პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორია მართლმსაჯულების ბუნება ჰიბრიდულ პოლიტიკურ რეჟიმებში?
აპრილი 10, 2023

სასამართლოს ბუნებაზე მსჯელობისას საჭიროა გავლენის საკითხების ანალიზი. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეზე გავლენას განსხვავებული ფაქტორები შეიძლება ახდენდეს, მაგალითად, შინაგანი რწმენა, სამართლის ნორმების ინტერპრეტაცია, პოლიტიკური, სოციალური, ბიზნეს და სხვა ინტერესები, კულტურული თუ საზოგადოებრივი წნეხი და ა.შ. გავლენების მართვაში ამოიცნობა მართლმსაჯულების განხორციელების ლოგიკა. ამ სტატიის მიზანია, გამოკვეთოს, რა თავისებურებებით ხასიათდება მართლმსაჯულება ჰიბრიდული, გარდამავალი დემოკრატიული მმართველობის პირობებში.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სასამართლო სისტემა ძირეული გამოწვევების წინაშეა და მუდმივი განხილვის საგანია. მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა დღესაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ე.წ. 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. თუმცა ძირეული ცვლილება შეუძლებელია სასამართლოს ბუნების გამოკვლევის და სწორი სახელდების გარეშე. 

ჩვენი კომენტარი

ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმები თავისსავე მსგავს მართლმსაჯულებებს ქმნიან, რომლებშიც სასამართლოს დამოუკიდებლობა კორპორატიული ავტონომიის და იერარქიული მართვის სახეს იღებს. ამგვარ სისტემაში მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა შეზღუდულია მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკურ ელიტას შორის არსებული ურთიერთობის ბუნების მიხედვით. ასეთი სისტემა რთულად ამოსაცნობია, რადგან მას შეიძლება ახასიათებდეს დემოკრატიული ფასადი, მოსამართლის ავტონომიაში ჩარევა კი სპეციფიკურ ინტერესებს უკავშირდებოდეს. 

მართლმსაჯულების მოდელების ზოგადი მიმოხილვა

მართლმსაჯულების რეჟიმებად კლაფისიცირების ყველაზე ზოგადი და გავრცელებული გზაა მათი ორ კატეგორიად დაყოფა: პირველი ცნობილია ძალაუფლების გამიჯვნის, მეორე - აღმასრულების დომინირების მოდელად. ამ დაყოფის მიზანია, გამოკვეთოს ურთიერთმიმართება სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის. აღნიშნულ მიდგომას ორი პრობლემა აქვს: 

  • ის სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ადგილობრივ პოლიტიკურ და სოციალურ თავისებურებებს;
  • მართლმსაჯულების ბუნებას კი ვიწროდ, ხელისუფლების შტოებსშორისი მიმართების კონტექსტში ხედავს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი თავისთავად უმნიშვნელო სულაც არ არის, არსებობს უფრო მრავალწახნაგოვანი მიდგომების დამკვიდრების მცდლობები.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მიდგომით მართლმსაჯულების ბუნება უნდა განისაზღვროს მისი გარე და შიდა ავტონომიის გამოკვლევით:

  • გარე ავტონომია შეიძლება განიმარტოს, როგორც ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ვიწრო გაგებით. ის ყალიბდება, ერთი მხრივ, მოსამართლეთა დანიშვნის (ex ante), მეორე მხრივ, მათ მიერ უშუალოდ სამოსამართლო საქმიანობის განხროციელების პროცეში (ex post);
  • შიდა ავტონომია ინდივიდუალურ მოსამართლეებზე აკეთებს აქცენტს. მისი მიზანია, ამოიცნოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, პოლიტიკური და ინსტიტუციური გავლენების მიღმა, არსებული ინტერესები. ასეთი ინტერესები შეიძლება მომდინარეობდეს კერძო პირებისაგან, სასამართლოს შიგნით არსებული ელიტისაგან, ძლიერი სოციალური აქტორებისაგან და ა.შ. 

ამ გაგებით განარჩევენ ოთხ ზოგად მოდელს, რომლებშიც მოსამართლეთა ინსტიტუციური და ინდივიდუალური ავტონომია განსხვავებული გავლენების ქვეშაა მოქცეული, ესენია: ლიბერალური, ფარული, მიკერძოებული და ხელისუფლებას დაქვემდებარებული მოდელები.

ფარული მართლმსაჯულება, არადემოკრატიულ რეჟიმებში, მოსამართლეზე ეკონომიკური ელიტის ან ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების გავლენებს აღწერს. 

ხელისუფლებას დაქვემდებარებული მოდელი მართლმსაჯულების ტოტალურ პოლიტიკურ კონტროლს მიემართება. 

მიკერძოებული მართლმსაჯულების მოდელი ეყრდნობა ფუნდამენტურ დაშვებას, რომ ჰიბრიდულ რეჟიმებში სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე ავტონომია შეზღუდული დამოუკიდებლობის ბუნებას ავლენს

ამით ის განსხვავდება ლიბერალური მოდელისგან, რომელიც მოიაზრება, როგორც იდეალური შემთხვევა მოსამართლეზე ნებისმიერი ფორმის გავლენის დასაზღვევად.

როგორია ჰიბრიდული მართლმსაჯულება?

მართლმსაჯულების ბუნების განსაზღვრა განსაკუთრებით რთულია ჰიბრიდულ, ე.წ., სუსტად ინსტიტუციონალიზებულ დემოკრატიებში. როგორც ვთქვით, ასეთი პოლიტიკური რეჟიმები თავის მსგავს მართლმსაჯულებებს ქმნიან. 

წინა თავში ნახსენები ტერმინი „მიკერძოებული მართლმსაჯულება“ არ გულისხმობს, რომ მოსამართლის ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო ან არაკანონიერია. მას ახასიათებს სპეციფიკური პოლიტიკური და ინსტიტუციური გამოცდილება, რომელიც მოსამართლეთა გადაწყვეტილებებსა და მიდგომებზე სპეციფიკურ გავლენას ახდენს. ამ გაგებით, თითოეული ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში, მართლმსაჯულებაც თავისებურ, ჰიბრიდულ ბუნებას იძენს.

რა მახასიათებლები აქვს ასეთ მართლმსაჯულებას?

  1. სასამართლო სისტემა შესაძლოა ინარჩუნებდეს დემოკრატიულ ფასადს და სარგებლობდეს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით. ეს ფუნდამენტურად განასხვავებს მას ავტორიტარული რეჟიმების მართლმსაჯულებისგან, რომელშიც სასამართლო ძლიერ აქტორად ვერ ყალიბდება და პოლიტიკური გავლენების მუდმივ ტყვეობაშია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ელემენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ჰიბრიდულ პოლიტიკურ რეჟიმებში, რომლებსაც ან დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება აქვთ, ან მისკენ სწრაფვა გაცხადებული პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია;
  2. ჰიბრიდულ რეჟიმებში დიდ როლს თამაშობს სასამართლოს ex ante ავტონომია, ანუ როგორ ინიშნებიან მოსამართლეები. როგორც წესი, სასამართლო ხელისუფლების შტოზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერების გზა მოსამართლეთა კორპუსის ერთპარტიული დაკომპლექტებაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს მაღალი ინსტანციის სასამართლოებს და სისტემის მართვის რგოლს. ჰიბრიდულ რეჟიმებში მოსამართლეთა დანიშვნა პოლიტიკური და მართლმსაჯულების ელიტის დაახლოების პირველი ეტაპია.
  3. ამ რეჟიმის თავისებურებებს დამატებით განსაზღვრავს პოლიტიკური რყევები და სასამართლო შტოს მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხშირი (უმეტესად ერთპარტიული) ცვლილებები;
  4. როგორც ჰიბრიდულ პოლიტიკურ მმართველობას ახასიათებს გადაწყვეტილებების მიღების მკაცრი ელიტური ვერტიკალი, ასეთივე ბუნება შეიძლება შეიძინოს მართლმსაჯულებამაც. ინსტიტუციური დამოუკიდებლობა აქ უფრო მეტად კორპორატიული ავტონომიის ფორმით გვხვდება. ეს გულისხმობს, რომ სასამართლო აყალიბებს კორპორატიული მართვის მოდელს, რომელიც მომგებიანია როგორც მართლმსაჯულების, ასევე პოლიტიკური ელიტისათვის. ასეთ რეჟიმებში, მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის მთავარ საფრთხეს მენეჯერიალური პოზიციების ან სხვაგვარი გავლენის მქონე მოსამართლეები წარმოადგენენ, რომლებსაც ლოიალური ურთიერთობა აქვთ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან;
  5. მოსამართლეთა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკურ ან სხვა ელიტებს არ ეხება, როგორც წესი, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ან ზეგავლენას არ იწვევს. სხვა შემთხვევებში მოსამართლეთა ქცევა უფრო მეტად დამოკიდებულია მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური ელიტის ურთიერთობის ფორმაზე, მიმდინარე ინტერესებსა თუ ამბიციებზე.

იმისთვის, რომ ვისაუბროთ მართლმსაჯულების შემდგომ რეფორმაზე, უნდა გვესმოდეს, როგორია დღევანდელი მართლმსაჯულების ბუნება, რა აქვს მას განსხვავებული და როგორი პოლიტიკური ან ისტორიული კონტექსტით არის განპირობებული

მართლმსაჯულების ბუნებაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია სასამართლოს ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. თუმცა, როგორც ვთქვით, ჰიბრიდულ რეჟიმებში ორივე მათგანი სპეციფიკურ ბუნებას იძენს და რთულად მოსახელთებელი ხდება

ჰიბრიდული რეჟიმების თავისებურება სწორედ ისაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები უფრო რთულ და კომპლექსურ გავლენათა ჭიდილში მიიღება, რაც მას მეტად არასტაბილურს და ძნელად გამოსავლენს ხდის. 

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი