პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ ხედავს კრიტიკული თეორია სოციალური წესრიგის ლიბერალურ იდეას და პოლიციის როლს მასში?
ივლისი 3, 2024

რა უნდა ვიცოდეთ?

საკუთრება და კაპიტალი, ინდივიდის თავისუფლებასთან ერთად, ლიბეარლური სისტემის მთავარი ელემენტია. მისი მოპოვება და შენარჩუნება ადამიანთა შრომის გარეშე შეუძლებელია. ლიბეარალური სისტემების განვითარებაზე დაკვირვებამ დაგვანახა, რომ უმცირესობის კიდევ უფრო გასამდიდრებლად გაიზარდა უმრავლესობის  ექსპლუატაცია. ამან დაპირისპირებულ მხარეებად დაყო საზოგადოება და გაამძაფრა პროტესტი. შედეგად ლიბერალურ სისტემას დისციპლინის ზომების გაძლიერება დასჭირდა. ამდენად, წესრიგს ახალი მნიშვნელობა და ფუნქცია გაუჩნდა – მას უნდა დაეცვა კაპიტალი მშრომელების ამბოხისა და პროტესტისგან.

როგორ დაამყარა ლიბერალიზმმა „წესრიგი“?

წესრიგის ამგვარმა გაგებამ მოითხოვა სახელმწიფო რესურსების მობილიზება სიმდიდრის სამსახურში და რეპრესიული აპარატის ამუშავება „ მშრომელთა უწესრიგობის“  წინააღმდეგ. პოლიცია ამ მექანიზმის ერთ-ერთ მთავარ შტოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც სახელმწიფომ ძალის გამოყენების მონოპოლია მიანიჭა. ამან მართალია ხელი შეუწყო „წესრიგის“ დამყარებას, მაგრამ ის დაუპირისპირდა ლიბერალიზმის მთავარ - ინდივიდის თავისუფლების იდეას. ამ სირთულისგან თავის დასაღწევად ლიბერალიზმს დასჭირდა წესრიგის ცნებაში კანონიერების ელემენტი შემოეტანა. ამას უნდა დაეცვა ბალანსი და დაეზღვია ინდივიდი პოლიციის გადამეტებული ძალისგან.

კანონიერების ელემენტის შემოღებით, შეიქმნა პროცედურული სამართლიანობის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც პოლიციას ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება მიეცა. ამ დაშვებამ სახელმწიფოს  რეპრესია საზოგადოების მიმართ „გარკვეული წესით და ფარგლებით“ გამართლებულად ჩაითვალა. ამან ბიძგი მისცა საპოლიციო რეფორმის ტალღებს. რეფორმებმა პოლიციის საქმიანობის „პროფესიონალიზება“ (დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოყალიბება) და ძალის გამოყენების სტანდარტების დახვეწა დაისახა მიზნად. ამგვარად, ლიბერალური წესრიგი და მის მიღწევა/შენარჩუნებაში პოლიციის როლი, სახელმწიფოს მართვის განუყოფელი ნაწილი გახდა.

რას ამბობს კრიტიკული თეორია?

კრიტკული თეორიას არ სჯერა, რომ ლიბერალური წესრიგი უნივერსალურია და ის თანაბრად ყველა ჯგუფის ინტერესს იცავს. მას სწამს, რომ სახელმწიფო წესრიგის სახელით ხალხს იქვემდებარებს, რათა საზოგადოების ეკონომიკურად ძლიერი ფენის ინტერესი დაიცვას. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თვითონვე უწყობს ხელს უწერსიგობას ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილებით და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების მუდმივი ჩაგვრით. ავტორთა ნაწილი თვლის, რომ წესრიგის მიღწევა არა სახელმწიფოს იძულებითი მექანიზმებით, არამედ სოციალური კეთილდღეობითა და სამართლიანობით არის შესაძლებელი. თანამედროვე ლიტერატურა ამ იდეაზე დაყრდნობით, პოლიციის კლასიკური როლის გაუქმებას და წესრიგის ლიბერალური კონცეფციის გადახედვას უჭერს მხარს.

 მიმოხილვის ავტორი:

თამარ გვასალია


დოკუმენტი მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „ტრანსფორმაციული აკადემია: კრიტიკული სამართლებრივი თეორიის მეინსტრიმინგი საზოგადოებრივი სამართლიანობისთვის“. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი