანგრძლივობა და რაოდენობა ყველაზე მაღალია და თითქმის სრულად ფარავს ქვეყნის სამუშაო ძალას; 
    • კონტინენტური ევროპის ქვეყნებში სარგებლის ოდენობა და ხანგრძლივობა ნორდიკულზე ნაკლებია, თუმცა იცავს სამუშაო ძალის უდიდეს ნაწილს უმუშევრობის თანმდევი რისკებისგან
  • სამხრეთ ევროპის ქვეყნებში დაზღვევის სარგებელი განსხვავდება ასაკისა და სტაჟის მიხედვით, ხოლო მიღების წინაპირობები მკაცრი და შეზღუდულია;
  • ანგლო-საქსონურ ქვეყნებში სარგებელი შედარებით მცირეა და გამოიყენება უმუშევრობის შემწეობასთან ერთად;
  • ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაზღვევის სარგებელი მცირეა და მისით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს, ისიც, განსაკუთრებით ხანგრძლივი უმუშევრობის დროს. ამ ქვეყნებში უმუშევართა დახმარების ძირითადი საშუალება სოციალური შემწეობაა.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი