პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
შრომის ინსპექცია: ზოგადი მახასიათებლები და საერთაშორისო სტანდარტები
სექტემბერი 29, 2022

შრომის ინსპექციის ეფექტური ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იმიტომ, რომ საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეალური შედეგების მომტანი იყოს, აუცილებელია, კარგად ვიცნობდეთ ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.

ჩვენი კომენტარი

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებების ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია ინსპექტორთა სათანადო რაოდენობა, კვალიფიკაცია, საკანონმდებლო დონეზე გაწერილი შესაბამისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც მათ მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად განახორციელონ ინსპექტირება, მათ შორის, არასტანდარტულ სამუშაო ადგილებზე.

კონტექსტი

საქართველოში შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციისა და უფლებამოსილებების გარშემო მრავალწლიანი დისკუსია მიმდინარეობდა. იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ეფექტური შრომის ინსპექციის სამსახური, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებების სათანადოდ გაცნობა.

რა უნდა ვიცოდეთ?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „შრომის ინსპექციის კონვენციის“ მიხედვით, რომელიც 148 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული (მათ შორის არ არის საქართველო).

შრომის ინსპექტირების ორგანოს ფუნქციებია: 

  • მშრომელთა უფლებებისა და სათანადო სამუშაო პირობების დაცვა სამუშაო ადგილზე; 
  • დამსაქმებლებისთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საუკეთესო საშუალებების შესახებ რჩევებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; 
  • სათანადო ორგანოების ინფორმირება კანონმდებლობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მისი ბოროტად გამოყენების პრაქტიკის შესახებ. 

უფრო დეტალურად:

  • შრომის ინსპექცია სამუშაო ადგილზე უნდა შევიდეს თავისუფლად, გაფრთხილების გარეშე, დღისით თუ ღამით;  
  • დღისით თავისუფლად უნდა შეეძლოს იმ ტერიტორიების შემოწმება, სადაც დარღვევების შესახებ გონივრული ეჭვი არსებობს;
  • ჩაატაროს ნებისმიერი სახის ექსპერტიზა, ტესტი ან გამოძიება, რომელსაც ის საჭიროდ ჩათვლის.

ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ინსპექციის ორგანოები ძირითადად ორი სახისაა:

  • საერთო
  • სპეციალიზებული

საერთო მანდატის მქონე ინსპექციის სამსახურები სამუშაო ადგილზე შესვლისას ერთობლივად ამოწმებენ შემდეგ მიმართულებებს

  • უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა (ზოგჯერ სამუშაო საათების რაოდენობა); 
  • ზოგადი სამუშაო პირობები (ზოგჯერ ხელფასის ოდენობა); 
  • დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები (მაგალითად, არალეგალური დასაქმება, პროფესიული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა);
  • სოციალური უსაფრთხოების საკითხები.

სპეციალიზებული ინსპექციები კი, მანდატის შესაბამისად, კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაზე. 

გარდა ამისა, ევროკავშირის დონეზე არსებობს შრომის უფროს ინსპექტორთა კომიტეტი, რომელიც ევროკომისიას ექვემდებარება.

კომიტეტი კომისიას აწვდის ინფორმაციას და მოსაზრებებს იმის შესახებ, როგორ სრულდება წევრ ქვეყნებში  სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციები. 

ამასთან ერთად, 2019 წლიდან ევროკავშირში მოქმედებს ევროპული შრომის ორგანო (European Labour Authority), რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე მშრომელების უფლებების დაცვასა და მობილობის გამარტივებას, კოორდინაციას უწევს ერთობლივ ინსპექტირებას და ზედამხედველობს ევროკავშირის დონეზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების შესახებ არსებული რეგულაციების ეფექტურ დაცვას. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ზურაბ ქარჩავა
ზურაბ ქარჩავა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი