საავტორო უფლებები პოლიტიკური საკითხია. ის საზოგადოების საერთო ინტერესს უკავშირდება. გავრცელებული შეხედულებით, საავტორო უფლებების მიზანია, დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ და ხელოვანის პირად ინტერესს შორის. ესაა ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს შორის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა. თუმცა, რამდენად დაცულია ეს ბალანსი? როგორია საავტორო უფლებების გლობალური პოლიტიკა?
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა
საავტორო უფლებების კანონმდებლობის დახვეწის საკითხი ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საავტორო უფლებები გავლენას ახდენს რესურსების განაწილებაზე და უკავშირდება საზოგადოების ფუნდამენტურ ინტერესს – ისარგებლოს შემოქმედებითი პროგრესით.
ჩვენი კომენტარი
თანამედროვე წარმოდგენები, საავტორო უფლებებს აღიქვამს არა საზოგადოებრივი სიკეთის, არამედ საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობის ინსტრუმენტად. ინფორმაცია გახდა ახალი ფორმის კაპიტალი, ხოლო საავტორო კანონმდებლობები – კორპორაციებისთვის სარგებლის მიღების წყარო
როგორია დღევანდელი გლობალური წარმოდგენები საკუთრების უფლებაზე?
როგორც წესი, საავტორო უფლებებზე მსჯელობა წარმოდგენილია როგორც დაპირისპირება ლეგალურ (‘დაშვებულ’) და არალეგალურ (‘აკრძალულ’) ქცევას შორის. ამ დისკუსიაში კი, ფაქტობრივად უგულებელყოფილია საავტორო უფლებების განვითარების ისტორია.
ისტორია კი ასეთია:
საჯარო სიკეთის შექმნა, ისევე როგორც მასზე ხელმისაწვდობა თანდათან უკანა პლანზე გადადის და ადგილს საბაზრო ინტერესებს უთმობს. საქმე გვაქვს საავტორო უფლებების განვრცობასთან, რაც გულისხმობს საავტორო უფლებების მფლობელებისთვის პრივილეგიების გაფართოებას, ეკონომიკური სარგებლის მისაღებად გარანტიების გაძლიერებასა და საზოგადოების ინტერესებისგან მის დაშორებას.
დასაწყისისთვის, უმჯობესი იქნება, ერთმანეთს შევადაროთ მატერიალური და ინტელექტუალური საკუთრების ნიშნები.
მატერიალური საკუთრების ბუნება
მატერიალური საკუთრების არსებითი ნიშანია მისი მიმაგრება ინდივიდთან. სხვა სიტყვებით, ის დროით და სივრცით არის დაკავშირებული მის მესაკუთრესთან.
უფრო კონკრეტულად, მისი ნიშნებია:
- ფიზიკური ცვეთა;
- დროითი განზომილება;
- კონკურენციულობა;
- ექსკლუზია;
- ინდივიდთა ვიწრო წრით შემოსაზღვრულობა.
ფიზიკური საკუთრების ეს ნიშები არსებითად განსხვავდება ,,ინტელექტუალური საკუთრებისგან.“ ამ უკანასკნელს სრულიად საპირისპირო კომპონენტები ახასიათებს.
,,ინტელექტუალური საკუთრების“ ბუნება
ინტელექტუალური საკუთრების არსებითი ნიშანი არ არის მისი მიმაგრება ინდივიდთან. მისთვის აუცილებელია გავრცელება, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის მიერ მისი გამოყენება.
ის:
- ფიზკურად ვერ დაზიანდება;
- არ იკეტება ფიზიკურ ან დროით საზღვრებში.
- არ არის კონკურენციული;
- არ ახასიათებს ექსკლუზიურობა.
არაკონკურენციულობა ნიშნავს, რომ ერთი ადამიანის მიერ საჯარო სიკეთის მოხმარება, არ ამცირებს მის გამოსაყენებლად არსებულ მარაგს. არაექსკლუზიურობა კი გულისხმობს, რომ შეუძლებელია მისი სარგებლობის პრივილეგია ექსკლუზიურად ერთ ადამიანს მიენიჭოს.
შესაბამისად, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ისევე როგორც მათი სოციალურ-პოლიტიკური დანიშნულება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ინტელექტუალურ საკუთრებაზე კერძო საკუთრების ანალოგიის გავრცელებით, ინტელექტუალური შრომა მისთვის უცხო სამართლებრივ რეალობაში ხელოვნურად ექცევა.
,,საკუთრების“ მეტაფორა და კლასიკური ეკონომიკური თეორია
საავტორო უფლებებზე ფართოდგავრცელებული წარმოდგენით, ის საკუთრების უფლების ისეთივე ნაწილია, როგორც, მაგალითად, უფლება ფიზიკურ საკუთრებაზე. ამდენად, შესაბამისი მასალის ნებისმიერი არალიცენზირებადი გამოყენება (მაგალითად, ფაილების არაკომერციული მიზნით მიმოცვლაც) პირატობად ან ქურდობად მიიჩნევა. ამგვარი მიდგომა საფუძველს მე-18 საუკუნიდან იღებს. მიიჩნეოდა, რომ ავტორი გაწეული შრომის გამო საკუთარ ნამუშევარზე საკუთრების უფლებით სარგებლობს. ითვლება, რომ კლასიკური ეკონომიკური თეორია, თავისი არსით, კეთილდღეობაზე ორიენტირებულია, ან სულ მცირე, იყენებს კეთილდღეობის არგუმენტს საავტორო უფლებების არსებობის გამართლებისთვის, რადგან შემოქმედებითი პროცესი (ინოვაცია), მოწყვლადია საბაზრო ლოგიკის მიმართ მისი არაექსკლუზიურობისა და არაკონკურენციულობის გამო.
ნეოკლასიკური ეკონომიკური წარმოდგენები
ნეოკლასიკურ ეკონომიკურ მიდგომას საავტორო უფლებების შინაარსზე განსაკუთრებული ზეგავლენა აქვს. ის გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ზემოთგანხილულ პერსპექტივას, რომელიც ძირითადად ავტორის სარგებელზე ფოკუსირდებოდა.
1980-იან წლებამდე, უმთავრესად გაბატონებული იყო ე.წ. სტიმულირების მიდგომა. ამ მიდგომის მიხედვით, კონკრეტული მექანიზმების შემოღების გარეშე, ავტორებს არ ექნებოდათ სათანადო სტიმული შექმნათ და გაევრცელებინათ საკუთარი ნამუშევრები. ეს ზრდიდა სოციალურ კეთილდღეობას საბაზრო ჩავარდნის პირობებში.
ეს ხედვა თანდათანობით შეიცვალა, საავტორო უფლებებზე ნეოკლასიკური ეკონომიკური წარმოდგენების გავრცელების შედეგად. ნეოკლასიკური პერსპექტივა საავტორო უფლებებს ხედავს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობის მექანიზმს. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამ მიზნის შესრულების საუკეთესო გზა საავტორო უფლებების მფლობელთათვის ინტელექტუალური შრომის ‘ბედზე’ აბსოლუტური კონტროლის მინიჭებაა. ისინი თვლიან, რომ შემოქმედებითი პროდუქტის განკარგვაზე, გავრცელებასა თუ გარდაქმნაზე სრული კერძო კონტროლი ყველაზე უკეთ ემსახურება საბაზრო მოგებისა და ინვესტირების ამოცანებს.
ნეოკლასიკური ეკონომიკური პერსპექტივა მთავარ აქცენტს საავტორო უფლებების საბაზრო პოტენციალზე სვამს. თანამედროვე გლობალური წარმოდგენები და პოლიტიკა, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები უმთავრესად ორიენტირებულია, არა ავტორთა, არამედ მსხვილი კორპორაციების კერძო, ბიზნეს ინტერესებზე. დღეს-დღეობით ინტელექტუალური საკუთრების კონცეფცია იმაზე ბევრად ფართოა, ვიდრე საბაზრო ჩავარდნების დასაზღვევადაა საჭირო. ის რეალურად ზღუდავს სოციალურ კეთილდღეობის მიღწევის ინტერესებს.