საუკუნეების განმავლობაში გლობალური ძალაუფლება ნავთობზე იყო დამოკიდებული. დღეს კი მას კრიტიკული მინერალები განსაზღვრავს. XXI საუკუნის გეოპოლიტიკურ არენას, უკვე, არა სატანკერო მარშრუტები, არამედ იმ მინერალების მიწოდების ჯაჭვები აყალიბებს, რომელთა შესახებაც ბევრს არაფერი სმენია.
სანამ დასავლეთს ეკონომიკური და ეკოლოგიური მიზეზებით მძიმე მრეწველობა საკუთარი საზღვრების მიღმა გაჰქონდა, ჩინეთმა გრძელვადიანი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ბრწყინვალე მანევრი განახორციელა: მან არა მხოლოდ მოპოვებაზე მოიპოვა წვდომა, არამედ, მონოპოლია დაამყარა მათი გადამუშავების რთულ პროცესებზე, რაც სტრატეგიულად ბევრად მნიშვნელოვანია.
ამან გამოიწვია ე.წ. გლობალური გამოფხიზლება და დასავლეთი სრულიად ახალი რეალობის წინაშე დააყენა: მომავლისთვის ბრძოლა მიწოდების ჯაჭვების კონტროლზე გადის.
ჩვენი ცივილიზაციის უხილავი საფუძველი: რატომ არის ეს თემა მნიშნველოვანი?
„კრიტიკული მინერალები“, მარტივად რომ ვთქვათ, ის ნივთიერებებია, რომელთა გარეშეც ჩვენი ცივილიზაცია ვეღარ იარსებებს — ნედლეული, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, და რომლის მარაგიც სახიფათოდ კონცენტრირებულია კონკრეტულ რეგიონებში. ისინი ჩვენი აწმყოს და მომავლის გასაღებია, რომელთა მნიშვნელობაც, განსაკუთრებით, თანამედროვე ცხოვრების სამ ფუნდამენტურ მიმართულებაში ვლინდება:
- მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია კრიტიკულ მინერალებზე. ელექტრო ავტომობილების ბატარეა ლითიუმს, კობალტსა და გრაფიტს საჭიროებს, ხოლო ქარის ელექტროსადგურებსა და ელექტროძრავებში იშვიათი ნივთიერებებისგან (REE) დამზადებული მაგნიტები გამოიყენება. ეს რესურსები მწვანე მომავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია და მათი სტაბილური მომარაგების გარეშე, მდგრადი განვითარების მიზნები განუხორციელებელია.
- ციფრული და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის ფუნქციონირება ასევე ამ მინერალებს ეფუძნება. გალიუმი და გერმანიუმი ნახევარგამტარებში გამოიყენება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 5G ტექნოლოგიებისთვის, მონაცემთა ცენტრებისთვის და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებიდან დაწყებული, სმარტფონისა და ლეპტოპის უმცირესი დეტალებით დამთავრებული, თითოეული მათგანის ფუნქციონირება სხვადასხვა იშვიათ ნივთიერებას (REE) უკავშირდება. ერთი სიტყვით, ეს მინერალები ჩვენი უხილავი ეკონომიკის მატერიალური საფუძველია.
- თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება: კრიტიკულ მინერალებზე კონტროლი, ფაქტობრივად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კონტროლს უდრის, რადგან მათ გარეშე თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შექმნა და გამოყენება შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია მსუბუქი ტიტანის შენადნობები გამანადგურებლების კორპუსებში და იშვიათი ნივთიერებები (REE), რომლებიც აუცილებელია მაღალი სიზუსტის რაკეტების, F-35-ის ტიპის თვითმფრინავების დახვეწილი სონარული თუ სარადარო სისტემების დასამზადებლად.
სწორედ აქ, თავდაცვისა და მაღალი ტექნოლოგიების კვეთაზე, ვლინდება ამ საკითხის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. თუმცა, ის არა ნედლეულის უბრალო მოპოვებაში, არამედ მის გადამუშავებაშია. ეს არის რთული ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ჩვეულებრივ ქანებს აქცევს სამხედრო დანიშნულების მასალებად, რომლებზეც მსოფლიოა დამოკიდებული. შესაბამისად, ვინც ამ მიწოდების ჯაჭვის მთავარ რგოლს აკონტროლებს, უზარმაზარ გეოპოლიტიკურ უპირატესობას ფლობს.
ჩვენი კომენტარი:
მინერალებზე გეოპოლიტიკური კონკურენცია ემყარება ძლიერი სახელმწიფოების სურვილს, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების ბუნებრივი სიმდიდრე საკუთარი სტრატეგიული უპირატესობისთვის გამოიყენონ. ამ პროცესში ყველაზე მეტად ზარალდებიან ადგილობრივები, რომლებიც ხშირად ვერ იღებენ საკუთარი რესურსებისგან არსებით სარგებელს.
სტრატეგიული მეტოქეობის ანატომია:
- დრაკონის გრძელვადიანი სტრატეგია: ჩინეთის უპირატესობა
ათწლეულების განმავლობაში, დასავლური სამყარო სამთო-მოპოვებით მრეწველობასა და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებას არაპრესტიჟულ და დაბალმომგებიან სექტორად აღიქვამდა. ამის საპირისპიროდ, ჩინეთმა ამ ერთი შეხედვით უპერსპექტივო ინდუსტრიაში გრძელვადიანი გეოპოლიტიკური პოტენციალი დაინახა. იმ ფონზე, როდესაც დასავლური კაპიტალი ამ სფეროს მასობრივად ტოვებდა, პეკინმა შეავსო შექმნილი ინდუსტრიული ვაკუუმი და სამომავლო ტექნოლოგიური უპირატესობისთვის მყარი საფუძველი შექმნა.
მისი ორეტაპიანი გეგმა წარმატებით განხორციელდა. პირველ ეტაპზე, “ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფარგლებში, ჩინეთმა ოსტატურად ჩაიგდო ხელში საკვანძო რესურსები, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული კობალტიდან დაწყებული, სამხრეთ ამერიკის ლითიუმით დამთავრებული. მეორე და სტრატეგიულად გადამწყვეტი ნაბიჯი იყო უზარმაზარი კაპიტალის მიმართვა გადამუშავების ე.წ. „შუალედურ“ ეტაპზე, სწორედ იმ სფეროში, რომელზეც დასავლეთმა თავის დროზე თქვა უარი.
საკუთარი მრეწველობის სუბსიდირებით, ჩინეთმა გლობალური უპირატესობა მოიპოვა ნედლეულის გარდაქმნის პროცესებზე. დღეს, ჩინეთი ამუშავებს მსოფლიო ლითიუმის და კოლბატის 60%-ზე მეტს და იშვიათი ნივთიერებების 90%-ზე მეტს, და ამით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს საკუთარ ინდუსტრიულ ძალაზე დამოკიდებულს ხდის.
- გლობალური გამოფხიზლება: როდესაც უსაფრთხოება მოგებაზე მნიშვნელოვანია
ჩინეთის მიერ მოპოვებულმა სტრატეგიულმა გლობალურმა უპირატესობამ, დასავლეთში ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური გადააზრება გამოიწვია. ამ გამოფხიზლების პირველი ფორმალური ნიშნები ტრამპის ადმინისტრაციამდე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც ჩინეთის მიერ იაპონიისთვის იშვიათი მიწის ნივთიერებების (REE) მიწოდების შეზღუდვის საპასუხოდ, ობამას ადმინისტრაციამ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DoE) პირველი „კრიტიკული მასალების სტრატეგია“ გამოაქვეყნა. მოგვიანებით, ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელმა ბრძანებამ (13806) ეს მიდგომა გააგრძელა და გააფართოვა, როდესაც აქცენტი უშუალოდ ინდუსტრიულ უსაფრთხოებაზე გადაიტანა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას უფრო მტკიცე საფუძველი ჩაუყარა.
გეოპოლიტიკური მეტოქეობა დღეს კიდევ უფრო გამწვავდა. მას შემდეგ რაც აშშ-მ ჩინეთისთვის მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვა დაიწყო, პეკინმა საპასუხო ბერკეტები აამოქმედა. 2023 წელს, ჩინეთის მიერ გალიუმსა და გერმანიუმზე დაწესებულმა საექსპორტო შეზღუდვებმა ნათლად აჩვენა, რომ მინერალების გადამუშავება ისეთივე მძლავრი ეკონომიკური ბერკეტია, როგორიც მაღალი ტექნოლოგიები.
ამ ყოველივემ ეკონომიკური აზროვნების ფუნდამენტური ცვლილება გამოიწვია. თუ ადრე ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი ძალა მოგების მაქსიმიზაცია იყო, ახლა მთავარ პრიორიტეტად მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და სტაბილურობა იქცა. სწორედ ამიტომ, დღეს იბადება ერთგვარი ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების აქტიურ სუბსიდირებას და სტრატეგიული რესურსების მოპოვება-გადამუშავების მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ორგანიზებას.
- ალიანსების ფორმირება: კოლექტიური კონტრსტრატეგია
ამ პროცესის ცენტრშია „მინერალების უსაფრთხოების პარტნიორობა“ (MSP). ეს არის აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი „მყიდველთა კლუბი“, რომელიც აერთიანებს ავსტრალიას, კანადას, ევროკავშირს, იაპონიას, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეას. მისი მიზანია აშშ-სთვის სანდო ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების დაფინანსება და დაჩქარება, ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. მას არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური განზომილება; ეს არის სტრატეგიული პოზიციონირება გლობალური ძალაუფლებისთვის თამაშში.
MSP-ს თან ახლავს ორმხრივი შეთანხმებები. აშშ-იაპონიის შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის შესახებ და ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები მიზნად ისახავს სტანდარტების ჰარმონიზაციასა და მიწოდების ჯაჭვების ინტეგრაციას. ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას მოკავშირე ქვეყნებს შორის.
ამჟამად, ამ პროცესში უკრაინაც ჩაერთო. 2025 წელს, აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ლითიუმის, ტიტანისა და იშვიათი ნივთიერებების (REE) ლითონების მარაგების განვითარებისა და დასავლეთის ბაზრებზე მათი ექსპორტის შესახებ. ეს ნაბიჯი იმდენადვე ემსახურება რესურსებით უზრუნველყოფას, რამდენადაც უკრაინის უფრო ღრმად ინტეგრირებას დასავლეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ორბიტაზე.
დასკვნა: დაპირისპირება რომელიც XXI საუკუნეს განსაზღვრავს
მსოფლიო ლიბერალური გლობალიზაციის ეპოქიდან ინტენსიური მეტოქეობის ხანაში გადადის, სადაც თანამედროვე ცხოვრების ფუნდამენტური რესურსებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. უსაფრთხო და მდგრადი მიწოდების ჯაჭვების შექმნა უკვე არა მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, არამედ ე.წ. „ახალი დიდი თამაშია“. საბოლოოდ, სწორედ ეს ბრძოლა განსაზღვრავს XXI საუკუნის ტექნოლოგიურ უპირატესობას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს.

