ვეტინგი საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელიც ტრანზიციის პროცესში მყოფმა რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა მართლმსაჯულების სისტემაში. ამ სტატიაში კოსოვოს ვეტინგის გამოცდილებაზე ვისაუბრებთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? მოსამართლეების ვეტინგის შესახებ საქართველოშიც მსჯელობენ. კოსოვოს გამოცდილების შესწავლა, რომელმაც ფართომასშტაბიანი ვეტინგი განახორციელა, ჩვენთვისაც საინტერესოა.
ჩვენი კომენტარი: ვეტინგის პირველი ეტაპი კოსოვოში არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან კოსოვოს მართლმსაჯულების რეფორმა მაშინაც და დღესაც კომპლექსურ, გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვდა. მხოლოდ ვეტინგი კი ამ მიზანს ვერ უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ვეტინგი:
- ვეტინგი საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმია;
- ამ მეთოდით პირის თანამდებობასთან თავსებადობა ფასდება, რასაც დანიშვნაზე უარი ან გათავისუფლება შეიძლება მოჰყვეს;
- ვეტინგის გზით მოსამართლეთა/პროკურორთა შემადგენლობის განახლებას, ძირითადად, ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყნები მიმართავენ მართლმსაჯულების სფეროში სისტემურ უნდობლობასა და უსამართლობასთან საპასუხოდ;
- თუმცა დღეს მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ეს პროცესი მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის საკმარისი არ არის.
რა უნდა ვიცოდეთ დღეს კოსოვოში მართლმსაჯულების შესახებ?
სუსტი ინსტიტუტები, სასამართლოს დაუცველობა შიდა და გარე გავლენებისგან, კორუფცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა ის პრობლემებია, რომლებსაც ევროკომისია მუდმივად გამოყოფს კოსოვოს შესახებ ანგარიშებში.
ეს იწვევს საზოგადოების უნდობლობას სასამართლოს მიმართ, ადამიანის უფლებების დარღვევას და კოსოვოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეფერხებას. კოსოვოს უკვე აქვს ვეტინგის გამოცდილება, რომელიც 2010-2011 წლებში მოსამართლეებისა და პროკურორების სრულ განახლებას გულისხმობდა.
ვეტინგის პირველი ეტაპი კოსოვოში
2008 წელს, კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის თვითგამოცხადების შემდეგ, მართლმსაჯულების მრავალწლიანი რეფორმა დაიწყო, რომელიც ვეტინგსაც მოიცავდა.
კერძოდ:
- 2010 წელს დაიწყო ყველა კანდიდატი და მოქმედი მოსამართლის/პროკურორის შემოწმება;
- ვეტინგი სამ ფაზად განხორციელდა: სასამართლოს/პროკურატურის უმაღლესი ინსტანციიდან პირველი ინსტანციის ჩათვლით;
- სასამართლოსა და პროკურატურაში გამოცხადებული ვაკანტური ადგილებიდან ვეტინგის შედეგად მხოლოდ 72.45 % შეივსო;
- მათგან დაახლოებით 40% განმეორებით დანიშნული მოსამართლე/პროკურორები იყვნენ, 60% კი -ახლად არჩეულები.
ვაკანტური ადგილების შეუვსებლობამ გაამწვავა სასამართლოს/პროკურატურის გადატვირთულობის პრობლემა კოსოვოში. ამავე დროს, ეს იყო სისტემის გაჯანსაღებისთვის გამოყენებული ერთადერთი და ერთჯერადი მექანიზმი, რომელიც, ვენეციის კომისიის აზრით, უშედეგო აღმოჩნდა.
როგორ განვითარდა უახლესი პროცესები კოსოვოში?
- 2021 წელს, ახალი პრემიერის ალბინ ქურთის ინიციატივით, ვეტინგის გზით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა კვლავ დაიწყო;
- 2022 წლის სექტემბერში ვეტინგის შესახებ წინადადებები დასამტკიცებლად კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოს, ასამბლეას გადაეცა. ცვლილებები ამ დრომდე დამტკიცებული არ არის.
კოსოვო არჩევანს საკონსტიტუციო ცვლილებებზე აკეთებს, რომლითაც:
- დგინდება გარდამავალი შეფასების სისტემა;
- ვეტინგი გაგრძელდება ხუთი წლის განმავლობაში და შეაფასებს კანდიდატების, ასევე მოქმედი მოსამართლეების/პროკურორების საქმიანობას, კეთილსინდისიერებასა და ქონებრივ მდგომარეობას;
- შეფასებას გარდამავალი შეფასების ორგანო განახორციელებს, რომლის წევრებსაც პარლამენტი შეარჩევს;
- დგინდება, ვეტინგის შედეგად, მოსამართლის/პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებიც.
როგორ აფასებენ ცვლილებებს საერთაშორისო ორგანიზაციები?
- ვენეციის კომისია, მართლმსაჯულების გამოწვევებზე საპასუხოდ, უმჯობესად მიიჩნევს საკანონმდებლო რეფორმებზე მუშაობას. კრიტიკულად აფასებს ყველა მოსამართლის/პროკურორის ვეტინგის იდეას. თუმცა დადებითად აფასებს იმას, რომ ვეტინგის ორგანოს პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევს;
- ევროკავშირმა გააკრიტიკა ინიციატივა ყველა მოსამართლის/პროკურორის ვეტინგის შესახებ. მიიჩნია, რომ ალბანეთის გამოცდილების მსგავსად, ეს გამოიწვევს მოსამართლეთა/პროკურორთა დიდი ნაწილის გათავისუფლებას და, შესაბამისად, ამ ორგანოების დისფუნქციას;
- ევროკომისა 2022 წლის ანგარიშში განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ვეტინგის განხორციელებამდე საჭიროა არსებული მექანიზმების გაძლიერება.
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს