ბოლნისის რაიონული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „[პირს] დაეკისროს […] ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის – 20 ლარის უკან დაბრუნება თვეში 20%-ის დაფარვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“ 2018 წლის ეს საქმე ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის ბიუჯეტში უკან დაბრუნებას ეხება. სტატიაში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ 2018-2020 წლების სასამართლო პრაქტიკას მიმოვიხილავთ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისას პირს შეიძლება შეუწყდეს შემწეობის მიღება და დაეკისროს „ზედმეტად“ მიღებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. სასამართლოები ასეთ არაერთ საქმეს იხილავენ, მიღებული გადაწყვეტილებები კი ძირეულ პრობლემებზე მიუთითებს.
ჩვენი კომენტარი
სასამართლო სათანადოდ ვერ იცავს შემწეობის მიმღების ინტერესებს სტატუსის შეწყვეტის და ზედმეტად მიღებული თანხის დაბრუნების შემთხვევაში. ის, სამართლიანობის მიღწევის ნაცვლად, როგორც წესი, უბრალოდ ადასტურებს სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოდგენილ გარემოებებს და საფუძვლიანად არ იკვლევს მოპასუხის არგუმენტაციას. ამას, პრაქტიკის გარდა, საკანონმდებლო ბარიერებიც განაპირობებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
შემწეობის მიმღები ვალდებულია, შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის, სააგენტოს ერთ თვის ვადაში აცნობოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან დემოგრაფიული ცვლილებების შესახებ. ამ ვალდებულების დარღვევისათვის სააგენტოს შეუძლია ოჯახის მიმართ გამოიყენოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ღონისძიება:
- გადაამოწმოს ოჯახი;
- შეუწყვიტოს შემწეობის გაცემა;
- შეუწყვიტოს ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
- აუკრძალოს განმეორებითი რეგისტრაცია ერთი წლის განმავლობაში.
რაზე დავობს სააგენტო სასამართლოში?
სააგენტო, როგორც წესი, შემწეობის მიმღების მხრიდან „ზედმეტად მიღებული“ შემწეობის დაბრუნებას ითხოვს.
რას მიიჩნევს სააგენტო დარღვევად?
საქმეთა ანალიზიდან ჩანს, რომ ყველაზე ხშირად სააგენტო დავას იწყებს შემდეგ შემთხვევებში:
- რკინეულით ვაჭრობის შედეგად ეკონომიკური მდგომაროების გაუმჯობესება;
- მრავალსულიან ოჯახში ერთი პირის დასაქმება;
- გარკვეული სახის, ერთჯერადი შემოსავლის დაფიქსირება;
- ოჯახის ერთ-ერთი წევრისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსის მინიჭება.
როგორია სასამართლო განხილვის ტენდენციები?
კომენტარმა 2018-2020 წლებში მიღებული 20 საჯაროდ ხელმისწავდომი საქმე შეისწავლა. სასამართლო პრაქტიკიდან ირკვევა, რომ:
- სასამართლოები, როგორც წესი, სრულად იზიარებენ სააგენტოს მოთხოვნას. შესწავლილი 20 საქმიდან სასამართლომ ყველა შემთხვევაში დაავალა შემწეობის მიმღებ პირს „ზედმეტად მიღებული“ თანხის დაბრუნება;
- „ზედმეტად მიღებული“ შემწეობა შესწავლილ საქმეებში მერყეობს 20-დან 420 ლარამდე;
- შესწავლილ საქმეთა უმრავლესობაში სასამართლო განხილვაში ან არ მონაწილეობდა შემწეობის მიმღები, ან მონაწილეობდა ადვოკატის გარეშე;
- შემწეობის მიმღები ხშირად ეთანხმება დავის შინაარსს და ითხოვს, გადახდის გადანაწილებას რამდენიმე თვეზე. გვხვდება შემთხვევები, როდესაც სასამართლო მსჯელობს ამ საკითხზე და აკმაყოფილებს მას.
რა შეუძლია და როგორ მოქმედებს სასამართლო?
სასამართლოები, როგორც წესი, მხოლოდ თანხის დაბრუნების შესახებ სააგენტოს მოთხოვნის კანონიერებას სწავლობენ. ისინი არ მსჯელობენ რეალურად გაუმჯობესდა თუ არა შემწეობაზე დამოკიდებული ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა. სასამართლოები თითქმის არ იყენებენ დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის უფლებამოსილებას და სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას.
თუკი მოსამართლეები თვლიან, რომ კანონმდებლობა, რომლითაც მათ უწევთ ხელმძღვანელობა, არაკონსტიტუციურია, შეუძლიათ წარდგინებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოსთან კომუნიკაციით დგინდება, რომ სასამართლოებს საარსებო შემწეობის საკითხებზე კონსტიტუციური წარდგინების უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს