საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. ამის მიუხედავად, მოქალაქეები სახელმწიფოსგან არ იღებენ უმუშევრობის შემწეობას, რომელიც მათ მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
მერყევი ეკონომიკის პირობებში, როდესაც დასაქმებულთა ინტერესები ხშირად უგულებელყოფილია, თითოეული ჩვენთაგანი მუდამ დგას სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე.
ჩვენი კომენტარი:
- კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა და შეერთებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს;
შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული ადამიანი სოციალური რისკებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უმუშევარი რჩება.
რა არის პრობლემა?
სახელმწიფო სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენამდე არ უზრუნველყოფს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ელემენტარული საარსებო წყაროებით, რაც ხშირად უკიდურეს სიღარიბეს იწვევს.
რიცხვებში:
- საზოგადოების 88%-ს არ აქვს დანაზოგი და სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში სრულიად უსახსროდ დარჩენა ემუქრება.
- 316 200 ადამიანი უმუშევარია, ეს სამუშაო ძალის ერთი მეხუთედია;
- მოსახლეობის 18%, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
- 175 000-მდე ოჯახი, უმუშევრობისა და უკიდურესი სიღარიბის გამო, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
უმუშევრობის შემწეობა სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილი ადამიანისთვის გაწეული ერთჯერადი ან პერიოდული ფულადი დახმარებაა.
- უმუშევრობის შემწეობა, ჩვეულებრივ, მეტია მინიმალურ საარსებო შემწეობაზე, თუმცა ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც დასაქმებული შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებდა;
- როგორც წესი, ასეთი შემწეობა გაიცემა დროებით, ახალი სამსახურის პოვნამდე საჭირო გონივრული ვადის განმავლობაში და მისი მიზანია, შეუმსუბუქოს მოქალაქეს სამსახურის დაკარგვისაგან გამოწვეული ფინანსური სირთულეები და ხელი შეუწყოს სამუშაოს მოძებნაში.
მაგალითად:
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სრულწლოვანი შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში გარკვეული ტიპის გადასახადებს იხდიდა, სამსახურის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს.
- 25 წელს გადაცილებული უმუშევრის შემთხვევაში შემწეობის ოდენობა კვირაში 77 ფუნტია;
- ამ პერიოდში ის აქტიურად უნდა ეძებდეს ახალ სამსახურს.
უფრო დეტალურად
უმუშევრობის შემწეობა განსხვავდება უმუშევრობის დაზღვევისაგან.
- უმუშევრობის შემწეობის მისაღებად საჭირო პირობები ძირითადად ერთნაირია და დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია.
- დაზღვევის შემთხვევაში დაფინანსებაში ჩართულია დასაქმებული და დამსაქმებელიც, ხოლო პირობები შეთანხმების საგანია.
ავტორიტეტული კვლევები ადასტურებს, რომ
- უმუშევრობის შემწეობა/დაზღვევა ამცირებს სიღარიბის დონეს;
- დადებითად მოქმედებს უმუშევრად დარჩენილის მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რას ველოდებით?
- 2021 წელს საქართველოს მთავრობამ დააანონსა 2023 წლისთვის სოციალური კოდექსის მიღება;
- პროექტი, სხვა სოციალურ საკითხებთან ერთად, პროექტი უმუშევრობის დაზღვევის შემოღებასაც ითვალისწინებს.