პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სოფლის ექიმის პროგრამა და ცენტრალიზებული ჯანდაცვის გამოწვევები
თებერვალი 27, 2024

ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორში ხარჯების ზრდისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება. სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვაში მნიშვნელოვანი რგოლი პირველადი ჯანდაცვაა, რომლის მასშტაბიც საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე, მათ შორის, სოფლის ექიმის მომსახურებაზე წვდომა მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება. ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა სოფლადაა დასახლებული, სოფლის მოსახლეობა ქვემო ქართლშიც აღემატება ქალაქისას. ასეთი გადანაწილება სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

ჩვენი კომენტარი

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სოფლის ექიმის პროგრამის გამართულ ფუნქციონირებას აფერხებს ძვირი და გართულებული გადაადგილება სოფლებსა და ქალაქებს შორის, სამედიცინო პუნქტების არარეგულირებული სამუშაო გრაფიკი, არასაკმარისი ანაზღაურება და ექიმების შეთავსებითი სამუშაოები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მედიკამენტებისა და აღჭურვილობის სიმცირე.

როგორია ჯანდაცვის სისტემის ადმინისტრირება?

პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ცენტრალიზებულია. ეს არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, რადგან ითვლება, რომ ადმინისტრირების ეს ფორმა არაეფექტიანია.

უფრო კონკრეტულად, ცენტრალურ დონეზე პოლიტიკას განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო). ადგილობრივ დონეზე კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ მუნიციპალიტეტებიც, თუმცა, ძირითად ეს პროფილაქტიკურ აცრებს, ვაქცინაციას, დაავადებათა გავრცელების პრევენციას უკავშირდება. სამინისტროსთან კოორდინაციით მათ სხვა ღონისძიებების გატარებაც შეუძლიათ.

სოფლის ექიმის პროგრამა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ცენტრალური რგოლია, სრულად ცენტრალიზებულია. მის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა სამინისტროს დაარსებულ ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ეკისრება.

რა ვიცით თვითმმართველობების როლზე?

მუნიციპალიტეტების როლი შეზღუდულია, ისევე როგორც მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საჭიროებების შესახებ. ,,კომენტარმა“ სცადა სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში ექიმების, ექთნების, ამბულატორიების რაოდენობისა და მათი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მიღება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან. თუმცა ხუთი მუნიციპალიტეტიდან ოთხმა (მარნეული, გარდაბანი, ნინოწმინდა, ახალქალაქი) სამინისტროსა და ჰოლდინგთან გადაგვამისამართა. მათ კი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. ჩვენს შეკითხვებს მხოლოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა უპასუხა. მერიის განმარტებით, მუნიციპალიტეტის 89 სოფელში 21 ამბულატორია ფუნქციონირებს, რომლებსაც ჯამში 23 ექიმი და 19 ექთანი ემსახურება. ასეთი პროპორცია, სავარაუდოდ, ვერ აკმაყოფილებს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კრიტერიუმს, რომლის თანახმადაც, სერვისის მიღება 15 წუთიანი ხელმისაწვდომობის ზონაში უნდა იყოს შესაძლებელი. პრობლემურია ექიმისა და ექთნების თანაფარდობაც, რომელიც საუკეთესო პრაქტიკით 1 ექიმზე 3 ექთნის შეფარდებას გულისხმობს. ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებულ  თანაფარდობაზე საუბრობს პარლამენტში შემუშავებული ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექთნების სიმცირეა როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებში. ამავე დოკუმენტში ზოგად გამოწვევადაა დასახელებული სამედიცინო პერსონალის არათანაბარი გეოგრაფიული განაწილებაც.

რას შეცვლიდა დეცენტრალიზაცია?

ჩვენთან ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ეკონომისტი, თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ პირველადი ჯანდაცვის პროგრამის მართვასა და მონიტორინგში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის გაძლიერება მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განაპირობებს, რადგან დეცენტრალიზაცია:

  • ქვეყნის მასშტაბით ყველა სოფელში ექიმების/ექთნების მართვისას ამცირებს ცენტრის ადმინისტრაციულ ტვირთს;
  • ამცირებს სოფლის ექიმის ხარჯებს და ინარჩუნებს მათ სოფლად, რადგან ტრანსპორტირების, სამედიცინო პუნქტის ინფრასტრუქტურული გამართვის თუ სხვა საჭიროებებისთვის გამოყოფილი არასაკმარისი რესურსები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იფარება;
  • იზრდება კავშირი მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამატებით?

საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მზარდი მოთხოვნისა და დაფინანსების პარალელურად, ჯერ კიდევ დაბალია პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული ხარჯები, რაც მას სისტემის ყველაზე უფრო სუსტ რგოლად აქცევს. არასაკმარისია სოფლის ექიმების როგორც რაოდენობა და გეოგრაფიული გადანაწილება, ისე მათი შრომის ანაზღაურებაც, რაც მათ შეთავსებით სამუშაოებში ჩართვას აიძულებს და შესაბამისად, ამცირებს სამედიცინო პუნქტების სამუშაო დროს სოფლებში. მნიშვნელოვანია, სოფლად და რეგიონებში საზოგადოების საჭიროებების სათანადო შესწავლა და სამედიცინო პერსონალის და სერვისების ტერიტორიული და დემოგრაფიული გადანაწილების გაუმჯობესება. პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას ასევე აფერხებს ინფრასტრუქტურულად გაუმართავი ამბულატორიები/სამედიცინო პუნქტები და გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა რეგიონებში. ძვირი, იშვიათი ან არარეგულარული მარშრუტების გამო, სამედიცინო სერვისის მისაღებად ან მედიკამენტის შესაძენად სოფლიდან სხვა სოფელში, ან ქალაქში გადაადგილება სოფლის მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულად რთულია.  ეს მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის ზრდა და არსებული ბარიერების აღმოფხვრა სისტემურ და მრავალმხრივ ცვლილებებს უკავშირდება, რაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებშორის პასუხისმგებლობების და რესურსების სათანადო გადანაწილებას მოითხოვს. თუმცა, ამ გარდაქმნებში საკვანძოა სახელმწიფოს დანიშნულების სათანადო გააზრება ჯანდაცვის, როგორც საჯარო სიკეთის უზრუნველყოფაში. ეს საკითხი სცდება პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებს და ზოგადად საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ჭარბ კომერციალიზაციას და მომგებიანი კლინიკების უპრეცედენტო მოცულობას უკავშირდება.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

 

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი